საზოგადოება

ღირს თუ არა მოპედით სიარული? – მძღოლების გამოცდილება

7 ნოემბერი, 2022 • 900
ღირს თუ არა მოპედით სიარული? – მძღოლების გამოცდილება

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ორბორბლიანი ტრანსპორტით გადაადგილება, მათ შორის კი ყველაზე ხშირად დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით დედაქალაქში, ვხვდებით მოპედებს.

მოპედის მძღოლები, განსაკუთრებით პიკის საათებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხალხმრავლობასა და საცობების მიუხედავად, დანიშნულების ადგილას მისვლას მნიშვნელოვნად მალე ახერხებენ სხვა ტრანსპორტთან შედარებით.

თუმცა, სწრაფი გადაადგილების კომფორტის მიუხედავად, მათთვის თბილისში სიარული სხვადასხვა რისკებთან არის დაკავშირებული, მათ შორის არის ჰაერის დაბინძურება, მტვერი, რომელიც დიდხნიანი მგზავრობის შემთხვევაში შემაწუხებელი და საზიანოა, ასევე ხშირია ავარიები.

მძღოლების გამოცდილება

21 წლის გვანცა პერტიამ მოპედის შეძენა რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც ნახა, რამდენად კომფორტულად იყენებდნენ ამ სატრანსპორტო საშუალებას მისი მეგობრები. სამ თვეში პირველი მოპედის საყიდლად ფულის შეგროვებაც შეძლო, რის შემდეგაც ეს მისთვის იქცა ქალაქში გადაადგილებისთვის ძირითად ტრანსპორტად.

გვანცა მიიჩნევს, რომ მოპედი ქალაქში მოძრაობისთვის ყველაზე კომფორტული საშუალებაა და მის დადებით მხარეებზე გვიყვება:

“არსად მეჩქარება არასდროს იმიტომ, რომ ვიცი, ყველგან მივალ 15 წუთში. სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, ჩემთვის ყველანი ხართ “აქვე”. არანაირი შფოთვა არ მაწუხებს, უცებ მივდივარ. გზაში გინდ საცობი ყოფილა, გინდ არა, ნელ-ნელა ან ჩქარა, როგორ ხასიათზეც ვიქნები, მივდივარ და დავძვრები მანქანებს შორის. ძალიან მალე მივდივარ ყველგან, სადაც მინდა”, – გვიყვება გვანცა.

გვანცასთვის ეს სატრანსპორტო საშუალება თავისუფლებასთან და შესაძლებლობებთან ასოცირდება.

მისი თქმით, სწრაფად გადაადგილების გარდა ,მოპედი სტრესის მოხსნაში ეხმარება. ამის მაგალითად კი მოჰყავს ის დღეები, როცა მართვის მოწმობის ასაღებად მზადებისას გარკვეული პერიოდი საყვარელი ტრანსპორტის გარეშე უწევდა ქალაქში მოძრაობა:

“მოპედი რომ არ მყავდა რაღაც პერიოდი, სანამ მართვის მოწმობას ავიღებდი, უფრო მოწყენილი ვიყავი და მოპედი როგორც კი დაბრუნდა ჩემს ცხოვრებაში, გავიღიმე, ბევრი რაღაცისგან გავთავისუფლდი. მახსოვს, მოპედი რომ დამიბრუნდა, ვიფიქრე, რომ ყველაფერი შემიძლია… მოპედით რომ დადის ადამიანი, ჩემი აზრით განაცხადია, თავისუფლებაა”, – ამბობს ის.

გვანცა ფიქრობს, რომ ქალაქში მოძრაობა ყველასთვის ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა, ნაკლები ადამაინი რომ იყენებდეს ავტომანქანებს თბილისში გადასაადგილებლად და მოპედზე მეტმა ადამიანმა რომ შეაჩეროს არჩევანი, რადგან ეს მოხსნიდა საცობების პრობლემასაც და ქალაქიც უფრო განიტვირთებოდა.

მოპედის მძღოლები ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათთვის ძირითად სირთულეს სწორედ ავტომანქანების მოძრაობა წარმოადგენს, რადგან, მათი შეფასებით, მანქანის მძღოლები მოპედს არ აღიქვამენ თანასწორ სატრანსპორტო საშუალებად, რაც ავარიების მიზეზიც ხდება.

“მანქანები ძალიან ცუდად დადიან, ზოგჯერ ციმციმას ჩართვა ეზარებათ ხოლმე, ისე უხვევენ. ყოფილა შემთხვევა, როცა საცობში მივდივარ ფრთხილად და ერთი ზოლიდან მეორეში უცბად გადასულან, ან კარი გაუღიათ. ან წრიულზე მოძრაობისას უპირატეს ზოლში ხარ და გაიგნორებენ, მაინც მოდიან.

არ ითვალისწინებენ, რომ შენც ადამიანი ხარ და ზიხარ მცირე სატრანსპორტო საშუალებაზე. ჰგონიათ, რომ ისეთ ტრანსპორტით დადიხარ, ვერავინ ვერაფერს დაგაკლებს”, – ამბობს მოპედის კიდევ ერთი მძღოლი, ამირან შარაშიძე, რომელიც ორბორბლიან ტრანსპორტს უკვე რამდენიმე წელია იყენებს.

ის კურიერად მუშაობს და აქვს საკუთარი მცირე ბიზნესი, რომელიც მოპედის პირველად დახმარებას გულისხმობს:

“ქუჩაში თუ გაუფუჭდება ვინმეს მოპედი, მივდივარ და რისი გაკეთებაც შეიძლება ადგილზე, ვუკეთებ, ძირითადად, ცვეთად ნაწილებს”, – ამბობს ის.

შესაბამისად, ყოველდღიურად ამირანს  ქალაქში დიდი ხნის განმავლობაში უწევს ამ სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება. მისი თქმით, მანქანების მოძრაობასთან ერთად პრობლემურია გამონაბოლქვი და მტვერი, რასაც უკავშირებს საღამოობით ცემინებასა და ცხვირიდან გამონადენს:

“დაბალი სკუტერი მყავს და პირდაპირ სახეში მირტყამს მანქანების გამონაბოლქვი. როცა ძალიან ძლიერი გამონაბოლქვი აქვს მანქანას, ვცდილობ ავარიდო ხოლმე, მაგრამ გასწრების შესაძლებლობას არ მაძლევენ და ნელა დადის ჩემი სკუტერიც.

დღის ბოლოს ცემინება მეწყება და მაქვს ცხვირიდან გამონადენი. ვფიქრობ, რომ გამონაბოლქვის ბრალია, რადგან პირდაპირ მომდის ეს შავი ბოლი. ასევე შემაწუხებელია მტვერიც. მანქანაში რომ ზიხარ, ფანჯრები მაინც გიცავს და სკუტერში პირდაპირ მოგდის ეს მტვერიც… დაბალ სკუტერზე. მაღალიც რომ იყოს, სანამ ჰაერში გაიტყორცნება, მაინც მე მიწევს შესუნთქვა”, – ამბობს ის.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ამ პრობლემების გათვალისწინებით, უფიქრია თუ არა, რომ მოპედით მოძრაობა შეეწყვიტა, ის გვპასუხობს, რომ ამ ტრანსპორტით გადაადგილება მისი საქმიანობის ნაწილია და სკუტერით რომ აღარ იაროს, უსაქმოდ ყოფნა მოუწევს.

ქალაქში არსებული სირთულეების გამო მოპედით სიარული შეწყვიტა 23 წლის გიგი მიხაილოვმაც, რომელიც ამ ორბორბლიანი ტრანსპორტით თითქმის 7 წელი გადაადგილდებოდა.

ის იხსენებს, რომ მოპედზე პირველად 16 წლის ასაკში დაჯდა და მალევე დაიწყო “ჯიბის ფულის” გამომუშავებაც, თუმცა რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა, რომ მისთვის საფრთხის შემცველი იყო მოპედით სიარული და ყოველდღიური გადაადგილებისთვის ახლა საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს. ნეტგაზეთთან საუბრობს როგორც ავტომანქანებისგან, ასევე, თავად მოპედებისგან მომავალ საფრთხეებზე:

“მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 7 წელი დავდიო გაუჩერებლად და თან ვმუშაობდი არაერთ კომპანიაში კურიერად, მაინც სულ იყო საფრთხე.

ახლა, როცა საყოველთაო ტრანსპორტით დავდივარ, აღარ მაქვს გრძნობა, რომ შეიძლება მოპედმა დამარტყას მოპედზევე და მირჩევნია გადაჭედილი ავტობუსით ვიარო, ვიდრე ამ საშინელ გზებზე. თბილისის გზებზე ვერავინ იქნება დაზღვეული…

მოპედის მძღოლები ხშირად ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას, რაც ამ ტრანსპორტის მძღოლს უნდა ჰქონდეს. ასეთი დამოკიდებულებით უფრო სახიფათო გარემო მექმნება… თუ სახიფათო არ არის, ნერვებზე მოქმედებს და ჯობდა გამეჩერებინა სახლში”, – ამბობს ის.

გიგის თქმით, მოპედით გადაადგილებას სამომავლოდაც აღარ გეგმავს, თუმცა სურს სხვა ორბორბლიანი ტრანსპორტით ჩანაცვლება:

“ვფიქრობ, რომ ორივე მოპედი გავყიდო და ვიყიდო მაღალკუბიანი მოტოციკლი იმიტომ, რომ მოტოციკლეტით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა, რადგან მოპედისგან განსხვავებით აქვს ხმა და უფრო შესამჩნევია სხვა მძღოლებისთვის”, – განმარტავს გიგი.

რაც შეეხება გამონაბოლქვის და მტვრის პრობლემას, გიგი ამბობს, რომ მოპედით გადაადგილებისას იყენებდა ჩაფხუტს, რომელიც მთელ სახეს უფარავდა, შესაბამისად, ეს ნაკლებ პრობლემას უქმნიდა, თუმცა მტვერი და გამონაბოლქვი მის ჩაფხუტზე ილექებოდა:

“ჩაფხუტზე წინიდან ილექებოდა ხოლმე შავი ნადებივით. ზეთის ბოლია ალბათ, სხვანაირად არ ვიცი, როგორ ავხსნა. ჭვარტლივითაა. საღამოობით ვწმენდდი ჩაფხუტს ამ ნადებისგან… ყოველთვის მიკვირდა იმ ადამიანების, ღია ჩაფხუტებით რომ დადიოდნენ”, – იხსენებს გიგი.

მისი თქმით, ეს დისკომფორტები რომ არა, ქალაქში მოპედით გადაადგილება ძალიან მოსახერხებელი იყო საცობებისგან თავის არიდების მხრივ.

თუმცა, გიგის შეფასებით, მოპედით გადაადგილება კიდევ უფრო მოსახერხებელი იქნებოდა, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა მეტად მოწესრიგებული რომ ყოფილიყო, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან ავტომანქანებისა და მოპედების დარღვევებზე არსებული კანონმდებლობის მეტად აღსრულებას.

“უფრო მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, ვიდრე ახლა”, – ამბობს ის.

მოპედით გადაადგილება ჰაერის დაბინძურების ფონზე

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი, მანანა ქოჩლაძე ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების მხრივ “კარგი” და “ძალიან კარგი” დღეების რაოდენობა 365 დღიდან მხოლოდ მესამედ შემთხვევაშია.

მისი თქმით, ეს მაჩვენებელი პრობლემას წარმოადგენს ქალაქში მცხოვრებელი ყველა ადამიანისთვის, თუმცა განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს მანქანის მძღოლებზე, ქვეითებსა და მოპედის მძღოლებზე.

“ჰაერის დაბინძურება ძალიან დიდი პრობლემაა ყველასთვის, ვინც ქუჩაში მანქანებთან ერთად დადის, რადგან მანქანის გამონაბოლქვში არსებული სხვადასხვა მინარევები საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს როგორც სასუნთქ სისტემაზე, ასევე გულზე და იწვევს არითმიებს. გარდა ამისა, პრობლემურია ხმაურის საკითხიც.

თუმცა აღმოჩნდა, რომ ავტომანქანაში მყოფი მძღოლები უფრო მეტად განიცდიან ცუდი ჰაერის ზემოქმედებას, რადგან მოპედის და ველოსიპედის მძღოლებისგან განსხვავებით, ღია სივრცეში არ უწევთ ყოფნა, სადაც მაინც იძვრის ჰაერი”, – განმარტა ქოჩლაძემ.

მისი თქმით, იმის შესახებ, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს მოპედის მძღოლებზე გზებზე არსებული დაბინძურებული ჰაერი, ამჟამად ბევრი კვლევა არ არსებობს და ამ საკითხის შესწავლა მსოფლიოშიც ცოტა ხანია რაც დაიწყეს.

მანანა ქოჩლაძე

მანანა ქოჩლაძე

თუმცა არსებული კვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპედის და ავტომანქანის მძღოლები ერთი და იმავე დროს გაატარებენ იდენტურ სივრცეში, ჰაერის დაბინძურების მხრივ ავტომანქანის მძღოლებთან შედარებით მოპედის მძღოლებს დაახლოებით 30%-ით ნაკლები ზიანი მიადგებათ.

“გამონაბოლქვი ყველაზე პრობლემურია თავად ავტომანქანის მძღოლებისთვის, შემდეგ ქვეითებისთვის, იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში უწევთ ამ გარემოში სიარული, და შემდეგ მოპედისა და ველოსიპედის მძღოლებისთვის, რადგან ისინი ქვეითებთან შედარებით უფრო სწრაფად გადაადგილდებიან”, – განმარტავს ქოჩლაძე.

თუმცა, მიუხედავად შედარებით დაბალი ზემოქმედებისა, მოპედის მძღოლების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება ისეთ ადგილებში მოძრაობა, სადაც ბევრი მანქანა გადაადგილდება. შესაბამისად, ქოჩლაძის თქმით, მსოფლიოში უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული ზიანის შემცირება მოპედის მძღოლებისთვის. მათ შორის საუბარია ქალაქებში სპეციალური ზოლების არსებობაზე, სადაც მოპედის მძღოლებს ნაკლები შეხება ექნებათ ავტომანქანებთან.

ქოჩლაძის განმარტებით, ასეთი ზოლების გამოყოფამდე ორბორბლიანი ტრანსპორტის მძღოლებისთვის სხვადასხვა კვლევაში ჩამოთვლილია რეკომენდაციები, რომლის შედეგადაც ჰაერის დაბინძურების კუთხით ზიანი შემცირდებოდა.

მათ შორის არის: სპეციალური დამცავი ნიღბების გამოყენება, რომელიც დაბინძურებულ ჰაერს გაფილტრავს; შუქნიშნებზე ავტომანქანების წინ დგომა ან მანქანის უკან დაახლოებით 3 მეტრის დისტანციის დაკავება, რადგან გამონაბოლქვი ყველაზე პრობლემურია, როცა სატრანსპორტო საშუალებები შუქნიშანზე დგანან; ასევე, რეკომენდებულია, რომ ორბორბლიანი ტრანსპორტის მძღოლები მოერიდონ მთავარ ქუჩებსა და მაგისტრალებს, სადაც გამონაბოლქვის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია და შეეცადონ ვიწრო, ნაკლებად დატვირთული ქუჩებით გადაადგილებას.

რაც შეეხება ქალაქში ჰაერის დაბინძურების შემცირების გზებს, ქოჩლაძის განმარტებით, მოპედების რაოდენობის მატება და ავტომანქანების შემცირება თავისთავად შეამცირებდა გამონაბოლქვს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, თუმცა ამისთვის საჭიროა არსებობდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ მოპედებმა უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლონ:

“ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამიტომ, თუ მოპედების რაოდენობა მოიმატებს და ავტომანქანების დაიკლებს, ჰაერის დაბინძურება კი შემცირდება, თუმცა მოიმატებს ავარიების რაოდენობა. შესაბამისად, საჭიროა კომპლექსური მიდგომა, თორემ ორბორბლიანი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ის, რაზეც თანამედროვე მდგრადი სატრანსპორტო სისტემა დგას”, – აცხადებს ქოჩლაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი