ახალი ამბები

ნალოქსონი და სხვა წამლები, რომლებსაც აუცილებლობის შემთხვევაში აფთიაქში ურეცეპტოდ გასცემენ

14 აპრილი, 2022 • 1804
ნალოქსონი და სხვა წამლები, რომლებსაც აუცილებლობის შემთხვევაში აფთიაქში ურეცეპტოდ გასცემენ

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გადაუდებელი საჭიროების მედიკამენტები აუცილებლობის შემთხვევაში ურეცეპტოდ გაიცემა. წამლებს შორის, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს ჩამონათვალში მოხვდა, არის პრეპარატი ნალოქსონი, რომელიც ოპიოდიური საშუალებებით ზედოზირებისას გამოიყენება.

პრეპარატი ეფექტიანია ჰეროინის, დეზორმორფინის მორფინის, კოდეინის და სხვა ოპიოიდური ნარკოტიკული საშუალებებით ზედოზირების დროს.

გარდა ნალოქსინისა, აუცილებლობის შემთხვევაში ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს შორისაა ანტიარითმიული, სპაზმოლიზური, წნევის დამწევი, ანტიალერგიული, ანაფილაქსიური შოკის საწინააღმდეგო, შარდმდენი, ანტიდიაბეტური, ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგო საშუალებები, ასევე, ბრონქული ასთმისა და სტენოკარდიული შეტევის კუპირების საშუალებები.

მათ შორის, კაპტოპრილი, დექსამეტაზონი, ეპინეფრინი, ფუროსემიდი, გლუკოზა, ინსულინი, სალბუტამოლი, ნიფედიპინი, ამიოკორდინი, ატროპინი, დიფენჰიდრამინი, გლიბენქლამიდი, მეტფორმინი, მეტოპროლოლი, პრედნიზოლონი, ნიტროგლიცერინი, ნალოქსონი და სხვა.

უწყების განცხადებით, აღნიშნული გამონაკლისი ეხება მეორე ჯგუფის მედიკამენტებს, რომლის რეცეპტიც 1 მარტიდან მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეცეპტის გარეშე ასევე გაიცემა III ჯგუფის მედიკამენტები, რომლებიც ნაკლებად მძიმე გვერდითი მოქმედებით ხასიათდებიან. მსგავსი ტიპის პრეპარატებია: ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, გაციების დროს გამოსაყენებელი,
კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალებები და სხვა.

სრულ სიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი