საზოგადოება

ჩეხეთის ელჩი განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

2 დეკემბერი, 2022 • 1795
ჩეხეთის ელჩი განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული მისი განცხადება, რომელშიც ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის.

„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით და ელჩისაგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება იმისა, თუ რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას.

ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ, სამწუხაროდ, მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება.
მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში შეკითხვები არ არსებობს“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა აცხადებს, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“ და “საკმაოდ დარწმუნებულია”, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.ამის შესახებ მან 30 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი რუსეთისა“ და ლიეტუვის საელჩოს ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას კითხვაზე პასუხად განაცხადა. უგულავამ იკითხა, იმის ფონზე, რომ საქართველოს მთავრობამ უღალატა პარტნიორებს [სანქციებთან შეერთებაზე უარისა თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით], უნდა ელოდოს თუ არა საქართველოს მოსახლეობა რაიმე ტიპის უარყოფით შედეგებს.

ჩეხეთიდან საქართველოში იმპორტი თითქმის გაორმაგდა, დარწმუნებულნი ვართ, ნაწილი რუსეთში მიდის – ჩეხეთის ელჩი

მასალების გადაბეჭდვის წესი