საზოგადოება

„ოცნება“ უნდა იყოს ინკლუზიური, ოპოზიციას ვთხოვთ, შეუერთდეს სამუშაო ჯგუფებს – კალიურანდი

20 სექტემბერი, 2022 • 786
„ოცნება“ უნდა იყოს ინკლუზიური, ოპოზიციას ვთხოვთ, შეუერთდეს სამუშაო ჯგუფებს – კალიურანდი

დღეს, 20 სექტემბერს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მომხსენებელი სვენ მიქსერი საქართველოს პარლამენტში ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წევრებს შეხვდნენ.

როგორც საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარები ამბობენ, ახლა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი მომენტია და ამიტომ საჭიროა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად იმუშაონ.

„ჩვენ აქ ვართ, რათა კიდევ ერთხელ დაგანახოთ ამ მომენტის მნიშვნელობა საქართველოსთვის. ეს არის მომენტი, რომელზეც მე ყოველთვის ვამბობდი, საქართველო უნდა მომზადებულიყო და სწორედ ახლაა ეს დრო. ახლა ეს თქვენი პოლიტიკოსების ხელშია და როგორც მმართველ პარტიაზე, ისე ოპოზიციაზე ვამბობ, რომ დასხდნენ ერთად, დაიწყონ თანამშრომლობა ქართველი ხალხის სასარგებლოდ და იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომელიც განისაზაღვრა.

„ქართული ოცნება“ უნდა იყოს ინკლუზიური, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციას, რათა იგრძნონ, რომ მათ უსმენენ. ოპოზიციას ვთხოვთ, რომ შეუერთდეს სამუშაო ჯგუფებს, მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის მუშაობაში, რადგან მათ აქვთ მანდატი ხალხისგან და მათი ვალდებულებაა, წარმოადგენდნენ საზოგადოებას დემოკრატიის საუკეთესო გზით“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

სვენ მიქსერმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ახლა ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს.

„ევროპული ინტეგრაცია ბევრად დიდი მიზანია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი. ამიტომ ახლა არის მომენტი, როდესაც ყველა გაერთიანდეს და პოლიტიკურმა კლასმა ქართველ ხალხს იმედი არ გაუცრუოს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებში დეტალურადაა ახსნილი, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრები დადებით დასკვნამდე მივიდნენ და ქვეყანამ წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„ვფიქრობ, ესაა საქართველოს პოლიტიკური კლასის საშინაო დავალება“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

ხვალ, 21 სექტემბერს, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-11 სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი