„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და პარლამენტის დეპუტატი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გაგზავნის.
დღეს გამართულ ბრიფინგზე მდინარაძემ თქვა, რომ მართალია, ამ ეტაპისთვის „ოცნებას“ კანონპროექტის გაგზავნა აუცილებლად არ მიაჩნია, ამას მაინც გააკეთებს „რადგან პატივს ვცემთ მეგობრებს“ და რადგან არ დარჩეს სპეკულაციებისთვის სივრცე.
„ჩვენ ვამბობდით, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ვამბობდით, რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე, რეალურად რა ხდება. ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაციები ამ კანონზე, უფრო სწორად, მის უკრაინულ ანალოგზე დასკვნის გაწვევის ან შესაბამისი შენიშვნით უკან დაბრუნების შესახებ – არის სიცრუე. და ვენეციის კომისია მომავალ წელს მიაწვდის დასკვნას უკრაინის პარლამენტს.
გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის კომისარმა ბატონმა ვარჰეიმ მოგვიწოდა კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნისაკენ, იგივე თხოვნა როგორც მასმედიის საშუალებებით, ისევე პირადი კომუნიკაციის დროს გაახმოვანა ევროკავშირის ახალმა ელჩმაც საქართველოში.
იმ პირობებში, როდესაც უკრაინულმა იგივე კანონმა მოწონება და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ევროკომისიის პრეზიდენტისგან სწორედ მაშინ, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ ევროპული პერსპექტივა მიიღეს ევროკავშირისგან, ამავდროულად, უკრაინის პარლამენტი ელოდება კომისიის დასკვნას, ნამდვილად არ მიგვაჩნია აუცილებლად და საჭიროდ, რომ გადაგზავნილი იქნეს. თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მეგობრების მოწოდებას, იმის გამო, რომ როგორც ვთქვი, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, იმის გამო, რომ არ დარჩეს სპეკულაციებისთვის სივრცე, რამე არ დაჰბრალდეს ამ ქვეყანასა და „ქართულ ოცნებას“, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გადავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში სამართლებრივი დასკვნისთვის. შესაბამისად, კანონის მესამე მოსმენით განხილვაზე ვიტყვით უარს და დაველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით „ქართული ოცნება“ თხოვნით მიმართავს კომისიას, რომ კანონპროექტი დროულად განიხილონ და პროცესი დაჩქარდეს და არ გაგრძელდეს იმდენ ხანს, რამდენიც უკრაინაში – წელიწადზე მეტს.
საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც “უკრაინულ მოდელს” ეფუძნება.
„დეოლიგარქიზაცია“ ევროკომისიის 12-პუნქტიანი პირობიდან ერთ-ერთია და კანონის მიღებამდე ევროკავშირის წარმომადგენლებმა მმართველ პარტიას მისი ვენეციის კომისიაში გაგზავნის რეკომენდაციით მიმართეს. მდინარაძის ამ ბრიფინგამდე „ოცნება“ აცხადებდა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ვენეციის კომისიას არ გაუგზავნიდა.
ვრცლად ამის შესახებ წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან:
რატომ არ აგზავნის „ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ვენეციის კომისიაში