საზოგადოება

სამგორის გამგებელი გუშინდელი აქციის მონაწილეებს აგინებს

21 ივნისი, 2022 • 2229
სამგორის გამგებელი გუშინდელი აქციის მონაწილეებს აგინებს

განახლება: სოციალურ ქსელში კახა სამხარაძის პოსტი აღარ იძებნება.

თბილისის სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე გუშინ, 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს აგინებს.

სამხარაძე შეურაცხყოფის შემცველ პოსტს ფეისბუკში ავრცელებს.

„მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასეთ და იმედი მქონდა, რომ თქვენს შვილებს, გვერდით მდგომებსაც შეუძახებდით, შეცდომა არ დაეშვათ! მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ, პასუხი პირადად გამცეთ, მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ“, – წერია კახა სამხარაძის მიერ გავრცელებულ პოსტში.

 

 

ე.წ. „სქრინშოტი“ კახა სამხარაძის მიერ გავრცელებული პოსტიდან

ნეტგაზეთის მიერ გამოთვლილი მიახლოებითი შედეგის თანახმად, 20 ივნისის აქციაში, მინიმუმ, 120 000 ადამიანი მონაწილეობდა, საშუალოდ — 140 000, მაქსიმუმ კი — 160 000.

თბილისში, რუსთაველი გამზირზე აქცია 20 ივნისს საღამოს დაიწყო. ხელისუფლების წარმომადგენლები აქციას მთელი დღის განმავლობაში ენმ-სთან და ოპოზიციასთან აკავშირებდნენ, თუმცა არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი დემონსტრაციაზე სიტყვით არ გამოსულა. მომიტინგეებს სიტყვით მიმართეს სტუდენტებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა, ევროპარლამენტარებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

მოძრაობა „სირცხვილიამ“ დღეს, 20 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე წაიკითხა მანიფესტი და დააანონსა ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნება. მანიფესტის მიხედვით, მოძრაობის მიზანი იქნება საქართველოს ევროპული არჩევანის დაცვა.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ შემდეგი აქცია გაიმართება 24 ივნისს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.

აქციის მონაწილეებმა დასასრულს მსვლელობა მოაწყვეს ევროპის მოედნის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი