საზოგადოება

იღებს მხოლოდ სასურველ საკვებს, ისიც მხოლოდ სასურველ დღეებში – “ვივამედის” დირექტორი სააკაშვილზე

6 დეკემბერი, 2022 • 1022
იღებს მხოლოდ სასურველ საკვებს, ისიც მხოლოდ სასურველ დღეებში – “ვივამედის” დირექტორი სააკაშვილზე

კლინიკა “ვივამედის” კლინიკური დირქტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ “სასურველ საკვებს” იღებს, ისიც მხოლოდ “სასურველ დღეებში”, რის შედეგადაც შესაძლოა დასჭირდეს ზონდით კვება. ამის შესახებ მან დღეს, 6 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

“იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს, ისიც მხოლოდ მისთვის სასურველ დროს, სასურველ დღეებში. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ [ჭამს]… კლინიკა აკეთებს ყველაფერს, რაც გასაკეთებელია, მაგრამ ასევე ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც. პაციენტს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა. თქვენ რომ ავად ხართ, ხომ ცდილობთ, რომ გააუმჯობესოთ მდგომარეობა, ასე უნდა იყოს ყველა პაციენტი”, – ამბობს ზურაბ ჩხეიძე.

ჟურნალისტების კითხვაზე, წარსულში აცხადებდა, რომ პაციენტი სამკურნალო პროცესსში ექიმების მითითებებს მიჰყვებოდა და ახლა რა შეიცვალა, ჩხეიძემ უპასუხა, რომ “სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად ხდება”.

“თუ ეს გაგრძელდა, შეიძლება ზონდით კვებაზე [გადავიყვანოთ], მაგრამ ამ შემთხვევაში მისი ლაბორატორიული მონაცემები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოყენებული იქნას ხელოვნური, ზონდით კვება… მისი პარამეტრები არ შეესაბამება სარეანიმაციო პარამეტრებს”, – განმარტა მან.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე, ზონდით კვების აუცილებლობა არ დგას, თუმცა, თუ პაციენტმა “შერჩევითი კვება” გააგრძელა, კლინიკა “იძულებული იქნება” ეს ნაბიჯი გადადგას.


ცენტრმა „ემპათიამ“  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

ოჯახი და ადვოკატები ცენტრ “ემპათიის” მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლებას ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ ხელისუფლების „რომელიმე შტო“ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ფონზე სასამართლოში განიხილება მისთვის სასჯელის გადავადების საკითხიც, რომელიც საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი არევაძეს დაეწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი