საზოგადოება

პოლიციამ თეირანში სტუდენტები დაარბია — ირანში პროტესტი გრძელდება

3 ოქტომბერი, 2022 • 598
პოლიციამ თეირანში სტუდენტები დაარბია — ირანში პროტესტი გრძელდება

ცნობების თანახმად, ირანის პოლიციამ თერაინის ერთ-ერთ ცნობილ უნივერსიტეტში სტუდენტები დაარბია. ესაა გაგრძელება ირანის ხელისუფლების მცდელობისა, ჩაახშოს მოქალაქეთა პროტესტი, რომელიც, მიუხედავად აქციებზე დაღუპულთა რიცხვის ზრდისა და უსაფრთხოების ძალების სიხისტისა, მესამე კვირაა გრძელდება.

ირანის ათეულობით ქალაქსა და დასახლებაში დემონსტრაციები ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო და მალევე მიიღო ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პროტესტის სახე წლების განმავლობაში.

პროტესტი უნივერსიტეტებში — რა მოხდა თეირანში

კვირას სტუდენტებმა ირანის არაერთი ქალაქის უნივერსიტეტში გამართეს საპროტესტო აქციები. მათ შორის იყო თეირანი, იაზდი, ქერმანშაჰი, სანანდაჯი, შირაზი და მეშჰედი. როგორც Reuters წერს სოც. მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისმოდა შეძახილები “დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სიკვდილი ხამენეის”.

გავრცელებული კადრების თანახმად, თეირანში მოქმედი შარიფის უნივერსიტეტი, რომელიც განსხვავებული აზრის ერთ-ერთ კერადაა მიჩნეული, პოლიციელებით იყო გარშემორტყმული.

უსაფრთხოების ძალები დღის მეორე ნახევარში დაუპირისპირდნენ შეკრებილებს: ერთ-ერთი ვიდეოს მიხედვით, სტუდენტები ტერიტორიიდან გარბიან, რასაც თან სდევს სროლის ხმა. კიდევ ერთი ვიდეოს მიხედვით, სტუდენტები მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეში იყვნენ ჩარჩენილი და ცდილობდნენ, იქიდან გაეღწიათ.

ლონდონში მოქმედი ტელეკომპანია Iran International ციტირებს ადგილზე მყოფი სტუდენტების ცნობას, რომლის თანახმადაც პოლიციამ რამდენიმე ავტომობილი დააყენა საპარკინგე ადგილას, შემდეგ დაედევნა სტუდენტებს, რომლებიც იქაურობას ტოვებდნენ, და არაერთი მათგანი დააკავა. ამავე ცნობებით, დაკავებულია 30-40 ადამიანი.

უნივერსიტეტში შექმნილი ვითარების ფონზე, ადგილზე ირანის მეცნიერების მინისტრი მოჰამედ ალი ზულფიგოლი მივიდა და სტუდენტები სახელმწიფო სახსრების ფლანგვაში დაადანაშაულა.

BBC-ის სპარსულენოვანი ბიუროს ცნობით, სტუდენტები მინისტრს უყვებოდნენ უსაფრთხოების ძალების მიერ მათ წინააღმდეგ ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზე და ეუბნებოდნენ, რომ ღელავდნენ თავიანთ კოლეგებზე, რომლებიც კამპუსში იყვნენ ჩარჩენილი.

მინისტრს უამბეს სტუდენტების ცემაზეც ხელკეტებით და იმის შესახებაც, რომ ერთ-ერთმა მათგანმა ამის გამო თვალზე მიიღო დაზიანება.

 

View this post on Instagram

 

A post shared by BBC NEWS فارسی (@bbcpersian)

მინისტრი ეუბნებოდა შეკრებილებს, რომ არ გაეგზავნათ ფოტოები და ვიდეოები “უცხოური არხისთვის”, რადგან ეს “არ შეშვენის ღირსეულ სტუდენტს”. დასასრულს, ზულფიგოლმა მიმართა სტუდენტებს, რომ დაემორჩილონ კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასის გადახდაც მოუწევთ.

ცნობების თანახმად, მას შემდეგ, რაც პოლიციის ქმედებების შესახებ შეიტყვეს, მოქალაქეთა ჯგუფები შარიფის უნივერსიტეტისკენ გაემართნენ. Iran International-ის მიხედვით, “ადამიანები ცდილობდნენ, გაეძლიერებინათ ზეწოლა უსაფრთხოების ძალებზე კამპუსის მიმდებარე გზის გადაკეტვით, ავტომანქანებიდან სიგნალებითა და სლოგანების ყვირილით”.

ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიას ესვრის მანქანას, საიდანაც დაკავების კადრებს იღებენ.

მოგვიანებით პოლიციამ უნივერსიტეტისკენ მიმავალი გზები გადაკეტა.

კვირას ღამით “შარიფის უნივერსიტეტის “ისლამურმა ასოციაციამ” ძალოვნების ქმედებებს უწოდა “სამარცხვინო ლაქა” და მოუწოდა ირანის უნივერსიტეტების პროფესორებსა და სტუდენტებს, სოლიდარობის ნიშნად უარი თქვან ლექციების ჩატარებასა და მოსმენაზე.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, სტუდენტთა საპროტესტო აქციები სხვადასხვა უნივერსიტეტში 3 ოქტომბერსაც გრძელდება.

შარიფის უნივერსიტეტში განვითარებული პროცესები მოგვიანებით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დაგმო. მისი თქმით, რეჟიმის მიერ უხეში ძალის გამოყენება იმის გამოხატულებაა, რომ მას ეშინია განათლებისა და თავისუფლების.

მეორე მხრივ, გერმანული Spiegel-ის თანახმად, გერმანია, საფრანგეთი, დანია, იტალია და ჩეხეთი ახალ სანქციებს ამზადებენ ირანის წინააღმდეგ, ხელისუფლების მიერ დემონსტრანტებისადმი ძალადობის გამო. სანქციების წარმოდგენილი ვარიანტი მოიცავს 16 პირს, ორგანიზაციასა და ინსტიტუციას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პროტესტის ჩახშობის მცდელობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლის რიცხვი იზრდება, ხელისუფლება კი ცდილობს, ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით და სხვადასხვა ტიპის ტყვიებით — მათ შორის, უფლებადამცველებისა და ვიდეოების თანახმად, ცეცხლსასროლი ტყვიებით — ჩაახშოს პროტესტი, ირანში დემონსტრაციები არ წყდება 16 სექტემბრიდან დღემდე.

ნორვეგიაში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციის “Iran Human Rights” თანახმად, მოკლულია 133 ადამიანი, მათ შორის 40 პირი დაიღუპა გასულ კვირას, ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ზაჰედანში მომხდარი შეტაკებების შედეგად.

სახელმწიფო მედია ზაჰედანში 20 დაღუპულზე საუბრობს და ამაში ადანაშაულებს სეპარატისტულ ჯგუფს ბეულჯების უმცირესობიდან, რომელთაც, მათი ცნობით, ცეცხლი გახსნეს.

“რადიო თავისუფლების” სპარსულენოვანი ბიუროს ცნობით, ეს ვიდეო ირანის ქალაქ ქაშანის უნივერსიტეტის კამპუსშია გადაღებული 2 ოქტომბერს. სტუდენტები სკანდირებენ: “ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება!” 

ირანის ხელისუფლება, რომელიც დაღუპულთა რიცხვს არ ახმიანებს, უსაფრთხოების ძალების მრავალი წევრი მკვლელობაზე საუბრობს და ამაში ადანაშაულებს “მეამბოხეებსა და ავაზაკებს, რომლებსაც უცხოელი მტრები უჭერენ მხარს”.

საპროტესტო აქციებზე ირანელები მწვავედ აპროტესტებენ მკაცრ ნორმებსა და რიგ სოციალურ თუ პოლიტიკურ რეპრესიებს ისლამური რესპუბლიკის პირობებში. როგორც BBC წერს, დემონსტრაციების ტალღა ირანის ხელისუფლებისთვის ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა წლების განმავლობაში.

პროტესტი თეირანში 2 ოქტომბერს. ფოტო: RFE/RL 

სოციალურ ქსელში მრავალგზის ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ იხდიან და წვავენ პროტესტის მონაწილე ქალები თავსაბურავს, რომლის ტარებაც ქვეყანაში სავალდებულოა.

პროტესტი მრავალგზის ხასიათდება დაპირისპირებით უსაფრთხოების ძალებთან, რომლებიც დემონსტრაციების ჩახშობას ცდილობენ:

გასულ პერიოდში დემონსტრანტებმა დაწვეს პოლიციის მანქანები და განყოფილებები, გაანადგურეს და დააზიანეს ხელისუფლებასთან ასოცირებულ ბანერები. ისმის ირანის სულიერი ლიდერისა და მთავრობის საწინააღმდეგო სლოგანები, მათ შორის, “სიკვდილი დიქტატორს” და “სიკვდილი ისლამურ რესპუბლიკას”, ასევე, შეძახილი “ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება”.

საერთაშორისო ორგანიზაცია “Amnesty International” ასობით დაშავებულისა და ათასობით დაკავებულის შესახებ იუწყება. დაკავებულებს შორის არიან ცნობილი სახეები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით მხარს უჭერენ პროტესტს.

მაჰსა ამინის სიკვდილი

მაჰსა ამინი, რომელიც ქურთისტანის პროვინციის ქალაქ საყეზიდან იყო, პარასკევს გარდაიცვალა რამდენიმედღიანი კომის შემდეგ. ის დედაქალაქ თეირანში, თავის ძმასთან ერთად იყო, როცა ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით.

არსებობს ცნობები, რომ პოლიციამ ამინი თავში ხელკეტით სცემა და ავტომობილზე მიარტყმევინა თავი. პოლიცია ძალადობას უარყოფს და ამბობს, რომ ქალს “გულის უეცარი უკმარისობა” დაემართა.

თავის მხრივ, მაჰსა ამინის ოჯახში ამბობენ, რომ ის ჯანმრთელი იყო. გარდაცვლილის მამის, ამჯად ამინის თქმით, ქალს ფეხებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ქალიშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ის პოლიციას აკისრებს.

ამჯად ამინი BBC-ს ეუბნება, რომ ექიმები საშუალებას არ აძლევდნენ, ენახა შვილის ცხედარი, ხოლო მას შემდეგ, რაც დასაკრძალად გაამზადეს,მამამ მხოლოდ მაჰსა ამინის სახისა და ფეხების დანახვა შეძლო.

ის ასევე ამბობს, რომ მოწმეებმა ოჯახს უამბეს მაჰსა ამინის ცემის შესახებ პოლიციის ფურგონსა და განყოფილებაში.

მაჰსა ამინი 

მანამდე, თეირანის პროვინციის სასამართლო მედიცინის უწყების გენერალურმა დირექტორმა, მეჰდი ფარუზეშმა თქვა, რომ თავისა და სახის არეში ამინის დაზიანებების ნიშნები არ აღენიშნებოდა, თვალების ირგვლივ სისხლჩაქცევებიც არ ჰქონია და არც მოტეხილობები თავის ქალაზე.

ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ ქალს არც შინაგანი დაზიანებების ნიშნები ჰქონია.

მაჰსა ამინის მამა ტყუილს უწოდებს მტკიცებას, რომ მის ქალიშვილს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, რომელთაც, შესაძლოა, წვლილი მიუძღოდეს მის გარდაცვალებაში. თეირანის სასამართლო მედიცინის უწყების გენ. დირექტორს ნათქვამი აქვს, რომ ქალს ტვინის ოპერაცია გაუკეთეს 8 წლის ასაკში.

“ისინი იტყუებიან… გასული 22 წლის მანძილზე ის არცერთ საავადმყოფოში არ მოხვედრილა, გარდა გაციებასთან დაკავშირებული რამდენიმე ავადმყოფობისა… ” ,— დასძენს ამჯად ამინი და ამბობს, რომ მის ქალიშვილს არასდროს გაუკეთებია ოპერაცია.

ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ, რომლის დროსაც გამკაცრდა ქალთა ჩაცმულობის კონტროლი, ამინის დაღუპვის გამოძიებსი ბრძანება გასცა. გასულ კვირას მან თქვა, რომ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა “მომავალ დღეებში” იქნება წარმოდგენილი.

გარეკანის ფოტო: Getty Images/BBC

ცემა, სროლა, დაკავებები — როგორ დაარბიეს სტუდენტები თეირანში

ესაა ქალების რევოლუცია, კაცები მათ ეხმარებიან — დემონსტრანტის ნაამბობი ირანიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი