საზოგადოება

ზურაბ ჩხაიძემ სააკაშვილის უჭმელობაზე კომენტარი შეცვალა

7 დეკემბერი, 2022 • 1139
ზურაბ ჩხაიძემ სააკაშვილის უჭმელობაზე კომენტარი შეცვალა

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უჭმელობა “დიდი ალბათობით” მისი ძირითადი დაავადებიდან გამომდინარეობს და შეგნებული მოქმედება არ არის.

ზურაბ ჩხაიძემ გუშინ, 6 დეკემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ „სასურველ საკვებს” იღებს, ისიც მხოლოდ „სასურველ დღეებში”.

„ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო, ალბათ, არ [ჭამს]…“ — თქვა მან გუშინ და პაციენტის სურვილის ნაკლებობით ახსნა ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება.

დღეს, 7 დეკემბერს, „ვივამედისვე“ ექიმმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მკურნალობს, თამარ დავარაშვილმა უარყო, რომ ექსპრეზიდენტი არ იკვებება.

„მე ეს არსად მიწერია. იღებს დაწურულ საკვებს, მცირე ულუფებით და ირგებს… ბატონმა ზურამ რატომ თქვა, მასთან მიდით და ჰკითხეთ“, — განაცხადა დავარაშვილმა.

ზურაბ ჩხაიძის ინტერპრეტაციით, მისი ნათქვამი თამარ დავარაშვილმა, ფაქტობრივად, დაადასტურა.

„მკურნალმა ექიმმა, ფაქტობრივად, დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ გუშინ. გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ არასრულფასოვნად იკვებება ადამიანი. საუბარი არ არის შიმშილობაზე. შიმშილობა, რა თქმა უნდა, არ არის გამოცხადებული, თორემ ეს პროცედურები სხვანაირად ფორმდება ისტორიაში. ისტორიაში დაფიქსირებულია, რომ არასრულფასოვნად იკვებება და ისიც მცირე ულუფებით და ხშირ შემთხვევაში არ იკვებება“, — განუცხადა ჩხაიძემ ჟურნალისტებს.

არასრულფასოვან კვებაში, ჩხაიძის განმარტებით, იგულისხმება ის, რომ პაციენტი არ იღებს ნუტრიციოლოგის მიერ რეკომენდებულ ულუფებს და იღებს მისთვის სასურველ საკვებს.

„ვერ იკვებება ადამიანი თუ არ იკვებება, ეს „არ – იც“  შეიძლება დაკავშირებული იყოს მის ძირითად დაავადებასთან. ამაზეა საუბარი, რომ ძირითადი დაავადება არის გამომწვევი იმისა, რომ არ ხდება სრულფასოვნად საკვების მიღება“, — განაცხადა ჩხაიძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ვერ იკვებება თუ არ იკვებება სააკაშვილი, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა უპასუხა:

„შეიძლება ხშირ შემთხვევაში ვერ და არ — ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ამას შეგნებულად აკეთებს, ეს შეიძლება და დიდი ალბათობით, უკავშირდება მის ძირითად დაავადებას“.

ნაზოგასტრალური ზონდით კვებას რაც შეეხება, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ეს მხოლოდ პაციენტის ნებართვის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, როცა ის ვერ იღებს საკვებს, მიხეილ სააკაშვილის ლაბორატორიული შედეგების მიხედვით კი ასეთი საჭიროება არ დგას.

საკითხს სააკაშვილის კვებასთან დაკავშირებით გუშინ ასევე გამოეხმაურა ნევროლოგი თენგიზ წულაძე, რომელიც ომბუდსმენის კონსილიუმის წევრია. ექიმის თქმით, როდესაც პირი განზრახ არ ჭამს საჭმელს, ამას ჰქვია შიმშილობა და სუიციდალური ქცევა, ხოლო როდესაც სურს, მაგრამ ვერ ჭამს – ეს არის ანორექსია. წულაძის თქმით, მისი გასინჯვით სააკაშვილს ანორექსია აქვს და არ დარჩა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი ძალით არ იღებს საკვებს.

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის კომენტარი 6 დეკემბერს წინ უძღოდა იუსტიციის მინისტრის განცხადებას. რატი ბრეგაძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი, „ფაქტობრივად, მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში და ის არ ემორჩილება მკურნალობის კურსს”.

სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება – იუსტიციის მინისტრი

 

იღებს მხოლოდ სასურველ საკვებს, ისიც მხოლოდ სასურველ დღეებში – “ვივამედის” დირექტორი სააკაშვილზე

 

სააკაშვილის მკურნალი ექიმი უარყოფს, რომ ექსპრეზიდენტი არ ჭამს

მასალების გადაბეჭდვის წესი