საზოგადოება

“კორუფცია უკვე ბავშვების სიცოცხლეებს იწირავს” – აქცია მერიასთან

17 ოქტომბერი, 2022 • 673
“კორუფცია უკვე ბავშვების სიცოცხლეებს იწირავს” – აქცია მერიასთან

ვაკის პარკის შადრევანში 13 წლის მოზარდის დაღუპვასთან დაკავშირებით თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს თბილისის მერმა, კახა კალაძემ და თანამდებობიდან გადადგეს.

“დღევანდელი აქციის მთავარი სათქმელი იყო, რომ კახა კალაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. რაც მთავარია, ჩვენ გვინდოდა გვეთქვა, რომ ამ შენობაში ხდება ისეთი დანაშაული, კორუფცია… რეალურად მივედით იქამდე, რომ კორუფცია უბრალოდ კი არ გვაღატაკებს, ბავშვების სიცოცხლეებს იწირავს”, – განაცხადა მოძრაობა “შეცვალეს” წარმომადგენელმა, ნიკა ფარულავამ.

მისი თქმით, აქციის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ კახა კალაძეს და “მის უწყებას ორშაბათ დღეს მშვიდ გარემოში არ უნდა დაეწყო მუშაობა” ვაკის პარკში მომხდარიდან 4 დღის შემდეგ.

დღევანდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო პარტია “დროაც”:

“დღეს ჩვენი აქ შეკრების მთავარი მიზანი იყო, რომ ამ შენობაში მყოფი მთავარი ადამიანისთვის გვეთქვა, რომ მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. უშუალოდ თანამშრომლებისთვის გვინდოდა მიგვეწვდინა ხმა, რომ მათი დუმილი არის თანამონაწილეობა. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ მართლა გვინდა სიცოცხლით და სიხარულით სავსე ქალაქში ცხოვრება, როგორც წერენ ხოლმე საახალწლოდ. მაგრამ სინამდვილეში ეს ადამიანები ჩვენ გვაცხოვრებენ სიკვდილით სავსე ქალაქში. ეს არის რეალობა”, – განაცხადა “დროას” წევრმა შუშანა მაცაბერიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი