საზოგადოება

მებაღე იხსენებს, ვაკის პარკში როგორ გადაარჩინა ორი ბავშვი სიკვდილს

14 ოქტომბერი, 2022 • 1737
მებაღე იხსენებს, ვაკის პარკში როგორ გადაარჩინა ორი ბავშვი სიკვდილს

მოზარდები, რომელთაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, პარკის თანამშრომელმა მებაღემ, დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა წყლიდან. იგი ვაკის პარკში მეხუთე წელია მუშაობს.

კაცი იხსენებს, რომ მუშაობისას შადრევნიდან ხმები შემოესმა, ხალხი დახმარებას ითხოვდა, “ბავშვები ვერ ამოდიან და გვიშველეთო”, რა დროსაც პარკის ზედა ნაწილიდან გაიქცა შადრევნისკენ და დაუყოვნებლივ შევიდა წყალში.

მეზურნიშვილი ჟურნალისტებთან ყვება, რომ თავდაპირველად არც უფიქრია, შადრევანში მყოფი ბავშვები დენის დარტყმის შედეგად თუ იყვნენ დაშავებული, თუმცა წყალში ჩასულმა მაღალი ძაბვა თავადაც იგრძნო.

“გაბუჟებული ვიდექი შიგნით და ვცდილობდი, რომ ნელ-ნელა მივახლოებოდი”, – ამბობს ის.

მისი თქმით, ძაბვა განსაკუთრებით ძლიერი იყო შადრევნის ცენტრისკენ. როგორც დევი მეზურნიშვილი ამბობს, სწორედ ცენტრისკენ იყო 13 წლის გოგო, რომელიც მომხდარის შედეგად გარდაიცვალა.

“რაც შემეძლო გავაკეთე და გამოვიყვანე ორი. მესამეც მე გამოვიყვანე, მაგრამ დაგვიანდა ალბათ მისი გამოყვანა, დრო დასჭირდა. ვერ გადარჩა მესამე, დენი იყო შიგნით და შესვლა გაჭირდა, ვერ შევდიოდი, ვერ ვაღწევდი იქამდე.

მეც მიჭირდა იმიტომ, რომ მითრევდა [წყალი], ასე ვთქვათ, ისეთი ძლიერი იყო შუის იქით. ამ ორი ახალგაზრდის გამოყვანა რაღაცნაირად შევძელი და მესამისთვის რომ შევბრუნდი, მასთან ძლიერი დენი იყო უკვე და ვერ ვუახლოვდებოდი. დროც ხომ დაიკარგა ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ჩაძირულები იყვნენ. ამ ორი ადამიანის გამოყვანა, მერე მესამედ შებრუნება და ამ დროში შადრევანიც ჩააქრეს”, – იხსენებს დევი მეზურნიშვილი.

მისი თქმით, საბოლოოდ წყლიდან ამოიყვანეს 13 წლის გოგოც, ამასობაში კი ადგილზე შეკრებილი ხალხი მოზარდების გადარჩენას ცდილობდა.

“ყველაფერი გავაკეთეთ იმის გულისთვის, რომ გადარჩენილიყო. ყველა ცდილობდა, უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, ყველა თავისებურად რაღაცას აკეთებდა, რომ ამოესუნთქათ ამ ბავშვებს და ეცოცხლათ”, – ამბობს ის.

მომხდარის შემდეგ ბავშვები კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე საათში ხეჩინაშვილის კლინიკამ ინფორმაცია გაავრცელა 13 წლის გოგოს გარდაცვალების შესახებ. ორი დაშავებული ბიჭი “ნიუ ჰოსპიტლის” და იაშვილის სახელობის კლინიკებში გადაიყვანეს. როგორც იაშვილის სახელობის კლინიკაში უთხრეს ნეტგაზეთს გუშინ, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილური იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა. ის კლინიკიდან დღეს, 14 ოქტომბერს გაწერეს.

რაც შეეხება მეორე მოზარდს, “ნიუ ჰოსპიტლის” წარმომადგენლის თქმით, პაციენტი მათთან ელექტროტრავმით, შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს, ის გუშინ მართვით სუნთქვაზე იყო, თუმცა, დავით ცაბაძის თქმით, დღეს, 14 ოქტომბერს მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, აღარაა მართვით სუნთქვაზე და უკვე დაეკონტაქტა მშობლებსაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი