საზოგადოება

დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემის ნაწილია – სახელმწიფო მდივნის მოადგილე

6 ოქტომბერი, 2022 • 871
დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემის ნაწილია – სახელმწიფო მდივნის მოადგილე

თბილისში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე იარაღის კონტროლის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ბონი ჯენკინსი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვაშინგტონის გზავნილი ელჩ კელი დეგნანისადმი მხარდაჭერა იქნება.

„ვიზიტის განმავლობაში შევხვდები ქართველ ლიდერებს იმისათვის, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის და სტრატეგიული ინტერესების სხვადასხვა სფერო და მიმართულება, როგორიცაა საზღვრის უსაფრთხოება, საბაჟო, თავდაცვა. ყველა ამ შეხვედრის განმავლობაში მე მოუთმენლად ველი, რომ გავახმიანო ვაშინგტონიდან ძლიერი მხარდაჭერის გზავნილი იმ უზარმაზარი და მნიშვნელოვანი სამუშაოს მიმართ, რასაც ელჩი დეგნანი და  საელჩოს გუნდი ახორციელებს რათა წინ წაწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მზაობისთვის, რაც მათ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამ საკითხების გადასაჭრელად. თუმცა ეს ძალისხმევა არ ყოფილა ადვილი განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე და საელჩოზე, რაც ვიხილეთ. მოდით, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დამალვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა“, — განაცხადა ბონი ჯენკინსმა.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, აშშ ყოველთვის დაუჭერს მხარს უკრაინას მის საერთაშორისოდ აღიარებებულ საზღვრებში, ისევე როგორც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„დღეს, ჩვენ ყველანი უნდა ვიდგეთ ერთად უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რადგან ისინი იბრძვიან თავისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის“, — თქვა მან.

ბონი ჯენკინსი საქართველოს ვიზიტით 5-7 ოქტომბერს სტუმრობს. მან მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხობის ასოციაციის ორგანიზებით გამართულ ბიოუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში.  სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში ყოფნისას ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

გასულ პერიოდში, განსაკუთრებით ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მიუღებლობის ფონზე, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, – მათ შორის, ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა, – დაიწყეს კონსპირაციული თეორიის გავრცელება, თითქოს გარკვეულ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, „საქართველოს ომში ჩართვა“ სურთ.

მეორე მხრივ, „საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის” მიწოდების საბაბით მმართველი პარტიიდან ოფიციალურად გასულმა დეპუტატებმა უფრო თამამად დაიწყეს საუბარი და განვითარება კონსპირაციისა, რომლის თანახმადაც დასავლეთის ქვეყნებს სურთ, საქართველო ომში ჩაებას.

კელი დეგნანის მიმართ ბრალდებები შეეხებოდა სასამართლოზე ზეწოლასაც.

საქართველოში აშშ-ის ელჩის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა, რომლის თანახმადაც:

  • „საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს, რომ ქართველ ხალხს, რომელიც ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდამჭერია, ყურადღება გადაატანინონ ამ მიზნიდან“ და
  • „დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანაზე ან მის გუნდზე შეუსაბამოა იმასთან, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან“.

ამავე თემაზე:

არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან — მაკდონალდი საქართველოს

მასალების გადაბეჭდვის წესი