საზოგადოება

ქცევითი თერაპევტები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ

16 სექტემბერი, 2022 • 2754
ქცევითი თერაპევტები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ

ქცევითი თერაპევტები, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების აბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მუშაობენ, ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.

ამჟამად პროგრამაში ჩართულ თითო ბავშვზე მერია ვაუჩერის სახით ერთ თერაპიაზე 20 ლარს გამოყოფს. ამ ვაუჩერით მშობლები მიდიან კერძო ცენტრებში, სადაც მათ შვილებს თერაპია უფინანსდებათ. 20 ლარით იფარება როგორც თერაპევტის ხელფასი, ასევე, თერაპიისთვის აუცილებელი აღჭურვილობა. მერია არ არეგულირებს ამ თანხის გადანაწილების პროპორციას თერაპევტის ხელფასსა და აღჭურვილობას [მაგ. სათამაშო] შორის.

თერაპევტები ამბობენ, რომ მათი ანაზღაურება თითო თერაპიაზე საშუალოდ 6-8 ლარის ფარგლებში მერყეობს, ინფლაციის ფონზე კი უბრალოდ უჭირთ თავის გატანა. ისინი აფრთხილებენ უწყებას, რომ თუ ვაუჩერის ფასი არ გაიზარდა, სისტემიდან კადრები გავლენ.

დღეს თერაპევტები და ორგანიზაცია „სოლიდარობის ქსელი“ მერიასთან შეიკრიბნენ და კახა კალაძესთან შეხვედრა ითხოვეს.

ჟურნალისტებისა და თერაპევტების კითხვებს ჯანდაცვის და სოც. მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა უპასუხა. გელა ჩივიაშვილმა თქვა, რომ კერძო ცენტრის შრომით ურთიერთობებში მერია ვერ ჩაერევა.

რას ამბობენ თერაპევტები?

2021 წელს „სოლიდარობის ქსელმა“ ჩაატარა კვლევა, რომელიც ქცევით თერაპევტთა შრომის პირობებს იკვლევს. ამ კვლევის თანახმად, გამოკითხულ თერაპევტთა:

  • 4.1%-სთვის ყოველთვიური შემოსავალი 400 ლარზე ნაკლებია.
  • 17.3%-ისთვის – 401-600 ლარი
  • 29.3%-ისთვის – 601-800 ლარი
  • 25.3%-ისთვის – 801-1000 ლარი
  • 10.7%-სთვის – 1001-1200 ლარი
  • 13.3%-ისთვის 1200 ლარზე მეტი

თერაპევტების განმარტებით, დაბალ შემოსავალთან ერთად პრობლემაა ისიც, რომ ანაზღაურება არასტაბილურია. მაგალითად, თუ სეანსი ბავშვმა გააცდინა – ის თანხა თერაპევტს არ ჩაერიცხება.

კოლეგებთან ერთად დღეს მერიასთან ეთერ მაისურაძე მივიდა. სწორედ მის სახელზე დაიწერა მოთხოვნა კახა კალაძესთან შეხვედრის შესახებ.

ქცევითი თერაპევტების წერილი თბილისის მერიას. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

ეთერი მეოთხე წელია თერაპევტია. ამბობს, რომ კვირაში 30 საათს მუშაობს, თუმცა ხშირად უწევს ზეგანაკვეთური შრომა – მაგალითად, აქტივობების დაგეგმვა, მშობლებთან კომუნიკაცია. არის შემთხვევები, როდესაც გვიან ღამითაც ურეკავენ მშობლები – „ასეთ დროს უარს ვერ იტყვი“.

„ჩვენი სერვისი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის გადაუდებელი აუცილებლობაა. ამას მხოლოდ მე კი არ ვფიქრობ, ეს არის მეცნიერულად დასაბუთებული, სწორედ ამიტომაც არსებობს ეს სერვისი და სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მხოლოდ ამ სერვისს აფინანსებენ. ABA თერაპიას (ქცევითი თერაპია) აქვს მეცნიერული დასაბუთება, რომ ის არის შედეგის მომცემი ამ დიაგნოზის მქონე ბავშვებში. ეს თერაპია აუმჯობესებს ბავშვისა და ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებას“ ,- ამბობს ეთერ მაისურაძე ნეტგაზეთთან.

მისივე თქმით, მერიაში შეტანილი წერილის მთავარი მოთხოვნა კახა კალაძესთან შეხვედრაა, რათა დაფინანსების სისტემა ერთად განიხილონ.

„ის ფორმა, რა ფორმითაც დაფინანსების სისტემა არსებობს, არ არის მორგებული დღევანდელ რეალობაზე. 2015 წელს შეიქმნა ეს პროგრამა და 2015 წლის შემდეგ საათობრივი ვაუჩერული დაფინანსება ბავშვისთვის და თერაპევტისთვის არ შეცვლილა. მას შემდეგ მოხდა 50%-იანი ინფლაცია. ეს ნიშნავს, რომ დღესდღეობით ჩვენი ხელფასი არის იმის ნახევარი, რაც იყო 2015 წელს”.

თერაპევტი ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, პროგრამიდან კადრები გაედინება, რადგან ზუსტად იმავე სერვისში, თუმცა არა მერიის, არამედ კერძო დაფინანსებით, ფასები 30 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს – „გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ბავშვების მომავალი არის საფრთხის ქვეშ,“.

ეთერ მაისურაძე. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროფესია არის რთული და არასტაბილური. [თერაპევტები] უმეტესობა ახალგაზრდა ადამიანები არიან, რომლებსაც უყვართ თავიანთი პროფესია, უნდათ, რომ დარჩნენ, მაგრამ ეს სფერო უბიძგებს, რომ გავიდნენ… სხვაგან დაიწყონ მუშაობა ან საერთოდ ემიგრაციაში წავიდნენ“, – ამბობს სოფო ჯაფარიძე „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარე.

ის ამბობს, რომ მერიამ უნდა გაზარდოს 20-ლარიანი ვაუჩერი და შესთავაზოს თერაპევტებს უკეთესი დაფინანსების სისტემა – „დღეს, როგორც ეს მიღებულია, ვაძლევთ 10 სამუშაო დღეს მერიას. თუ არ გვიპასუხებს, ვაპირებთ გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯებზე – მედიაცია, გაფიცვა, ყველაფერს გამოვიყენებთ“.

მერიის პასუხი

ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის თქმით, მერია ამ ეტაპზე არ აპირებს გაზარდოს დაფინანსება. მისივე თქმით, თუ დაფინანსების ცვლილების საკითხი წლის ბოლოს – ბიუჯეტის შედგენისას დადგება, მერია მას დარგის ექსპერტებთან გაივლის.

ამჟამად პროგრამის ფარგლებში ფინანსდება თვეში კომპლექსური თერაპიის 20 (მინიმუმ ერთსაათიანი) სეანსი. სეანსის ღირებულება შეადგენს 20 ლარს. ხოლო თვის ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 400 ლარს.

გელა ჩივიაშვილი, ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„რაც შეეხება ამ თემას, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას ჩვენ ვაფინანსებთ უკვე მეშვიდე წელია. ჩვენ ვაფინანსებთ უშუალოდ ბავშვებს. ერთი სეანსის ღირებულება შეადგენს 20 ლარს და, შესაბამისად, ყოველწლიურად ხდება ამ პროგრამის ბიუჯეტის ზრდა. წელს არის 6 მილიონი ლარი.

რაც შეეხება უშუალოდ თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებას – ეს არ შედის მერიის კომპეტენციის ფარგლებში და რეალურად ეს არის შრომითი ხელშეკრულება, რომელიც იდება დაწესებულებასა და ამ თერაპევტებს შორის. აქედან გამომდინარე, უშუალოდ მათ ურთიერთობაში მერია ვერ ჩაერევა, რადგან ეს წარმოადგენს კერძო დაწესებულებას და მათ შორის ურთიერთობა რეგულირდება შრომის კოდექსითა და კანონქვემდებარე აქტებით“, – აცხადებს ის.

ჩვენს კითხვაზე, რატომ არ იზრდება ინფლაციის ფონზე დაფინანსება ბავშვებისთვის, ჩივიაშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტი მზარდია, ოღონდ ბავშვების რაოდენობის ფონზე. ამჟამად პროგრამაში 1575 ბავშვია ჩართული – „ჩვენ ვაფინანსებთ ბავშვებს. თუ სად მიიღებენ ბავშვები ამ მომსახურებას, ამას წყვეტენ ამ ბავშვის ოჯახები,“.

თერაპევტები ჰყვებიან, რომ დაფინანსებული 20 ლარიდან ნაწილი ხმარდება მათ ხელფასს, ნაწილი- აღჭურვილობას, მათ შორის, სათამაშოებს, რომლებიც თერაპიის განუყოფელი ნაწილია. ჟურნალისტებმა ჰკითხეს ჩივიაშვილს, როგორ იყიდონ ცენტრებმა 20 ლარად სათამაშოებიც და ხელფასიც მისცენ თერაპევტსაც:

„შეიძლება მერიის პროგრამის ფარგლებში არის 20 ლარი, მაგრამ სამაგიეროდ კერძო მომსახურება გაიზარდა ამ ადამიანების. არაპროგრამული მომსახურება, რომელიც არანაკლებია. კომერციული ფასი მერყეობს 30-დან 60 ლარამდე, შესაბამისად, ეს შეიძლება დარეგულირდეს საერთო შემოსავლებით, რომლებიც გააჩნიათ კერძო ცენტრებს“,- ამბობს ის.

„კადრების გადინება ჩვენგან არ ხდება. თუ რომელიმე კონკრეტულ დაწესებულებაში პირობები არ მოსწონთ, მათ შეუძლიათ გადავიდნენ სხვა დაწესებულებაში, ეს მათი უფლებაა“.

კომენტარის ბოლოს ის ამბობს, რომ თუ საჭიროება იქნა, მერია ჩაერთვება მოლაპარაკებებში – „თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მერია არ არის ის გადამწყვეტი ორგანო, ვინც ხელფასებს განსაზღვრავს“.

ამ პასუხის მიუხედავად „სოლიდარობის ქსელი“ ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებს. თერაპევტები მათ შორის მოითხოვენ მედიაციის პროცესის დაწყებას პროგრამის განმახორციელებენ ცენტრებსა და მერიას შორის.

ერთ-ერთი ცენტრის გამოცდილება

ნეტგაზეთი კომენტარისთვის დაუკავშირდა „ბავშვის განვითარების ინსტიტუტს“, რათა მათი გამოცდილებისა და პოზიციის შესახებ მოგვესმინა.

აბილიტაციის პროგრამას სწორედ ასეთი ცენტრები ახორციელებენ. პროგრამა ასე მუშაობს: მერია 20-ლარიანი ვაუჩერით აფინანსებს ბავშვს, ამ ვაუჩერით მშობელი მიდის განვითარების კერძო ცენტრებში და მისი შვილი იღებს სერვისს. ცენტრები ასევე მუშაობენ მერიის პროგრამის მიღმაც, მათთვის, ვინც პროგრამაში ვერ მოხვდა, ან იმ ბავშვებისთვის, ვისთვისაც პროგრამის საათები არასაკმარისია და დამატებითი თერაპიები ესაჭიროებათ. ასეთ შემთხვევაში თერაპიის ფასს უკვე ცენტრი აწესებს.

ცენტრის დირექტორი, ნინო ცინცაძე ამბობს, რომ მერიის პროგრამის 20 ლარიდან 17,4 ლარი თერაპევტის ანაზღაურებაზე მიდის.

„ადმინისტრაცია ამ 20 ლარიდან არ იღებს არაფერს, შესაბამისად, რაც რჩება, იმ პროგრამის მასალებზე მიდის და არ არის საკმარისი“, – ამატებს ის.

დამატებით ფინანსურ საკითხებზე გვესაუბრა ასევე ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფინანსური მენეჯერი ხათუნა ავსაჯანიშვილი

„20 ლარი, რომელიც არის გამოყოფილი მერიიდან, ეს არის, რა თქმა უნდა, თერაპევტების ხელფასი და დიდი ნაწილი აქედან არის სათამაშოები და აღჭურვილობა. მოგეხსენებათ, რომ აუტიზმის მქონე ბავშვები ტიპური განვითარების მქონე ბავშვები არ არიან და უფრო ხშირად ფუჭდება მასალა. შესაბამისად, ხარჯიც მეტია ჩვენ შემთხვევაში, რადგან ვემსახურებით აუტიზმის მქონე ბავშვებს და ქცევები ხშირად არაპროგნოზირებადია. თერაპევტების ხელფასი მაქსიმალურია, რაც შეიძლება იმ 20 ლარში. თუმცა ხარჯი მეტია“, – ამბობს ხათუნა ავსაჯანიშვილი.

ჩვენ ვკითხეთ მას, შეუძლია თუ არა, ცენტრმა არაპროგრამული თერაპიების ხარჯზე „დააბალანსოს“ აღჭურვილობის ხარჯები.

ფინანსური მენეჯერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ცენტრში სულ 10-15 ბავშვია  პროგრამის მიღმა, 95 ბავშვი კი პროგრამულია. შესაბამისად, პროგრამული თერაპიების ხარჯებს არაპროგრამულით ვერ „დააბალანსებენ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი