ახალი ამბები

იცით რომელიმე დაუსჯელი ორგანიზატორი? მორგოშიამ რა ქნა? — კობახიძე 5 ივლისზე

24 ივნისი, 2022 • 1240
იცით რომელიმე დაუსჯელი ორგანიზატორი? მორგოშიამ რა ქნა? — კობახიძე 5 ივლისზე

„ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ არ არსებობს 5 ივლისის ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის დაუსჯელი ორგანიზატორი.

რაც შეეხება „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, კონსტანტინე მორგოშიას, რომელმაც 5 ივლისს მომიტინგეთა ნაწილს „სირცხვილიას” ოფისთან მისვლისკენ მოუწოდა:

„რაც შეეხება ორგანიზატორების დასჯას, თქვენ იცით რომელიმე ორგანიზატორის სახელი და გვარი, რომელიც უნდა დასჯილიყო და არ დაისაჯა? აბა, ერთი სახელი მითხარით. ჰოდა, რა გააკეთა, პირობითად, მორგოშიამ?

მე ამაში ვერ შევალ, რადგან ეს არის სამართალდამცავი ორგანოს პრეროგატივა, მაგრამ იმ სტანდარტით რომ წავყვეთ გამოძიებას, რა სტანდარტიც თქვენ გინდათ – საუბარია მორგოშიასა და მახარაძის დასჯაზე- მაშინ გამოვა, რომ ოპოზიციიდან იქნება ნახევარი სპექტრი დასაჭერი,“ — ამბობს კობახიძე.

ჟურნალისტების პროტესტზე, რომ ნუ გადააგაქვს თემა ჟურნალისტების ძალადობიდან სხვა საკითხზე, კობახიძე აგრძელებს:

„რა მნიშვნელობა აქვს, ვიღაც მედიაზე ძალადობს თუ პოლიტიკოსზე? აქ საუბარია სისხლის სამართლის სტანდარტებზე. სისხლის სამართლის სტანდარტი იცით, რა არის და მორგოშიამ რა თქვა?

მორგოშია რომ იყოს სამართლებრივი სტანდარტით დასაჭერი, აქამდე დაიჭერდნენ, მე ასე მგონია. ჩემი პრეროგატივა ეს არ არის, მაგრამ ასე იქნებოდა. მაგრამ არსებობს სისხლის სამართალი და სისხლის სამართალს აქვს თავისი მტკიცებულების სტანდარტი. უნდა დგინდებოდეს, რომ ვიღაცის, მაგალითად, გამონათქვამს აქვს მიზეზობრივი კავშირი შემდეგ ძალადობასთან. მორგოშიას ფრაზა არსებობს, სადაც ის მოუწოდებს?…“, — თქვა კობახიძემ 24 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

ის აცხადებს, რომ მორგოშიას შემთხვევაში „იქ საუბარი იყო, რომ ხალხი უნდა დაძრულიყო „სირცხვილიას“ ოფისისკენ, ყოველგვარი მოწოდების გარეშე. მასეთი მილიონი მოწოდება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის მონაწილეები უნდა დაიძრან, მაგალითად, „ქართული ოცნების“ ოფისისკენ, მაგრამ მიზეზობრივი კავშირი თუ არ არის ამ მოწოდებასა და შემდგომ ძალადობას შორის, თუ არ დგინდება, რომ ამ მოწოდებას მოჰყვა შემდეგ ძალადობა და ამ მოწოდების მიზანი იყო ძალადობა.“

კობახიძე მოუწოდებს ჟურნალისტებს, რომ თუ მათ რაიმე მტკიცებულება აქვთ, მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს


ჰომოფობური და ძალადობრივი ჯგუფის სხვა წევრების მსგავსად, 2021 წლის 5 ივლისს კონსტანტინე მორგოშიაც იმყოფებოდა პარლამენტთან. არსებობს ვიდეომასალაც, სადაც ისმის, თუ როგორ მოუწოდებს ის ხალხს, პარლამენტიდან „სირცხვილიას“ ოფისისკენ გადაინაცვლონ.

„ახლა მოვიდა ჩვენთან ინფორმაცია, რომ აი, აქ, ინგოროყვას ქუჩაზე, სადაც უშიშროების შენობაა, ამის წინ არის „სირცხვილიას“ ოფისი, სადაც მართლაც სირცხვილია ხალხი, ეს მაქარაშვილები და ვიღაც მაიმუნები წნეხის ქვეშ ამყოფებენ ამ „ლგბტ პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომ გინდა თუ არა, უნდა გამოვიდნენ რუსთაველზე.

ახლა, ყოველგვარი ქაოსის გარეშე, დაახლოებით 500-600 კაცი გამოვეყოთ ქუჩის აქეთა მხარეს და დავიძრათ მაგათი ოფისისკენ“, – თქვა მაშინ მორგოშიამ.

ამის შემდეგ ძალადობრივი აქციის მონაწილეები მალევე დაიძრნენ „სირცხვილიას“ ოფისისკენ.

მოძრაობის ოფისი მათ ცარიელი დახვდათ, თუმცა რამდენიმე ადამიანი ოფისის სადარბაზოში ფიზიკურად გაუსწორდა „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას. ამ დროს ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.


5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები, მათ შორის, სასულიერო პირებიც – რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. „ქართული ოცნების” საწინააღმდეგო კარვების, ასევე, „სირცხვილიას” და „თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ. აქციის შემდეგ მათ პარლამენტის წინ ჯვარი აღმართეს და იცეკვეს.

ისინი თავს დაესხნენ 45-ზე მეტ ჟურნალისტს, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვალა, რასაც 2-დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სხვა მოქალაქეების მონაწილეობით. მდუმარე აქციის შემდეგ პარლამენტის წინ მაინც გაშალეს ცისარტყელას ფერების დროშა – რაც ქვიარ უფლებების სიმბოლოა.

საბოლოოდ, ლაშქარავას ცემის ეპიზოდზე 5-6 ივლისის ძალადობაში ბრალდებულებს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

რაც შეეხება თავად ლაშქარავას, გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე საათში, სახელმწიფომ თქვა, რომ გარდაცვალების მიზეზი ზედოზირებაა. 30 დეკემბერს დამოუკიდებელმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება ამ დასკვნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი