ახალი ამბები

მაქსიმ გალკინი თბილისში კონცერტს გეგმავს უკრაინის მხარდასაჭერად

12 ივლისი, 2022 • 2452
მაქსიმ გალკინი თბილისში კონცერტს გეგმავს უკრაინის მხარდასაჭერად

რუსი შოუმენი, იუმორისტი და ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი თბილისში კონცერტის გამართვას გეგმავს უკრაინელი დევნილების დასახმარებლად.

პლატფორმა „ბილეთები.ჯი-ს“ ცნობით, კონცერტი 15 ოქტომბერს გაიმართება თბილისის სპორტის სასახლეში და შემოსული თანხა უკრაინელი დევნილების დასახმარებლად დაიხარჯება.

პლატფორმის ცნობითვე, გალკინი საქართველოში ჩამოდის მსოფლიო ტურის ფარგლებში, რომელიც უკრაინელი დევნილების დასახმარებლად ტარდება და რომლის ფარგლებშიც გალკინი კონცერტებს გეგმავს ისრაელში, აშშ-ში, პოლონეთსა და რამდენიმე ქვეყანაში.

Biletebi.ge ბილეთების გაყიდვას 25 ივლისიდან აანონსებს.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრის ფონზე, მაქსიმ გალკინი  უკრაინას უცხადებს მხარდაჭერას.

შოუმენმა, რომელსაც 9 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე, ამ საკითხზე პირველი პოსტი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პირველსავე დღეს, 24 თებერვალს, გამოაქვეყნა.

„დილიდანვე ვუკავშირდები ნათესავებსა და მეგობრებს უკრაინიდან! სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობ! ომის გამართლება არ შეიძლება“, – დაწერა მან.

მან ცოლთან, ალა პუგაჩოვასთან და შვილებთან ერთად რუსეთი დატოვა.

გალკინი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მისი პოზიცია ომთან დაკავშირებით ცნობილი გახდა, რუსეთში შეუჩერეს სარეკლამო ხელშეკრულებები, უკვე დაგეგმილი კონცერტები და სატელევიზიო ეთერიდან ჩახსნეს ის სარეკლამო რგოლებიც, სადაც თვითონ მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი