ახალი ამბები

კანდიდატის სიმბოლურ სტატუსზე უარი შეცდომა იქნება — ღარიბაშვილი

3 ივნისი, 2022 • 1141
კანდიდატის სიმბოლურ სტატუსზე უარი შეცდომა იქნება — ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა შეცდომა იქნება.

„დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ კანდიდატის სტატუსზე და არა წევრობაზე. არ ვეძებთ მოკლე გზას წევრობისთვის. ვიცით, რომ ეს გრძელი პროცესია. ვიცით, რომ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები. მაგრამ საკითხი დგას კანდიდატის სტატუსის მიცემა ან არმიცემაზე. ეს იქნება მესიჯი ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენი ხალხებისთვის, ასევე, რუსეთისთვის“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC).

მისი თქმით, 2012 წლიდან საქართველომ  ყველანაირი რეფორმა გაატარა და გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები.

„საუკეთესო რეფორმერები ვართ არა მარტო ჩვენს, არამედ უფრო ფართო რეგიონში, იქნება ეს გამჭვრივალობის, ანგარიშვალდებულების, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების რეფორმის თვალსაზრისით… მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო პირველია ბიუჯეტის გამჭვირვალობის თავალსაზრით. ყველა მიმართულებით საქართველო საუკეთესო შემსრულებელია. ასე რომ, ჩემი კითხვაა, რატომაც არა? — კანდიდატის სტატუსი დამატებით მოტივაციას მოგვცემს. ეს იქნება ჩვენი მიღწეული პროგრესის აღიარება. ამავდროულად, გვესმის, რომ ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, ვიქნებით ფორმაში ყოველთვის. იქნება მონიტორინგის მისია ევროკავშირიდან. ჩვენ ველით ბრძნულ გადაწყვეტილებას ევროკავშირისგან“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან გაიხსენა, რომ როცა რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს, სანქციები არავის დაუწესებია, ამის ნაცვლად ვნახეთ გადატვირთვა და ახალი ტიპის ურთიერთობები რუსეთთან.

„შემდეგ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და მსოფლიო შოკში იყო. ახლა იგივე მოხდა. დასავლეთიდან უნდა იყოს ადეკვატური, რელევანტური და პროპორციული პასუხი. ამ დროს სიმბოლური კანდიდატის სტატუსის არმიცემა იქნება შეცდომა. ჩვენი მხრივ, ყველაფერი გავაკეთეთ“, — დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მხოლოდ რუსეთი იქნება ბედნიერი, თუ ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი