საზოგადოება

დემოკრატიის ზღვარზე

12 მაისი, 2010 • • 1553
დემოკრატიის ზღვარზე

მოახლოვებული ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ,  საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობის გამო, აქციები ხან ,,უკანონო პატიმრების” უფლებების დაცვისთვის, ხან კი- სიტყვისა და რელიგიური მრწამსის თავისუფლებისთვის იმართება. არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებაში არსებულ ტენდენციებს იკვლევენ.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა 5 აპრილს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI ) გამოაქვეყნა.  კვლევაში აისახა მოსახლეობის უმთავრესი პრიორიტეტები და პრობლემები. ჩანს, რომ სიღარიბე, უმუშევრობა, მედიის თავისუფლება და პოლიტიკური სტაბილურობა კვლავ პრობლემად რჩება. მოსახლეობა თვლის, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, თუმცა ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება.

NDI- ს კვლევის შედეგებთან ერთად, ნეტგაზეტი სოცილოგ იაგო კაჭკაჭიშვილს „ბარომეტრი 2009“-ის კვლევის შედეგებზეც ესაუბრა.

მოსახლეობის უმრავლესობა აღნიშნავს, რომ  აქვს დასაქმების, სიღარიბის პრობლემა. საზოგადოება თვლის, რომ  ქართული ტელეარხები მიკერძოებულად აშუქებენ მოვლენებს, მთავრობა კი, მათ პრობლემებს სათანადოდ არ განიხილავს. მიუხედავად ამისა, შეკითხვაზე, რა მიმართულებით ვითარდება საქართველო, რესპონდენტების 53% პასუხობს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი ან, ძირითადად, სწორი მიმართულებით ვითარდება.

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, რომ  ესაა უკეთესი მომავლის მოლოდინი. კაჭკაჭიშვილი 90-იან წლებს იხსენებს და ამბობს, რომ საზოგადოებას არ დავიწყებია ის წლები, როდესაც ხალხი ელემენტარულ საარსებო მინიმუმს იყო მოკლებული.

,,როდესაც საზოგადოება იმ 90-იანი წლების კოშმარს ადარებს დღევანდელ ვითარებას,  რასაკვირველია, მას სტაბილურობის განცდა ეუფლება.  აშკარაა, რომ იგი პოზიტიური მიმართულებით პროგრესს ხედავს,  მაგრამ თუ შედარებით ანალიზსს თავს დაანებებს და დღევანდელობას შეხედავს, დაინახავს, რომ პრობლემები კვლავ სახეზეა. ეს არის, გარკვეულწილად, ამბივალენტური(ერთმანეთის საპირისპირო გრძნობები) დამოკიდებულება, ერთი მხრივ, პრობლემების აღიარება და მეორე მხრივ,  პროგრესის აღიარება. ეს არ გამორიცხავს ერთმანეთს იმ დრომდე, სანამ საზოგადოებას არ დაეუფლება სრული ნიჰილიზმი. როგორც ჩანს, ასეთი ნიჰილიზმის ველში ჯერ არ ვიმყოფებით”,–ამბობს კაჭკაჭიშვილი.

სოციოლოგი განმარტავს, რომ ქვეყანაში არსებობს დემოკრატიის განვითარების პოზიტიური ფონი, მაგრამ, ასევე, მიუთითებს, რომ ამ ფონზე სერიოზული პრობლემებია, რამაც, შესაძლებელია, დემოკრატიის განვითარება უკუმიმართულებით წარმართოს.

ქყვეყანაში დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელი არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) არსებობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობაა.

კვლევაში (,,ბარომეტრი 2009) გამოკითხულთა 40%  NGO-ების მუშაობას დადებითად აფასებს (44%_უარყოფითად), თუმცა, რესპონდენტთა 77% არ არის რაიმე გაერთიანების წევრი. ისინი კი, ვინც გაერთიანებულნი არიან რაიმე ჯგუფში, გაერთიანების ძირითად მიზეზებად ახლობლების თხოვნას, საკუთარი პროფესიის წარნმომადგენელთა უფლებების დაცვას, დასაქმებას, რწმენას ასახელებენ. 

NDI-ის კვლევის შედეგებით კი საზოგადოება ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მუშაობას უფრო დადებითად აფასებს, ვიდრე ცესკოსას.

იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ საქართველოში NGO-ების მუშაობას სერიოზული ხარვეზები აქვს. მისი თქმით, წევრობაზე დაფუძნება და არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართვა მოხალისეობის დონეზე  – ეს ის ორი ფუნდამენტალური პრობლემაა, რომლებიც საქართველოში მსგავს ორგანიზაციებს  აკლია.

,, ჩვენთან NGO-ები ელიტურ კორპორაციებს დაემსგავსნენ. მათი მთავარი მიზანი ტენდერების მოპოვება და დონორების მობილიზებაა. არადა, NGO თავისი არსით ფინანსური ინტერესისაგან სრულიად დაცლილი უნდა იყოს. NGO სამოქალაქო აქტიურობის საჯარო სივრცე უნდა იყოს. ჩვენთან ასე არაა. ის არ ახდენს სამოქალაქო აქტიურობის მობილიზებას.” 

სოციოლოგის აზრით, მოხალისეობაზე  დაფუძვნებულ სამოქალაქო აქტივობას ადამიანი იწყებს მაშინ, როდესაც მისი ფუნდამენტალური მოთხოვნილებები–სტაბილური შემოსავალი, უსაფრთხოების განცდა დაკმაყოფილებულია. ქვეყანაში, სადაც სიღარიბისა და სიღატაკის ზღვარს მიღმა უამრავი ადამიანი იმყოფება, ამაზე ფიქრი არაადეკვატურია.

საპროტესტო გამოსვლებს სოციოლოგი სამოქალაქო აქტიურობის უკიდურეს ფორმად ასახელებს. არასამთავრობო ორანიზაციებში ჩართვა ყოველდღიური სამოქალაქო აქტივობაა. ,,როდესაც ადამიანი, პრობლემათა უკიდურესი გამწვავების გამო, ქუჩაში კი არ გამოდის, არამედ პოზიტიური განწყობა აქვს. შენ გინდა მუდმივად უკეთესობისაკენ შეცვალო ის გარემო, რომელშიც ცხოვრობ. საპროტესტო აქციები ნეგატიურ განწყობათა მობილიზებაა, ყოველდღიური სამოქალაქო  აქტივობა კი – პირიქით”.

კვლევების მიხედვით, მედია საშუალებებში საზოგადოება ყველაზე დიდ უნდობლობას ტელეკომპანია ,,რუსთავი2”–ს, ,,იმედსა” და ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს” უცხადებს. სხვა სურათია ყურებადობის მაჩვენებლების მიხედვით. ,,ბარომეტრის” კვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად მაყურებელი სწორედ ამ ტელეკომპანიების ახალ ამბებს ადევნებს თვალს.

თუმცა, პროსამთავრობო ორიენტაციაში ყველაზე მეტად სწორედ მათ სდებენ ბრალს.  NDI-ის კვლევა აჩვენებს, რომ მიუხედავად საზოგადოების დარწმუნებულობისა, რომ ,,პირველი არხი” მთავრობის ინტერესებს გამოხატავს (ასე ამბობს 35%), გამოკითხულთა 50% ამბობს, რომ საზოგადოებრივი არხისგან ინფორმაციას კვირაში რამდენჯერმე ან ყოველდღე იღებს.

იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ყურებადობის სიხშირე ავტომატურად არ გულისხმობს ნდობასაც და იმ მიზეზებს ასახელებს, რასაც ამ ტელეკომპანიებისათვის ყურებადობის მაღალი მაჩვენებელი მოაქვთ.

 1. ინფორმაციის ოპერატიულობის მიღების თვალსაზრისით ეს ტელეარხები არიან  ეფექტურები, ამისათვის მათ ფინანსური რესურსიც აქვთ და ადამიანურიც; 2. ,,რუსთავი2” წლების განმავლობაში იყო ლიდერი, შემდეგ ,,იმედიც”; 3. ინტერნეტის მომხმარებელი საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილია, რადგან ინტერნეტმომსახურება საქართველოში ძალიან ძვირია; 4. სიღარიბის გამო კი ადამიანებს გაზეთში ერთი ლარის გადახდაც  უჭირთ; ,,საზოგადოებრივი არხის შემთხვევაში კი ხალხს მოლოდინი უფრო მეტი აქვს. ადამიანს უნდა, რომ მის მიერ დაფინანსებულმა ტელევიზიამ მისი ინტერესები დაიცვას”–ამბობს სოციოლოგი. „მეტი მოლოდინი მეტ იმედგაცრუებას იწვევს, ამიტომ ,,პირველ არხს” არც ნდობის ხარისხი და არც ყურებადობის მაჩვენებელი არა აქვს იმდენი, რამდენიც სხვა ტელეკომპანიებს“.

სოციალური ნდობა და ცხოვრებით კმაყოფილება ქვეყანაში დემოკრატიის არსებული დონის მაჩვენებელია.

მოსახლეობა ნაკლებ ენდობა სახელმწიფო,ოპოზიციურ პარტიებს, მედია საშუალებებს. ბარომეტრის კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ ნდობაც წინა წლებთან შედარებით დაცემულია. ყველაზე მაღალი ნდობის მაჩვენებლით (90%- ,,ბარომეტრის” მიხედვით) ეკლესია სარგებლობს.

იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს რომ ამხელა ნდობა ეკლესიის მიმართ დემოკრატიული ქყვეყნისათვის დამახასიათებელი არ არის. ,,თუ ადამიანს გაუჩნდა იმის შეგრძნება, რომ ყველა სოციალური ინსტიტუტი რაც მის გარშემო არსებობს, იქნება ეს სახელმწიფო, მედია , ოჯახი ისეთია რასაც არ შეიძლება ენდო, რაც შენ სოციალურად გაუცხოვებას უფრო იწვევს ვიდრე ადაპტაციას, აუცილებელია იპოვო რაღაც,  რაც ჩაანაცვლებს ამ ტოტალურ უნდობლობას. სხვა ინსტიტუტების არაეფექტურობის ხარჯზე ეკლესია იგებს, იმიტომ რომ ადამიანს ჭირდება სტაბილურობის განცდა. ეკლესია ამ განცდას ადამიანებს უქმნის, მაგრამ ეს არის არანორმალური დემოკრატიული ვითარებისთვის”_ამბობს კაჭკაჭიშვილი.

სოციოლოგი, ეკლესიის მედიატორულ როლზეც საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში წლების განმავლობაში ეკლესია კონფლიქტების მოგვარების შუამავალი  იყო. თუმცა იგი ხაზს უსვამს იმას, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ეკლესია არის NGO, რომელიც ფუნქციურია მხოლოდ იმათთვის ვინც ცხოვრობს სარწმუნოებრივი ცხოვრებით. ,, ჩვენთან მართმადიდებლურ ეკლესიასთან მიბმულობა არის შეუდარებლად უფრო ფართე, ვიდრე ეკლესიური ცხოვრების მიმდევართა ჯგუფი. ეს სწორედ იმითია გამოწვეული,რომ ადამიანებს ეკლესია ამ ეტაპზე ყველაზე მეტად უქმნის სტაბილურობის განცდას”,_აცხადებს კაჭკაჭიშვილი.

მიუხედავად ამისა სოციოლოგი მიიჩნევს, რომ ტოტალური ნიჰილიზმი ქვეყანაში არ სუფევს. ეკლესია არის ის ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე გავლენიანია, იმიტომ რომ მოლოდინი, რომ ის რაიმეს გააფუჭებს არ არსებობს. მაშინ როცა ყველა სხვა სოციალური ინსტიტუტის მიმართ ეს მოლოდინი არსებობს.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, რომ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების აღქმა განსხვავებულია. კონფლიქტი ,,მორწმუნე” და ,,ურწმუნო” ადამიანებს შორის გამწვავდა და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ღირებულებებს შორის დაპირისპირებას საზოგადოებისთვის სარგებელი მოაქვს.

,,ნებისმიერი კონფლიქტი საზოგადოებაში  ღირებულებებს შორის, თუ ეს არ გადაიზრდება სამოქალაქო ომში და დაპირისპირებაში, ავითარებს საზოგადოებას,  ქმნის საზოდადოებაში ალტერნატივებს”,_ამბობს კაჭკაჭიშვილი.

სოციოლოგი განმარტავს, რომ უალტერნატოვო საზოგადოება კოშმარია. ნებისმიერ ღირებულებას შეიძლება მოენახოს ალტერნატივა, მათ შორის მართმადიდებლურ ღირებულებებსაც, იმიტომ რომ არსებობენ არამორწმუნეები ან სხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანები. კონფლიქტი ალტერნატივების  ლეგიტიმაციის ინსტრუმენტია. დემოკრატიულია საზოგადოება,სადაც მოქმედებს ყველაფერი ნებადართულიას პრინციპი იმ ზღვრამდე სანამ ესა თუ ის ქცევა არ ხდება სოციალურად საშიში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი