საზოგადოება

„კანდიდატობას არაფერი არ მოაქვს, მიზანი გაწევრიანებაა“ — კანდიდატობის მნიშვნელობაზე პაპუაშვილიც ცრუობს

20 ივნისი, 2022 • 1245
„კანდიდატობას არაფერი არ მოაქვს, მიზანი გაწევრიანებაა“ — კანდიდატობის მნიშვნელობაზე პაპუაშვილიც ცრუობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმეორებს თანაგუნდელთა გავრცელებულ მცდარ ინფორმას და ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს თავისთავად არაფერი მოაქვს.

მისი თქმით, გაწევრიანების საბოლოო მიზნის მისაღწევად საჭიროა ასოცირების შეთანხმების შესრულება. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე არაფერს ამბობს იმის შესახებ, რომ წევრობამდე აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მიღება და ეს ამის გარეშე ვერ მოხდება.

ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა. მისი თქმით, ასოცირების და ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებებზე უკრაინასთან მოლაპარაკებები 3-4 წლით ადრე დაიწყო, თუმცა საქართველომ პროცესში უკრაინას გადაასწრო.

„თავისთავად კანდიდატობას არაფერი არ მოაქვს. აქაც მცდარ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს მილიარდიან დახმარებასთან იყოს დაკავშირებული. არანაირი ასეთ დახმარებასთან არ არის [დაკავშირებული], დიდად არანაირი განსხვავება არ არის იმ სტატუსთან, რაც ჩვენ აქამდე გვაქვს. ჩვენი მიზანი კანდიდატობა ხომ არ არის? საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება.

ამისთვის საჭიროა ასოცირების შეთანხმების შესრულება, რომელ გზასაც ჩვენ ვადგავართ. ჩვენმა გამოცდილებამ ასოცირების შეთანხმებასთან და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გვაჩვენა, რომ კანდიდატის სტატუსი დღეს იქნება თუ რამდენიმე თვით გვიან, საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს სურვილს, რომ ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ… კანდიდატობა დღეს თუ ხვალ აუცილებლად იქნება“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობენ. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი მას „მცირედ წახალისებას“ და სიმბოლურს უწოდებენ.

სინამდვილეში კი კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აუცილებელი საფეხურია, რომელსაც გაწევრიანების მსურველი ქვეყანა გვერდს ვერ აუვლის. ასოცირების შეთანხმება კი, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან და მის კანონმდებლობასთან დაახლოვების მაღალ დონეს უზრუნველყოფს, გაწევრიანებას არ ითვალისწინებს.

„ასოცირების შეთანხმება“ მიზნად ისახავს მხარეთა შორის თანამშრომლობის ჩარჩოს შექმნას. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება, მანამდე გაფორმებული მსგავსი შეთანხმებებისგან განსხვავებით, მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტს (DCFTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს და თანამშრომლობის უფრო გაღრმავებას ყველა პრიორიტეტული მიმართულებით.

ითვალისწინებს თუ არა ასოცირების შეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანებას? — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტისვე გამოქვეყნებულ გზამკვლევში ვკითხულობთ:

„ასოცირების შეთანხმება არ ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა, შეთანხმება ევროკავშირთან და მის კანონმდებლობასთან (acquis) დაახლოების იმდენად მაღალ დონეს მოიცავს, რომ მისი ეფექტიანი განხორციელება, ფაქტობრივად, შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპიზაციის პროცესს“.

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი ძირითადი ეტაპებია:

  • გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება.
  • ევროკომისიის მიერ აპლიკანტი ქვეყანისთვის კითხვარის წარდგენა.
  • კითხვარზე აპლიკანტი სახელმწიფოსგან მიღებული პასუხების შედეგად, ევროკომისიის მოსაზრება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
  • ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსი შესახებ.
  • ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
  • ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების დაკმაყოფილება ხელშეკრულების 35 თავის მიხედვით.
  • მოლაპარაკებების დახურვის შემდეგ ევროპული საბჭო შეთანხმების ხელმოწერა და რატიფიცირება.

გარდა იმისა, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ერთ-ერთი საკვანძო ეტაპია, ეს სტატუსი ასევე მოიაზრებს ევროკავშირისგან ამ ქვეყნებისათვის გამოყოფილ პრაქტიკულ, კერძოდ, ფინანსურ მხარდაჭერასაც.

როგორ ეხმარება ფინანსურად EU კანდიდატ ქვეყნებს

17 მაისის გამოქვეყნებული დასკვნით, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანმხლები პირობებით, საქართველომ კი ჯერ 12 მიმართულებით უნდა შეასრულოს წინაპირობები და შემდეგ ექნება შანსი მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ევროკომისია აღიარებს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

ევროკომისიის რეკომენდაციის გამოქვეყნების შემდეგ ქვეყნებისთვის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება.

რას ნიშნავს და რატომ არ არის სიმბოლური კანდიდატის სტატუსის მინიჭება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი