საზოგადოება

სადავო მილსადენი

15 მაისი, 2010 • • 1747
სადავო  მილსადენი

უკვე 15 წელია, რაც კონიაკის დასახლებაში მცხოვრებ 16 ოჯახს, ადგილის ტენიანობის მომატების გამო, პრობლემები აქვთ. მათი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისი-ჟინვალის მილსადენი გაედინება.

ნანული  გრიგალაშვილმა, თავის სახლს მესამე სართული მოანგრია. მისი თქმით,  1995 წლიდან სახლის საძირკველს წყალი უდგება და დანესტიანებულმა კედლებმა დაწოლას ვეღარ გაუძლეს. მისი ოჯახი იძულებული გახდა, სამსართულიანი სახლი ორსართულიანად ექცია.

”დანესტიანებულია პირველი სართული. ქვემოდან სამზარეულო ამოვიტანე და ერთ ოთხში, ერთ სართულზე, ვარ შემოკეტილი. მთელი სახლი ”დრენაჟებზე”  დგას, რომ როგორმე წყალი არ დაგუბდეს და მათი საშუალებით წყალი გარეთ გავიდეს” ,-ამბობს ნანული გრიგალაშვილი.

კონიაკის  სააგარაკო დასახლება 1980-იანი წლებიდან ჩნდება. 1981 წელს დასახლება  ჟინვალი-თბილისის წყალსადენის მილმა გადაკვეთა. 

1400 მილიმეტრიანი  მილსადენი თბილისს სასმელი  წყლით ამარაგებს და კომპანია ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” კუთვნილებაა.

დასახლების ტერიტორიაზე არის ურდულები, რომლებსაც სისტემის დასაცლელად იყენებენ. 

ქალბატონმა  ნანულიმ საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთით, 1995 წელს შეიძინა. მისი თქმით, სახლს წყალი 1996 წლიდან აქვს შეყენებული.

გრიგალაშვილები  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მუდმივად ამუშავებდნენ. მათ ნეტგაზეთთან საუბრისას გაქნაცხადეს, რომ შეწუხებულები არიან, რადგან ზედმეტმა ნესტიანობამ ხეხილის მსხმოიარობა და მოსავალი შეამცირა.

”ბოსტანს ვეღარ ვამუშავებთ. სადაც დაარტყამ ბარს, ყველგან წყალი ამოდის. რითი ვიცხოვრო არ ვიცი,”- ამბობს ნანული გრიგალაშვილი.

დასახლების  მცხოვრებლები ნესტიანობის მომატებას სწორედ მილსადენს აბრალებენ.

ზურაბ მაჭარაშვილი, ავჭალის სააგარაკო დასახლების მკვიდრი ამბობს, რომ  მარანი და საწნახელი ჰქონდა. მაგრამ მილსადენის გაყვანის შემდეგ მარანი დაუნესტიანდა და ”ვენახი მოსავლიანობის შემცირების  გამო გაჩეხა.”

”პერიოდულად წყალი იცლება (თბილისი-ჟინვალის წყალსადენის  ურდულებიდან), მაგრამ ის იმდენს ვერაფერს დაგიშავებს. მუდმივად მომდინარე წყალი ნელ-ნელა იშლება გრუნტებში და ისაა საშიში. თორემ უცბად რომ ჩამოივლის, ჩამოივლის და წავა.”-ამბობს ზურაბ მაჭარაშვილი.

ნანული გრიგალაშვილი პრობლემის  მოგვარებას 1996 წლიდან ცდილობს. სხვადასხვა ინსტანციებში, ჯერ ”თბილწყალკანალისგან”, შემდეგ კი ”ჯორჯიან უოთერ ენდ  ფაუერისგან” ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. 

ამ დროის  განმავლობაში მას არაერთი  დოკუმენტი მოუგროვდა, ზოგი მცხეთის რაიონის საკრებულოში შეტანილი, ზოგიც,  იმავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის სახელზე გაგზავნილი.

მცხეთის რაიონის საგანგებო სიტუაციების  სამსახურისადმი მიწერილ  წერილს სამსახური ასე  გამოეხმაურა: 

”თბილისი-ჟინვალის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო, ,წყლის დიდი რაოდენობა ჩაედინება მოსახლეობის საცხოვრებელი ბინების გასწვრივ, რაც ახდენს შენობა –ნაგებობების დაზიანებას. გამომდინარე აქედან, იგი ლაბორატორიულად დამატებით არის შესასწავლი.”

მცხოვრებლები ამბობენ, რომ ლაბორატორიულად  ეს ტერიტორია არ შესწავლილა.

2007 წლიდან  კონიაკის ქარხნის სააგარაკო დასახლება თბილისის დაქვემდებარებაში გადმოვიდა. 

2007 წლის 4 აპრილს ქალბატონმა ნანულიმ  გარემოს დაცვის ინსპექციას მიმართა. ინსპექციის სწრაფი რეაგირების სამსახურმა შეისწავლა მდგომარეობა და იმავე წლის 27 აპრილის წერილით დაადასტურა, რომ:

”ჟინვალი-თბილისის კოლექტორიდან გამოედინება წყალი და, აგრეთვე, ადგილი აქვს საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაგროვებას, არ ხდება მათი გატანა და ყოველივე აღნიშნული იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.”

შპს. ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” 2007 წლის 26 მარტსა და 2010 წლის 16 აპრილს ავჭალის მცხოვრებლებს მისწერა წერილი. წყლის კომპანიას ორივე წერილში არ გაუთვალისწინებია, არც გარემოს დაცვის ინსპექციისა და არც მცხეთის რაიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წერილი.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დასახლების დაჭაობებას ტერიტორიის რელიეფს აბრალებს:

”თქვენი დასახლება მდებარეობს ე.წ. ”გუნდაძის ხევში”… რელიეფიდან გამომდინარე, ატმოსფერული ნალექების შედეგად ყველა წყალი თავს იყრის ხევში. არ არსებობს წყალსარინების და არც სანიაღვრო სისტემები. ამიტომ იმის თქმა, რომ დასახლება წყალსადენის დაზიანების გამო ჭაობად იქცა, სიმართლეს არ შეესაბამება,”- ნათქვამია კომპანიის წერილში.

”ჯორჯიან  უოთერ ენდ ფაუერის” განცხადებით, ”ამჟამად წყალსადენი კომპანიას კონტროლზე ჰყავს აყვანილი, მას დროულად უტარდება საჭირო პროფილაქტიკური სამუშაოები, ხოლო წყალსადენის დაზიანების შემთხვევაში, ოპერატიულად ხდება მისი აღდგენა.”

კონიაკის  ქარხნის სააგარაკო დასახლების მცხოვრებლების თქმით, ამჟამად ადგილობრივი წყალგაყვანილობა არ არის დაზიანებული, თუმცა მუდმივად ფუჭდება:

”ხშირად ფუჭდება წყლის მილები. მოვლენ ხან ტყემლის და ხან ტირიფის პალოებს ჩაარჭობენ და წავლენ.”

გელა გრიგალაშვილმა, ზურაბ და მაყვალა მაჭარაშვილებმა ადვოკატი დაიქირავეს და ზარალი დამოუკიდებელ აუდიტს შეაფასებინეს. 

სამივე  მცხოვრების ზარალმა 84 750 ლარი შეადგინა. ისინი კვლავაც მოითხოვენ ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან” მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და სასამართლოში ჩივილსაც აპირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი