საზოგადოება

რა მოხდა ყირიმში, საკის აეროდრომზე

10 აგვისტო, 2022 • 5295
რა მოხდა ყირიმში, საკის აეროდრომზე

9 აგვისტოს, 15:20 საათისთვის რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, საკის აეროდრომზე აფეთქებები მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.

ტურისტებმა მალევე დატოვეს ყირიმის ნახევარკუნძული. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ აფეთქებას პლაჟიდან შეშფოთებული უყურებენ დამსვენებლები და ტერიტორიის დატოვებას იწყებენ.

პლაჟზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერიდან 17:20 საათისთვის (აფეთქებიდან დაახლოებით 2 საათში) გადაღებულ კადრებში კი ჩანს, რომ პლაჟი თითქმის სრულიად დაცარიელებულია.

მოგვიანებით გავრცელებულ კადრებში კი ჩანს, რომ ნახევარკუნძულიდან გასვლისას ავტომობილების გრძელი საცობი წარმოიქმნა.

პლატფორმა „ბაზის“ გავრცელებულ კადრებში ასევე ჩანს მნიშვნელოვნად დაზიანებული ავტომობილები.

რამ გამოიწვია აფეთქება?

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აეროდრომზე შენახული ამუნიცია აფეთქდა და ხანძარი ამან გამოიწვია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არ იცის მომხდარი აფეთქებებისა და ხანძრის მიზეზი.

რუსული სამთავრობო არხის, RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა, წყაროების მითითების გარეშე, განაცხადა: „ადგილზე მიაჩნიათ, რომ ეს იყო არა საჰაერო თავდასხმა, არამედ ან დივერსია, ან უპასუხისმგებლობა“.

მოგვიანებით ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი.

„აფეთქებების უკან უკრაინელები დგანან“

„ნიუ-იორკ თაიმზი“ (NYT) უკრაინის მთავრობაში წყაროზე – „სამხედრო მაღალჩინოსანზე“ – დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქებების უკან უკრაინული მხარე იდგა.

წყაროს თანახმად, ყირიმის ამ საჰაერო ბაზიდან აფრენილი საჰაერო ძალები რეგულარულად ესხმოდნენ უკრაინულ ძალებს სამხრეთის საბრძოლო თეატრში.

გამოცემის წყარო ამბობს, რომ თავდასხმაში მონაწილეობდნენ პარტიზანული ძალები, რომლებიც უკრაინის მთავრობას უჭერენ მხარს, თუმცა არ დაუზუსტებია, უშუალოდ განახორციელეს თავდასხმა, თუ უბრალოდ ეხმარებოდნენ უკრაინის რეგულარული არმიის დანაყოფებს.

აფეთქება ყირიმში

NYT-ის თანახმადვე, გამოცემის წყაროს არ დაუზსუტებია, ზუსტად რა ტიპის იარაღი იქნა გამოყენებული, მხოლოდ განაცხადა, რომ „გამოყენებულ იქნა მოწყობილობა, რომელიც ექსკლუზიურად უკრაინული წარმოებისაა“.

“Hrim-2”?

შეიარაღების სპეციალისტი, გიგა ინაშვილი ვარაუდობს, რომ იარაღი, რითაც ყირიმში საკის აეროდრომს უკრაინელებმა დაარტყეს, არის Hrim (ჰრიმ/გრომი) რაკეტები.

ინაშვილის თქმით, გრომის რაკეტებზე მუშაობა უკრაინაში 2013 წლიდან დაიწყო ქალაქ დნიპროში მდებარე Южмаш-ის სარაკეტო ქარხანასთან არსებული საკონსტრუქტორო ბიურო „იუჟნოეს“ მიერ.

მისი თქმით, „ჰრიმ-2“ არის უკრაინული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი, რომლის პროექტიც ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან არსებობდა, თუმცა 90-იანების კრიზისის ფონზე მივიწყებული იყო.

„თავიდან კომპლექსი მხოლოდ უკრაინის არმიისთვის განიხილებოდა, თუმცა 2016 წლიდან პროექტით საუდის არაბეთიც დაინტერესდა და საჭირო ფინანსებიც ჩადო. სამუშაოები უკიდურესად დახურულ რეჟიმში გაგრძელდა. თუმცა, რა ეტაპზე იყო ომამდე პროექტი მიყვანილი, დაზუსტებით უცნობია“, – წერს იგი.

უკრაინული გამოცემა „უნიანის“ არქივში იძებნება 2018 წლით დათარიღებული სტატია, სადაც წერია, რომ „ჰრიმ-2“-ის პირველი საჩვენებელი მანქანა კიევში, სამხედრო აღლუმზე გამოიყვანეს. ამავე ცნობის თანახმად, იარაღი 2017 წლის პირველ ნახევარში გამოსცადეს. „უნიანიც“ წერს, რომ იარაღის განვითარება საუდის არაბეთის დაფინანსებით ხდებოდა.

Hrim-2  ტექნიკური თავისებურებებით და ტექნოლოგიურად არის რუსული „ისკანდერის“ ანალოგი. მახასიათებლები კი, ინაშვილის თანახმად, ასეთია:

  • ფრენის მანძილი – 500 კმ
  • რაკეტის მასა – 3500 კგ
  • ქობინის მასა – 480 კგ
  • რაკეტის სიგრძე – 7,2 მეტრი
  • დამიზნების სისტემა – GPS/INS
  • სიზუსტე – 50 მეტრი.
  • დაზიანების ფართობი:
  • – მსხვრევად-ფუგასური უნიტარული ქობინი – 10 000 მ2.
  • – კასეტური ქობინი – 2-3 ჰექტარი.

NYT-ის ცნობით, აეროდრომი, სადაც აფეთქებები მოხდა, დაახლოებით 200 მილით (321 კმ) არის დაშორებული უახლოესი უკრაინული პოზიციიდან.

„ჰრიმის“ გამოყენებაზე ოფიციალური ცნობები არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი