საზოგადოება

“რატომ ვართ აქ?” – ევროპის ჩემპიონატი თბილისში მაყურებლის გარეშე

2 სექტემბერი, 2022 • 2101
“რატომ ვართ აქ?” – ევროპის ჩემპიონატი თბილისში მაყურებლის გარეშე

2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის „ა“ ჯგუფის თამაშები წელს საქართველოში ტარდება.

ტურნირის გახსნითი შეხვედრები გუშინ, 1 სექტემბერს გაიმართა, თუმცა ორგანიზატორებმა მწვრთნელების კრიტიკა უკვე დაიმსახურეს დარბაზში გულშემატკივრების ნაკლებობის გამო.

მასპინძელი საქართველოსა და ბელგიის მატჩს მაყურებელი ესწრებოდა (თუმცა დარბაზი სავსე არ იყო), ხოლო ევროპის ისეთი წამყვანი ქვეყნების, როგორიცაა მაგალითად თურქეთი და ესპანეთი, თამაშები თითქმის ცარიელ დარბაზში ჩატარდა.

პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის, ესპანეთისა და ბულგარეთის საკალათბურთო ნაკრებებს შორის გაიმართა, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა სერჯიო სკარიოლომ იხუმრა კიდეც. ესპანეთის ნაკრების წევრ ლორენცო ბრაუნს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, უყურებდნენ თუ არა აშშ-ში მისი ნათესავები მის თამაშს თბილისში ტელევიზორით.

„დარწმუნებული ვარ თამაშს პირდაპირ ეთერში ლორენცო ბრაუნის უფრო მეტი ნათესავი ადევნებდა თვალს, ვიდრე დარბაზში გულშემატკივარი იყო“ – განაცხადა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა.

სკარიოლომ განაცხადა, რომ მას სრულად გადავსებულ დარბაზებში თამაში უყვარს.


მოგვიანებით, შეხვედრებზე მაყურებელთა მცირე რაოდენობას უფრო კრიტიკულად გამოეხმაურა თურქეთის ნაკრების მწვრთნელი ერგინ ატამანი:

„საფეხბურთო მატჩებიც ამ სისტემით იმართება,მაგრამ ყველა თამაშის დროს სავსე მოედნებს ვხედავთ. აქ ისინი თავისუფალია, საერთოდ რატომ ვართ აქ, რისთვის? რომ ვისიამოვნოთ და კალათბურთი ვითამაშოთ“ – განაცხადა ატამანმა.

მწვრთნელის თქმით, თბილისში არაერთი ევროლიგისა და NBA-ის ვარსკვლავი იმყოფება, ტრიბუნები კი ცარიელია.

მისი თქმით, ცარიელ ტრიბუნებზე თავს ისე გრძნობდა თითქოს 16-წლამდელების ტურნირზე იმყოფებოდა და არა ევროპის ჩემპიონატზე.

ევრობასკეტის ფარგლებში გასამართ შეხვედრებზე დასწრება კალათბურთის გულშემატკივარს ორი კატეგორიის ბილეთით შეუძლიათ. კერძოდ, პირველი კატეგორიის ბილეთის მფლობელები დღის განმავლობაში გასამართ პირველ ორ შეხვედრაზე შეძლებენ დასწრებას, მეორე კატეგორიის ბილეთით კი დღის ბოლო შეხვედრაზე დასწრებაა შესაძლებელი.

პირველი და მეორე კატეგორიის ბილეთების ფასი ადგილების მიხედვით 20-დან იწყება და VIP ზონაში 230 ლარამდე იზრდება. ამასთან, ბავშვებისთვისაც იგივე ფასი მოქმედებს, როგორც ზრდასრული გულშემატკივრებისთვის. აქვე აღსანიშნავია, რომ გარკვეული დაბალი ღირებულების ადგილებიდან მოედნის ხედვა შედარებით შეზღუდულია.

ბექა კობახიძე, რომელიც კალათბურთის აქტიური გულშემატკივარია, თამაშებზე მაყურებელთა სიმცირეს ბილეთის ფასს არ უკავშირებს. მისი თქმით, ტურნირის მნიშვნელობიდან გამომდინარე ბილეთები იაფიც კი ღირს და მაგალითისთვის იხსენებს 2011 წელს ლიეტუვაში გამართულ ევრობასკეტს, რომელსაც თავადაც ესწრებოდა. მისი თქმით, დაახლოებით იმავე კატეგორიის ბილეთში, რომელიც თბილისში 60 ლარი ღირს, 60 ევრო გადაიხადა.

მისი თქმით, მაყურებლის დაბალი დასწრება იმით უფროა განპირობებული, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით მასშტაბური კამპანია არ ჩატარებულა. კობახიძე აღნიშნავს, რომ ევრობასკეტი იმგვარი მოვლენაა, რომელიც კალათბურთს სცდება.

„ეს ხომ არ არის საფეხბურთო სტადიონი, სადაც 60 ათასი კაცი ავსებს ტრიბუნას. საუბარია 10-12 ათასი ადამიანის დასწრებაზე. ქვეყანაში საერთოდ არ იგრძნობა, რომ ამ მასშტაბის ტურნირი ტარდება. არავის ეს განცდა არ გვაქვს. გუშინ მე ვიყავი თამაშზე და ახლაც არ მაქვს ამის განცდა. თითქოს ერთ რიგით თამაშზე წავედი, რომლის მსგავსზე არაერთხელ ვყოფილვარ.

ევრობასკეტი სხვა ტიპის და შინაარსის მატარებელი ღონისძიებაა, სადაც არამარტო საკალათბურთო დარბაზში ხდება მოვლენები, არამედ მის ირგვლივაც გარემო მოცულია შესაბამისი ინფრასტრუქტურით… ადამიანები მიდიან დარბაზში და ყოველდღიურად ესწრებიან სამ თამაშს და იმდენად თვითკმარია ის ინფრასტრუქტურა, გამოსვლა არც სჭირდებათ. იქ უნდა იყოს გასართობი [ინფრასტრუქტურა], საკვები ობიექტები და ა.შ. ლიტვაში ასეთი იყო ის ევრობასკეტი. ამ საკალათბურთო დარბაზის გარშემო კი მხოლოდ სასაფლაოა,“ – ამბობს ბექა კობახიძე.

კობახიძე აღნიშნავს, რომ როდესაც ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირი ტარდება, ეს ყველა ფეხის ნაბიჯზე უნდა იგრძნობოდეს. მეტიც, მისი თქმით, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა იყოს, რაც შესაბამის კამპანიაში უნდა გამოიხატებოდეს:

„ვეძებდი და ვერ ვიპოვე ისეთი შემთხვევა, მასპინძელი ქვეყანა ვერ ავსებდეს საკუთარ თამაშზე დარბაზს. ასეთი ქვეყანა არ იმსახურებს, რომ იქ ტარდებოდეს საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატი. აბსოლუტურად ყველგან უნდა ვხედავდეთ, რომ ქვეყანაში ევრობასკეტი ტარდება. ქვეყანა ამაზე უნდა იყოს გადაწყობილი ისეთი მასშტაბური მოვლენაა. ევრობასკეტის ჩატარებით ქვეყნები შესაძლებლობას იღებენ დიდი პიარ კამპანია აწარმოონ. ახლა მთელი მსოფლიოს თუ არა, ევროპის თვალი არის ამისკენ მიპყრობილი“, – ამბობს კობახიძე და აღნიშნავს, რომ სათანადო კამპანიის ფარგლებში თუ ადამიანებს ექნებოდათ განცდა, რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, დარბაზში მისვლის სურვილიც მეტ მოქალაქეს გაუჩნდებოდა.

„ნეტგაზეთს” საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში უთხრეს, რომ ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი კამპანიის ფარგლებში თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებასთან თანამშრომლობდნენ. უშუალოდ პრომოუშენს კი FIBA აწარმოებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დახმარებით.

ფედერაციის თქმით, პროცესში ასევე ჩართულია „აჭარაბეთი“ და „საქართველოს ბანკი“, რომლებიც საქართველოს საკალათბურთო ნაკრების სპონსორები არიან. ამასთან, როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში განუცხადეს, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში დამზადდა ვიდეო რგოლები და ბანერები, რომელიც მათი თქმით, აეროპორტიდან დაწყებული უშუალოდ უნივერსიტეტის ქუჩამდე, სადაც „თბილისი არენა“ მდებარეობს, მთელს ქალაქშია გავრცელებული, რიყეზე კი საგულშემატკივრო ზონაა მოწყობილი.

რაც შეეხება ბილეთის ფასს, ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ ფასწარმოება საერთაშორისო სტანდარტით ხდება, რომელიც მაქსიმალურად მოარგეს ქართულ რეალობას და აღნიშნავენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ბევრად იაფია.

რაც შეეხება დარბაზში მაყურებლების დასწრებას, კალათბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ როგორც წესი, ევრობასკეტზე გულშემატკივართა მაღალი დასწრება მასპინძელი გუნდის შეხვედრებზეა, სხვა მატჩებზე კი გულშემატკივრის ჩამოყვანა თავად გუნდებმაც უნდა უზრუნველყონ.

როგორც ფედერაციაში აცხადებენ, ევრობასკეტის იმ თამაშებზე, რომლებშიც საქართველო არ მონაწილეობს, ზოგადად, მაყურებლის სიმცირე ევრობასკეტის სხვა მასპინძელ ქვეყნებშიც გვხდება. ამასთან, აღნიშნავენ, რომ გასათვალისწინებელია გლობალური ფაქტორები: უკრაინაში მომდინარე ომი და ასევე, საერთაშორისო ფრენებზე გაძვირებული ტარიფები, რის გამოც მათი თქმით, გაუქმდა წინასწარი შეთანხმებები და ჯავშნები.

თუმცა, დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ფედერაციამ თბილისში მოქმედ საკალათბურთო სკოლების ახალგაზრდა კალათბურთელებს და მათ მშობლებს უფასოდ მისცა საშუალება დაესწრონ ხვალინდელ ორ შეხვედრას მონტენეგროსა და ბელგიას და ბულგარეთსა და თურქეთს შორის.

მთავარ ფოტოზე ესპანეთისა და მონტენეგროს შეხვედრა მაყურებლის გარეშე © basketnews

მასალების გადაბეჭდვის წესი