საზოგადოება

გომელაურის თანახმად, ბოლო 2 დღეში რუსეთიდან დაახლოებით 21 ათასი ადამიანი შემოვიდა

27 სექტემბერი, 2022 • 951
გომელაურის თანახმად, ბოლო 2 დღეში რუსეთიდან დაახლოებით 21 ათასი ადამიანი შემოვიდა

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, საქართველოში ბოლო ორ დღეში 21 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.

მისი განცხადებით, სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების პირველ დღეებში რუსეთიდან საქართველოში ყოველდღიურად დაახლოებით 5-6 ათასი ადამიანი შემოდიოდა, ბოლო ორ დღეში კი ამ მაჩვენებელმა 40-45%-ით მოიმატა.

“დაახლოებით 4-5 დღის წინ იყო 5 ათასიდან 6 ათას ადამიანამდე შემომსვლელი და ახლა გაიზარდა დაახლოებით 10 ათასამდე, სადღაც 40-45%-ით მოიმატა. გუშინ იყო, მაგალითად, 11 200 ადამიანი, გუშინწინ 10 400-მდე იყო, თუ არ ვცდები. ანუ 100 და 200 ათასი არ შემოდის.

რომ ვთქვათ, რომ ეს ყველაზე დიდი რიცხვებია, ასე არ არის. ზაფხულში იყო, მაგალითად, ოღონდ ისინი იყვნენ ტურისტები და არა, ვთქვათ, სხვა მიზნით ჩამოსული ადამიანები. სავარაუდოდ, ჩვენი აზრით, თავს არიდებენ სამხედრო სამსახურში გაწვევას. თუმცა მე ერთი კითხვა მიჩნდება ყოველთვის. ეს ოპოზიცია ორად არის გაყოფილი, როგორც ჩანს, თუმცა ევროპაში უკვე სხვანაირად ფიქრობენ და სხვა მიდგომებზე გადადიან. ზოგი იძახის, რომ უნდა ჩავკეტოთ და საერთოდ აღარ შემოვუშვათ, ზოგი იძახის, რომ პირიქით- შემოვუშვათ, რომ არ წავიდნენ ომში, არ მოკლან უკრაინელები, არ ებრძოლონ უკრაინელებს. იქნებ ჩამოყალიბდნენ, უნდა შემოვუშვათ თუ არ უნდა შემოვუშვათ”, – განმარტა გომელაურმა და დასძინა, რომ ყველაზე მეტი ადამიანი ლარსის გამშვები პუნქტიდან ცდილობს შემოსვლას:

“სხვა საზღვრებზე ნაკლებია… ძალიან ცოტა შემოდის სომხეთიდანაც, აზერბაიჯანიდანაც. შეიძლება 10%-იც არ არის”, – აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება საზღვრების ჩაკეტვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს, გომელაურმა ჟურნალისტებს უპასუხა:

“ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად რუსები, წლებია დადიან საქართველოში. დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური?!… რუსეთის მოქალაქეები ყოველთვის შემოდიოდნენ, და ახლა დავკეტოთ [საზღვარი] დღეს?!”.

გომელაურის თქმით, ლარსის გამშვები პუნქტზე უკვე გართულებულია გამტარობა, თუმცა დანაყოფები გაძლიერებულად მუშაობენ.

“პიკზე ვართ, ამაზე მეტის გატარება არა მგონია, რომ შევძლოთ [ყოველდღიურად]”, – აღნიშნა მან.

რუსული TASS-ის თანახმად, გუშინ, 26 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა, ირბეკ ტომაევმა თქვა, რომ საქართველოს საზღვარზე რუსული საბაჟო პუნქტი “ზემო ლარსი” ერთი კვირის განმავლობაში ორივე მიმართულებით 37 000-ზე მეტმა მანქანამ და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. ტომაევის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 23,3%-ით მეტია გასულ საანგარიშო კვირასთან შედარებით.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეების ზუსტი რიცხვის დასადგენად “ნეტგაზეთმა” გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.


მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის დატოვება დაიწყეს. მათი ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი საქართველოა, რადგან მათ აქ შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ და ქვეყანაში გაჩერება ერთი წლის ვადით შეუძლიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის 24 076-ით მეტი მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე ამავე წლის ივლისში. სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში რუსეთის 260 810 მოქალაქე შემოვიდა, ხოლო ივლისში -236 734 მოქალაქე.

21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამის შემდეგ ლარსის გამშვებ პუნქტთან საქართველოში შემოსვლის მსურველების რაოდენობამ მკვეთრად იმატა.ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება. თუმცა კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებას მობილიზაციის შესახებ ერთი საიდუმლო პუნქტი აქვს.
პუტინის და შოიგუს საჯარო განცხადებებისგან განსხვავებით, უშუალოდ ბრძანებაში არსადაა ნახსენები, რომ მობილიზაციაში მონაწილეობას მხოლოდ რეზერვისტები ან/და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები იღებენ, რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლს ომში ყველას გამოძახება შეეძლება და არამხოლოდ 300 000 კაცის.

მასალების გადაბეჭდვის წესი