საზოგადოება

რუსი პროპაგანდისტების “სიმართლე” ხერსონში ვითარებაზე “პერვი კანალის” ეთერში

5 ოქტომბერი, 2022 • 1441
რუსი პროპაგანდისტების “სიმართლე” ხერსონში ვითარებაზე “პერვი კანალის” ეთერში

“გულწრფელად რომ ვთქვათ, 17 დასახლების დაკარგვა ხერსონის რეგიონში ძალიან შემაშფოთებელია”, — თქვა რუსმა პროპაგანდისტმა და რუსეთის “პერვი კანალის” წამყვანმა ოლგა სკაბეევამ მას შემდეგ, რაც კოლეგისაგან ხერსონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

გადაცემაში, რომლის ფრაგმენტებიც ამერიკელი ჟურნალისტის, ჯულია დევისის მიერ დაფუძნებული “რუსული მედიის მონიტორის” ყურადღების ცენტრში მოექცა, იმსჯელეს უკრაინაში შეჭრილი რუსეთის ძალების მდგომარეობაზე, მათ შორის, ანექსირებულ ხერსონში არსებულ ვითარებაზე.

“ფრონტზე სიტუაცია ძალიან რთულია. მცოდნე ხალხი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, იმ გაგებით, რომ მომდევნო 3 კვირა კიდევ უფრო რთული იქნება და უნდა მოვიცადოთ. დღეს თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ თქვა, რომ 200 000 [რეზერვისტი] უკვე მობილიზებულია და ისინი უახლოეს მომავალში აღმოჩნდებიან ფრონტზე.

სავარაუდოდ, შეტევაზე გადავალთ. მაგრამ ახლა ზელენსკია შეტევაზე”, — დასძინა ოლგა სკაბეევამ, შემდეგ კი სტუდიაში ჩართო ამავე ტელეარხის სამხედრო კორესპონდენტი, ალექსანდრ სლადკოვი.

“საშ, მოდი, სრული სიმართლე”, — მიმართა სკაბეევამ სლადკოვს, შემდეგ კი ჰკითხა, სად არის ყველაზე რთული წერტილები ფრონტზე.

“ნება მომეცით, ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, სიტუაცია რთულია: უკრაინის შეიარაღებული ძალები თავიანთი შესაძლებლობების პიკში არიან მათ მიერ გაზაფხულზე დაწყებული მობილიზაციის გამო.

ბუნებრივია, მათი შესაძლებლობების პიკი ასევე კავშირშია მსუყე მიწოდებებთან დასავლეთიდან, ორბიტალური თანავარსკვლავედის აქტიური მონაწილეობით სადაზვერვო საქმიანობაში”, — დასძინა სლადკოვმა, შემდეგ კი დაამატა:

“ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბანქოს სახლივით ჩამოვიშალეთ. დიახ, 17 დასახლება დავკარგეთ ხერსონში, ეს განიხილება ინტერნეტში. ამ სიტუაციაში სირთულის დონე, რა თქმა უნდა, პროგნოზირებადი იყო”.

სლადკოვმა ასევე ილაპარაკა რუსეთის ძალების მდგომარეობაზე კონკრეტულ მიმართულებებზე, მათ შორის, ლუგანსკის ოლქში. მანვე ილაპარაკა იმის შესახებ, რომ ფორტიფიკაცია მნიშვნელოვანია, ისევე როგორც სამხედრო პერსონალის შესაბამისად მომზადება.

“ჩვენ შეცდომებ არ დაგვიშვია გიგანტურ სტრატეგიებში. ჩვენი პრობლემაა ის, თუ როგორ ვიქცევით ლოკაციაზე. ჩვენ ჯერაც ვსწავლობთ. ვიცი, რომ შემზარავია ამის მოსმენა სპეციალური ოპერაციის მერვე თვეში. მიუხედავად ამისა, ჩვენ რეპორტიორები ვართ…

ველოდებით ძალების დამატებას, ისინი მოდიან, უკვე მზადდებიან. თუ ამ ხალხს ახლავე გავუშვებთ ბრძოლაში, მაპატიეთ, მაგრამ რა მოუვათ მათ? ჩვენ თანაგრძნობა უნდა გამოვიჩინოთ ჩვენი ჯარისკაცის მიმართ და მაღალ დონეზე უნდა მოვამზადოთ, რათა თავდაჯერებული იყოს ბრძოლის ველზე”.

ალექსანდრ სლადკოვის მტკიცებით, რუსეთის წარმატებებისა თუ წარუმატებლობების მიუხედავად, “მდგომარეობა სტაბილურია”.

მანვე ახსენა რუსეთის ძალების “დიდი დანაკარგები” ომის დასაწყისში და დასძინა, რომ ის 300 ათასი პირი, რომელთაც, მოსკოვის განცხადებით, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია ეხებათ, პირველ ეტაპზე რომ გაეშვათ საბრძოლველად, რუსეთი მათ დაკარგავდა.

“მადლობა ღმერთს, ყველაფერი ახლა ხდება, ემპირიული ცოდნის მიღების ფონზე ომის წარმოებულ ხერხებთან დაკავშირებით ფრონტის ხაზებზე”.

“დღეს სიტუაცია სხვაგვარია. დღეს ჩვენ ვხვდებით, რომ ჯარისკაცს სჭირდება მომზადება, გენერალს სჭირდება მომზადება… რა თქმა უნდა, სიტუაცია მარტივი არ არის, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ის შემაძრწუნებლად კომპლექსურია”, — აღნიშნავს სლადკოვი.

სამხედრო კორესპონდენტის ამ გამოსვლის შემდეგ სკაბეევამ შეშფოთება გამოხატა ხერსონში რუსეთის წარუმატებლობების გამო.

“გულწრფელად რომ ვთქვათ, 17 დასახლების დაკარგვა ხერსონის რეგიონში ძალიან შემაშფოთებელია. უშუალოდ ხერსონიც საფრთხის ქვეშაა ახლა? რას ვგრძნობთ იმაზე, რაც ხდება? რატომ არ არის [ფლანგები] გადაზღვეული?

მე მესმის სამხედრო პირზე ზრუნვით, პატივისცემითა და გაგებით მოპყრობის აუცილებლობა, მაგრამ როდის მიაღწევს ფრონტამდე [ეს] სამხედრო? ერთ ან ორ კვირაში გვიანი არ იქნება?” — იკითხა სკაბეევამ, რაზეც სლადკოვმა უპასუხა, რომ “არა”:

“არა, არა. იმ ძალებს, რომლებითაც ჩვენ ვიბრძვით, აშკარად არ აქვთ შესაძლებლობა, წაიწიონ კიევისკენ ან სწრაფად აიღონ ხარკოვი, მაგრამ ისინი საკმარისნი არიან იმ ტერიტორიებისთვის, რომელთათვისაც  უსაფრთხოებას უზრუნველვყოფთ.

…გინდათ, რომ ტომარაში აღმოვჩნდეთ? არა, არც მე მინდა და არც მათ სურთ ეს. ამიტომაც ვაწესრიგებთ ფრონტს, თუმცა — გამოვდივართ ტერიტორიებიდან. რა თქმა უნდა, ეს მტკივნეულია… ჩვენ ასევე გვაქვს დანაკარგები, მაგრამ ესაა ომი.

ისინი მოდიან, ტექნიკა მოდის. არ ვიტყუები, არ ვმონაწილეობ პროპაგანდაში. ჩვეულებრივი რეპორტიორი ვარ, აღვწერ მხოლოდ იმას, რაც ხდება”.

ვიდეოს დასასრულს ოლგა სკაბეევა კოლეგას ეკითხება, როდის დაიწყება ფრონტზე რუსეთისთვის სასიკეთო ცვლილებები, რაზეც ალექსანდრ სლადკოვი პასუხობს, რომ ფრონტის სტაბილიზება ხვალის საქმეა, თუმცა, “თუ მასშტაბურ შეტევაზე ვსაუბრობთ, ალბათ, ორ თვეში”.

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW)  5 ოქტომბერს გამოქვეყნებულ რელიზში დასძენს, რომ უკრაინის არმია მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს ხერსონის ოლქში და, ამავდროულად, განაგრძობს წინსვლას ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებში.

უკრაინელთა წინსვლისა და მოსკოვის წარუმატებლობების ფონზე, რუსეთის სახელმწიფო ტელეარხების საზეიმო რიტორიკა, რომელიც ომის დასაწყისში ხმიანდებოდა, შესამჩნევად შეიცვალა.

გასულ თვეში ამ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო ტელეკომპანიის, НТВ-ს ეთერში იკამათეს. სტუმართა ნაწილი მკვეთრად გაღიზიანებული ჩანდა რუსეთის არმიის ბოლოდროინდელი წარუმატებლობით და სტრატეგიის გადახედვის საჭიროებაზე მიანიშნებდა.

ერთ-ერთმა მათგანმა, რუსეთის დუმის ყოფილმა დეპუტატმა ბორის ნადეჟდინმა უკრაინასთან მოლაპარაკებების იდეა გაახმიანა, რის შემდეგაც რუსმა პროპაგანდისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა თავის ეთერში აღნიშნა, რომ ნადეჟდინი “ისტერიულია” და ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ, “15-დღიან პატიმრობებს იღებენ ხოლმე”.

“ბორიკას ჯერ არ მიუღია, მაგრამ მიიღებს”, — თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი