საზოგადოება

თბილისში ფენტანილის შემცველი MDMA ვრცელდება: რა უნდა ვიცოდეთ

7 ოქტომბერი, 2022 • 1613
თბილისში ფენტანილის შემცველი MDMA ვრცელდება: რა უნდა ვიცოდეთ

სათემო ორგანიზაცია “მანდალამ” თბილისში, უკანასკნელი 1 კვირის განმავლობაში, ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს 100-ზე მეტი ნიმუში დატესტა. ყველა მათგანში აღმოჩნდა ნივთიერება ფენტანილი, რომელიც უკიდურესად საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი რამ მათი 5-წლიანი საქმიანობის განმავლობაში არ უნახავთ. რატომ ხდება ეს და რატომ მაინცდამაინც MDMA-ს შემთხვევაში?

ამ საკითხზე “მანდალას” დამფუძნებელს, თემო ხატიაშვილს თავისი ვერსია აქვს, თუმცა ცალსახაა ორგანიზაციის გაფრთხილება მომხმარებლებისადმი: ამჟამად თბილისში შეუძლებელია ფენტანილისაგან თავისუფალი MDMA-ს შეძენა.

“აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში იყო ფენტანილის კვალი”

“მანდალას” დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ დაახლოებით 1 წელია, ორგანიზაცია იყენებს ტესტერებს, რომელთა მეშვეობითაც ნარკოტიკულ ნივთიერებაში ფენტანილის კვალის აღმოჩენაა შესაძლებელი.

თემო ხატიაშვილის თქმით, ამ პერიოდში ყოველთვიურად ფენტანილის შემცველ 1 ან 2 ნიმუშს პოულობდნენ.

“ამასაც ძირითადად ამფეტამინის ან აბაზანის მარილების ჯგუფის ნარკოტიკებში ვპოულობდით ხოლმე. არასოდეს ყოფილა, რომ ნამდვილ MDMA-ში გვეპოვოს ფენტალინი…” ,— დასძენს ის.

ვითარება შეიცვალა აგვისტოდან, როცა “აბაზანის მარილების” ჯგუფის ნარკოტიკებში — როგორებიცაა მეფედრონი, მეთილონი და ა.შ. — გახშირდა ფენტანილის აღმოჩენისა და ზედოზირების შემთხვევები. თუმცა MDMA-ში ფენტანილი არც იმ პერიოდში უპოვიათ.

ამჟამად, სურათი MDMA-ის შემთხვევაშიც სხვაგვარია: “მანდალამ” დაახლოებით 1 კვირის წინ შემთხვევით აღმოაჩინა ფენტანილი MDMA-ს ერთ-ერთ ნიმუშში, რის შემდეგაც აქტიურად დაიწყო სხვა ნიმუშების დატესტვაც. შედეგები დრამატული აღმოჩნდა.

“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ბოლო 7 დღეში, ხუთშაბათიდან მოყოლებული, რაც კი MDMA დაგვიტესტავს, ყველა [ნიმუშში], რომელიც ჩვენამდე მოვიდა და დავტესტეთ, იყო ფენტანილის კვალი”, — აღნიშნავს ხატიაშვილი.

მისივე თქმით, საუბარია თბილისში დატესტილ 100-ზე მეტ ნიმუშზე, რომლებიც მოიცავს როგორც იმ ნიმუშებს, რომლებიც ორგანიზაციის ოფისში მიიტანეს დასატესტად, ისე ელექტრონული მუსიკის კლუბებში დატესტილებს.

“მარტო დღეს, 12:30-დან 14:30 საათამდე, 12 ტესტირება გავაკეთეთ. ყველა მათგანში [ფენტანილი] აღმოჩნდა”, — უთხრა მან “ნეტგაზეთს” 6 ოქტომბერს, შუადღისას.

“მანდალა” სოციალურ ქსელში წერს, რომ “სულ რაღაც ბოლო კვირებში უკვე რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა ზედოზირებით გამოწვეული მიზეზით”.

რა არის MDMA, ფენტანილი და რას ვაკეთებთ ზედოზირების დროს

MDMA ნარკოტიკული საშუალებაა, რომელსაც მასტიმულირებელი და ჰალუცინოგენური ეფექტები აქვს. მისმა რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს:

დეპრესია, კონცენტრაციისა და მეხსიერების გაუარესება, ღვიძლისა და თირკმლის პრობლემები. დაღლილობისა და წონის დაკლებით გამოწვეული დაქვეითებული იმუნიტეტი შესაძლებელია გახდეს სხვადასხვა დაავადებისა თუ ინფექციის მიზეზი.

MDMA-ს, როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებების, შეძენა-შენახვა და რეალიზაცია უკანონოა და ისჯება საქართველოს კანონმდებლობით.

რაც შეეხება ფენტანილს: ექიმი-ნარკოლოგი ავთო ოთიაშვილი 2018 წელს აღნიშნავდა, რომ ფენტანილი დღეს არსებული და ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სინთეტიკური ოპიოდია, რომლის გამოყენების შემთხვევაში ძალიან მაღალია სიკვდილის დადგომის რისკი.

“ნაწილობრივ, ეს პრობლემა დგება იმიტომ, რომ მომხმარებელმა არ იცის, რას მოიხმარს. როგორც წესი, ეს ნივთიერება საღდება სხვა, ტრადიციული ნარკოტიკის სახით და, შესაბამისად, მომხმარებელი ვერ საზღვრავს იმ დოზას, რომელსაც მისი ორგანიზმი შეიძლება იყოს მიჩვეული”, — განმარტავდა ოთიაშვილი და იქვე დასძენდა, რომ:

“ის დაახლოებით 10-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ჰეროინი”.

როგორც “მანდალა” წერს “ფეისბუკზე”, ფენტანილს აქვს 30 საათზე მეტხნიანი ზემოქმედება მაშინ, როდესაც MDMA-ს მოქმედება 3-4 საათს გრძელდება:

“ანუ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე მოხმარების შემთხვევაში, როცა დილით სტიმულატორისგან ფხიზელი ბრუნდები სახლში, ღამით მიღებული თუნდაც მცირე კონცენტრაციის ფენტანილი ბოლოს ერთდროულად ზემოქმედებს ორგანიზმზე.

ამას ემატება გადაღლილი და გამოფიტული ორგანიზმი, რაც, საბოლოო ჯამში, ძლიერ მოდუნებას და ძილიანობას იწვევს. სწორედ ამ დროს ხდება ზედოზირებით გამოწვეული ნელი სიკვდილი”.

როგორ უნდა ამოვიცნოთ ოპიოიდური ზედოზირება და რა უნდა გავაკეთოთ, თუ მსგავს ფაქტს შევესწარით? იხილეთ “მანდალას” მიერ მომზადებული საინფორმაციო ბარათი:

წყარო: “მანდალა”

“ნალოქსონი არის ანტიდოტი, რომელიც ნებისმიერი ოპიოიდური ზედოზირებისას ადამიანის გადარჩენას შეუძლია”, — ამბობს თემო ხატიაშვილი.

“თუ ნალოქსონი გვაქვს, აუცილებლად უნდა გავუკეთოთ. თუ არ გვაქვს, სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ. სასწრაფოს გამოძახების შემთხვევაში არ არის საჭირო იმის დამალვა, რომ ადამიანს ზედოზირება აქვს.

“ადამიანებს ეშინიათ, რომ მერე პოლიცია მოჰყვება [სასწრაფოს]. პოლიცია არ მოჰყვება. პოლიციას აკრძალული აქვს, ასეთ დროს სამართლებრივი დევნა განახორციელოს”, — ამატებს ის.

“სხვა MDMA ახლა ქალაქში არ ტრიალებს. თუ იშოვი, მხოლოდ ფენტალინგარეულს”

“მანდალას” დამფუძნებელი გვეუბნება, რომ ყველა იმ MDMA-ს, რომელიც ორგანიზაციის ხელში მოხვდა და დაიტესტა, ერთნაირი ვიზუალი, ფერი და სუნი აქვს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველა მათგანში აღმოჩნდა ფენტანილი. როგორ?

ხატიაშვილი ფიქრობს, რომ ყველა ზემოხსენებული ნიმუში “არის რამდენიმე დილერისგან ნაყიდი, სულ რაღაც 3-4 დილერზეა საუბარი”. მისი აზრით, აღნიშნული დილერების უკან დგას ერთი წყარო, რომლის ხელიდანაც გავრცელდა ფენტანილით დაბინძურებული MDMA.

“ფაქტია, რომ ერთი პარტიაა შემოსული, რომლის აღმოჩენაც ხუთშაბათიდან დავიწყეთ და ეს ერთი პარტია ნაწილდება შემდეგ მთელ ქალაქში.

იმდენ ადამიანთან გვაქვს შეხება და ურთიერთობა, შეუძლებელია, სხვადასხვა წყარო რომ არსებობდეს, ერთი მაინც არ ყოფილიყო სუფთა MDMA.

სხვა MDMA ახლა ქალაქში არ ტრიალებს. თუ იშოვი, მხოლოდ ფენტალინგარეულს”, — აღნიშნავს ის.

“მანდალას” დამფუძნებელი ხაზს უსვამს, რომ ორგანიზაცია ყველა სახის ნარკოტიკს ტესტავს, თუმცა ამგვარ დრამატულ შედეგებს არცერთი მათგანის შემთხვევაში იღებენ.

“აქ ვერ ვიტყვით, რომ დილერი თვითონ აზავებს [ფენტანილს MDMA-ში]: თუ თავად აზავებს, მაშინ კეტამინშიც შეაზავებდა, ამფეტამინშიც შეაზავებდა. ანუ დიდი ალბათობით არის ერთი პარტია, რომელიც ასე ნაწილდება”.

როგორ უნდა აირიდოთ თავიდან საფრთხე

“მანდალას” უპირველესი გაფრთხილება მომხმარებელთა მიმართ შემდეგია: ამჟამად შეუძლებელია ფენტანილისაგან თავისუფალი MDMA-ს ყიდვა თბილისში. შესაბამისად, ის არავინ უნდა შეიძინოს.

“რაკი ძალოვანი სტრუქტურები ასეთ დილერებთან ვერ მუშაობენ ეფექტურად და ვერ უბლოკავენ [პარტიას], ჩემი აზრით ახლა ყველაზე სწორი გამოსავალია, რომ ადამიანები დავარწმუნოთ, ეს პარტია არ იყიდონ”, — აღნიშნავს თემო ხატიაშვილი.

“მანდალა” რამდენიმე გზით ტესტავს ნარკოტიკებს: ეს ხდება ორგანიზაციის ოფისში, სადაც მსურველებს შეუძლიათ, მიიტანონ სინჯი და ადგილზე ითხოვონ მისი დატესტვა;

მეორე შემთხვევაში, ორგანიზაცია მოქალაქეებს უფასოდ ატანს ტესტერებს, რათა თავად დატესტონ ნარკოტიკული საშუალება;

კიდევ ერთ შემთხვევაში “მანდალას” წარმომადგენლები საკლუბო სივრცეებში მუშაობენ და იქ ტესტავენ ნარკოტიკულ ნივთიერებებს.

ორგანიზაცია მომხმარებლებს ურჩევს, წინასწარ დატესტონ ყველა სახის ნარკოტიკული საშუალება, როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს და ვისგანაც არ უნდა იყოს ის ნაყიდი.

“ამას სჭირდება 5 წუთი. ამას ვაკეთებთ უფასოდ”, — ამბობს თემო ხატიაშვილი.

ორგანიზაციის კიდევ ერთი რეკომენდაცია, ნარკოტიკის მოხმარების გზებისა თუ მოხმარების ინტენსივობის მიუხედავად, ყველა მომხმარებელმა იქონიოს პრეპარატი ნალოქსონი, რომელიც უფასოდ გაიცემა “მანდალას” ოფისში.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წლის აპრილში თქვა, რომ გადაუდებელი საჭიროების რიგი მედიკამენტები, მათ შორის, ნალოქსონი, ურეცეპტოდ გაიცემა აფთიაქებში.

“მანდალას” მისამართია თბილისი, სატივის ქუჩა #10.

“ეს განგაში შემთხვევით არ აგვიტეხია”

თემო ხატიაშვილი სახელმწიფოს მოუწოდებს, ორგანიზაციას ხელი არ შეუშალოს საქმიანობაში, დასძენს რა, რომ ადამიანების ნაწილი უფრთხის “მანდალას” ოფისში სინჯის მიტანას დასატესტად, რადგან ეშინია, რომ გზაში პოლიცია დაიჭერს.

“ძალიან კარგი იქნებოდა თუნდაც მინისტრის მოადგილისგან სიტყვიერი პირობა, რომ ჩვენს საქმიანობას ხელი არ შეეშლება, რადგან ჩვენ არ ვეწევით ნარკოტიკის პროპაგანდას. ჩვენი საქმე ემსახურება მხოლოდ ადამიანების გადარჩენას და მათი ცნობიერების გაზრდას.

…მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 5 წელია, ვარსებობთ და ჯერჯერობით არცერთი ინციდენტი მომხდარა, რომ ჩვენთან მოსულ ან ჩვენგან გასულ ბენეფიციარს პოლიციასთან პრობლემა ჰქონოდა. ესეც მინდა, მადლიერებით აღვნიშნო”.

მეორე მხრივ, ხატიაშვილი საკლუბო სივრცეებში რიგი სერვისების საჭიროებაზე საუბრობს, მათ შორისაა ტესტირება, ნარკოტიკული ნივთიერებების ჩვენებებთან დაკავშირებით კონსულტაციები და ზედოზირების შემთხვევაში დახმარების გაწევა.

“არის კლუბები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რამდენად საჭიროა ის სერვისები მათ ღონისძიებებზე… არაფერს ვითხოვთ კლუბებისგან, გარდა იმისა, რომ რაღაც სივრცე გამოგვიყონ, სადაც ამ საქმეს გავაკეთებთ”, — დასძენს ის.

ხატიაშივლის თქმით, ფიქრიც არ უნდა იმაზე, რა შეიძლება მოიტანოს ფენტანილიანი MDMA-ს კიდევ უფრო გავრცელებამ:

“ეს განგაში შემთხვევით არ აგვიტეხია. ფენტალინი იმდენად საშიშია, ამას თუ სერიოზულად არ დავუდექით და შევეწინააღმდეგეთ, გაფიქრებაც არ მინდა, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს.

მე გეუბნებით, რომ კვირა არ გავა, ზედოზირებით გარდაცვალების 2-3 შემთხვევის შესახებ რომ არ გავიგოთ, ოღონდ ამას გეუბნებით იმ პერიოდზე, როცა დღევანდელ სიტუაციასთან ოდნავ მიახლოებული ვითარებაც არ იყო.

თუ ეს არ შეჩერდა, ეს პარტია არ დაიბლოკა, თუ ადამიანებმა არ დატესტეს წინსწარ და თუ არ დაგვიჯერეს, რომ თუნდაც დატესტილი მერე არ უნდა მოიხმარონ, ძალიან ცუდი შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი