ახალი ამბები

არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან — მაკდონალდი საქართველოს

5 სექტემბერი, 2022 • 1284
არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან — მაკდონალდი საქართველოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში, კარა მაკდონალდი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები შეშოთებულია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით

თბილისში, EPRC-ის, მაკკეინის ინსტიტუტისა და ჯორჯ ბუშის ცენტრის ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე „მთავარი არხის“ ადვოკატის, თამთა მურადაშვილის კითხვაზე პასუხად, უჭერს თუ არა მხარს აშშ თავისუფალ მედიას, მაკდონალდმა განაცხადა:

„100%-ით, დიახ. თავისუფალი მედია თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია. საკმარისად ვერ გამოვხატავ ჩვენს შეშფოთებას იმაზე, რაც სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით ხდება საქართველოში, – ISFED-ის მიმართ, დამოუკიდებელი მედიის მიმართ… მიხარია, რომ აქ ხართ“, – განაცხადა მან.

„რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოს დიდი მეგობრები ვართ… ჩვენ უბრალოდ მაყურებლები არა ვართ, ჩვენ ინვესტორები ვართ, დაინტერესებული მხარე ვართ, ჩვენ ძალიან ვღელავთ საქართველოზე. თუმცა [საქართველოსთვის კარგი] იმაზე მეტად ვერ გვენდომება, ვიდრე თქვენ [ქართველებს]“, — განაცხადა მაკდონალდმა კონფერენციაზე.

„ასე რომ, კიდევ ერთხელ გეტყდობით — არ გაუშვათ ხელიდან ეს [ევროკავშირის კანდიდატობის] შესაძლებლობა. არ იცით, თუ კიდევ რამდენჯერ გამოჩნდება მსგავსი შესაძლებლობა. და ჩვენ აქ ვართ, მზად დახმარებისათვის“, — თქვა მან.

მაკდონალდის თანახმადვე, „რაც ხდება უკრანაში, იმოქმედებს საქართველოზე“: „პუტინი არ ელოდა ორ რამეს – უკრაინელი ხალხის სიმამაცეს და არ ელოდა ერთიანობას არა მხოლოდ დასავლეთისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან. აი ეს არის გამარჯვების სტრატეგია“, — განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი