საზოგადოება

დაღესტანში მობილიზაციის მოწინააღმდეგეებს ჰაერში ცეცხლი გაუხსნეს

25 სექტემბერი, 2022 • 880
დაღესტანში მობილიზაციის მოწინააღმდეგეებს ჰაერში ცეცხლი გაუხსნეს

რუსეთში პრეზიდენტ პუტინის გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის წინააღმდეგ პირველი მძლავრი საპროტესტო აქცია დაღესტანში გაიმართა, სადაც მილიციამ ჰაერში ცეცხლიც კი გახსნა.

როგორც დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „მედუზა“ იტყობინება, დაღესტანში, სოფელ ენდირეის მოსახლეობამ ხასავრიუტ-მახაჩკალის დამაკავშირებელი ფედერალური მნიშვნელობის მაგისტრალი გადაკეტა.

სხვადასხვა ტელეგრამ წყაროს ცნობით, აღნიშნული სოფლიდან მობილიზაციის ფარგლებში უკრაინაში საომრად 110 კაცი გამოიძახეს.

„მედუზას“ ცნობით, აქციაზე გავიდნენ ადამიანები, რათა დაიცვან საკუთარი ძმები, შვილები და ქმრები. აქციაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ხსნის მილიცია ცეცხლს ჰაერში. ჯერჯერობით არ არის ცნობები დაშავებულთა, ან დაკავებულთა შესახებ.

დაღესტანში, აქციაზე გადაღებულ კადრებში ჩანს, ათეულობით ქალი როგორ ეჩხუბება მილიას და როგორ სკანდირებენ „არა ომს! არა ომს!“

როგორც რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“ იტყობინება, საპროტესტო აქციის გამართვის შემდეგ დაღესტნის მმართველმა სერგეი მელიკოვმა განაცხადა, რომ ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა მობილიზაციის ფარგლებში არასწორი კრიტერიუმით გამოიძახეს ხალხი, რამაც ადგილობრივთა წყენა გამოიწვია. შესაბამისად, როგორც მელიკოვი ამბობს, ხარვეზი გამოსწორდება.

„მობილიზაცია გაგრძელდება მკაცრად იმ კრიტერიუმების შესაბამისად, რომელიც გამოაცხადა პრეზიდენტმა. მის ბოლო ბრძანებაში შავით თეთრზე წერია, თუ ვინ უნდა გამოძახონ. არანაირი შეცდომეა და წესებიდან გამონაკლისი არ უნდა მოხდეს“, — განაცხადა მელიკოვმა და პასუხსმგებლობა ადგილობრივ მმართველებსა და კომისარიატებს დააკისრა.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის მოქალაქეთა მრავალათასიანი ნაკადი დაიძრა, ძირითადად, ყაზახეთისა და საქართველოს მიმართულებით. ორივე ქვეყნის საზღვართან რუსეთის მხრიდან რამდენიმეკილომეტრიანი რიგებია. ქვეყნის დატოვებას, მობილიზაციისგან თავის დასაღწევად, სამხედრო ასაკის კაცები ცდილობენ.


21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა მოქალაქეების უკრაინის წინააღმდეგ ომში წასაყვანად. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

თუმცა კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებას მობილიზაციის შესახებ ერთი საიდუმლო პუნქტი აქვს. პუტინის და შოიგუს საჯარო განცხადებებისგან განსხვავებით, უშუალოდ ბრძანებაში არსადაა ნახსენები, რომ მობილიზაციაში მონაწილეობას მხოლოდ რეზერვისტები ან/და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები იღებენ, რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლს ომში ყველას გამოძახება შეეძლება და არამხოლოდ 300 000 კაცის.

მასალების გადაბეჭდვის წესი