საზოგადოება

რომელი პარტია (არ) მივა 16 ივნისის აქციაზე

15 ივნისი, 2022 • 1370
რომელი პარტია (არ) მივა 16 ივნისის აქციაზე

სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს შეკრება დააანონსა, სადაც ევროკავშირის სახელმწიფოების ელჩებთან ერთად ყველა პოლიტიკური ძალა მიიწვია.

17 ივნისს ევროკომისიამ მოსაზრება უნდა გამოაქვეყნოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მინიჭება/არმინიჭებასთან დაკავშირებით. პარალელურად, მოძრაობა „სირცხვილია“ დაახლოებით 2 კვირაზე მეტია, რაც 20 ივნისს აქციას გეგმავს, სახელად – „შინ ევროპისკენ“.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, რას აპირებენ პოლიტიკური პარტიები ამ ორ თარიღთან დაკავშირებით.

„ქართული ოცნება“

განახლება: ირაკლი კობახიძემ 15 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ოცნება“ ემიჯნება 16 ივნისის აქციას.

მმართველ გუნდს ჯერ არ გადაუწყვეტია, შეუერთდება თუ არა მის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აქციას. პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ დაანონსებული 16 ივნისის აქციის იდეა მოუმზადებელია.

„სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია ეს ინიციატივა. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ზოგადად, აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ბევრ ნიუანსთან. ეს აქცია რომ ჩავარდეს, იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე. ცოტა ხალხი რომ მივიდეს, ცუდად რომ იყოს ორგანიზებული ა.შ. არასწორი სურათი რომ შეიქმნას აქციაზე, ეს იქნება ძალიან ცუდი.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავთვალოთ, გავიაზროთ და ამის შემდეგ მივიღებთ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას. მე, რა თქმა უნდა, გამიჭირდება ერთპიროვნულად ამაზე პასუხის გაცემა და არამარტო ერთპიროვნულობაზეა საუბარი, ანალიზი სჭირდება ყველაფერს. როცა აქცია იგეგმება ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, ის უნდა იყოს კარგად გააზრებული და ჩვენი გადაწყვეტილებაც, ბუნებრივია, იქნება სათანადოდ გააზრებული. ამიტომ დღეს ამაზე გაგვიჭირდება პასუხის გაცემა“, – განაცხადა „პალიტრანიუსთან“ კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“

16 ივნისის აქციას არ უერთდება ნაციონალური მოძრაობა. პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და არ აგვარებს იმ „უმძიმეს ამბავს“, რომელიც მისივე შეფასებით ბრიუსელში დახვდა.

„არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს დასახელებული პრობლემების მოსაგვარებლად და ნიშნავს აქციას;
რომელ პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ან ბრიუსელში მოსმენილ პრობლემას აგვარებს 16 ივნისს დაგეგმილი აქცია?! 20 ივნისის აქციის დაგმობით სალომე ზურაბიშვილი ახდენს ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას.

იცავს და პატივისცემას უდასტურებს ბიძინა ივანიშვილს. აი, იმ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ევროპულ მომავალს გვართმევს. გაუგებარია,რა შედეგის მიღწევას ცდილობს ქალბატონი ზურაბიშვილი, თუმცა სრულიად გასაგებია, რა არის ქართველი ხალხის ნება – ევროპული მომავალი! 20 ივნისს, 20 საათზე რუსთაველზე“, – წერს მელია.

„ლელო“

ენმ-სგან განსხვავებით, 16 ივნისის აქციას უერთდება „ლელო“. მისი თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ დღეს, როგორც არასდროს, „გვჭირდება ერთიანობა, როგორც არასდროს, გვჭირდება სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა“.

„ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხი წყდება, ჩვენი ვალია ვანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი, დავდგეთ ერთად ყოველგვარი პარტიული, ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად.
ლელო იქნება 16 ივნისის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, რომ მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე
საქართველო და მისი ინტერესი უპირველეს ყოვლისა!!“ – წერს ის.

„ევროპული საქართველო“

16 ივნისის აქციას არ უერთდება „ევროპული საქართველო“. მისი წევრი, ლელა ქებურია ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ეს აქცია „ემსახურება მიზანს, რომ თითქოს ქართველი ხალხის ნება და ბიძინა ივანიშვილის სურვილები არის იდენტური“.

„სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ 16 ივნისის აქციას „ევროპული საქართველო“ არ უერთდება, რადგან ჩვენი ევროპელი მეგობრების ყველა გზავნილში რეზოლუციის ჩათვლით საუბარია იმაზე, რომ მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ივანიშვილი და მისი ხელისუფლება.

მათ მკაფიოდ გვითხრეს, რომ ჩვენი, ქართველი ხალხის, გადასაწყვეტია, რას ვირჩევთ, ევროპულ მომავალს თუ ივანიშვილის ხელისუფლებას. 16 ივნისის აქცია ემსახურება მიზანს, რომ თითქოს ქართველი ხალხის ნება და ბიძინა ივანიშვილის სურვილები არის იდენტური. შესაბამისად, „ევროპული საქართველო“ არ აპირებს ამ გზავნილის
განმტკიცებაში ხელისუფლებისთვის ხელის შეწყობას“, – განმარტავს ლელა ქებურია

„რესპუბლიკური პარტია“

ნეტგაზეთთან საუბარში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ პარტიულად 16 ივნისის აქციას არ შეუერთდებიან, თუმცა მათი წევრების ნაწილი შესაძლოა, იყოს დაინტერესებული ამ შეკრებითაც.

„პარტიულ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, შეიძლება გავიაროთ. ჩვენი წევრების კონკრეტული ნაწილი იქნება ალბათ დაინტერესებული. ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე. ჩვენთვის ეს არ არის რაიმე არსებივით სახის მოვლენა, საერთოდ ასე არ ხდება ხოლმე, როდესაც მოულოდნელად, ტელევიზიებით განუცხადებენ პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას – ახლა აქ მოდითო.

არც „ქართული ოცნება“ მივა იქ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ ასე ინდივიდუალურად, არაპარტიულად. ვვარაუდობ, იქნება კამერული ღონისძიება“, – ამბობს დავით ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, პრეზიდენტს „სიტყვა გაექცა“ და უნებლიეთ აჰყვა პროცესს, რადგან ერთდროულად პრემიერმა ღარიბაშვილმა და ულტრანაციონალისტურმა „ალტ-ინფომ“ დაიწყო 20 ივნისის აქციის დემონიზება.

„სამივე ეს განცხადება ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება ძალიან შეშინებულა 20 ივნისით. 20 ივნისი, ეს იქნება მასშტაბური შეკრება და 20 ივნისი ნამდვილად არის ის დღე, რომელიც არის ალტერნატივა რუსეთის, ჩრდილოეთისა და გავრილოვის. 20 ივნისს, რა თქმა უნდა, შევუერთდებით, პარტიულად“, – დასძენს ბერძენიშვილი და ამატებს, რომ ამ აქციის ორგანიზატორი მაინც არის მოძრაობა „სირცხვილია“ და იქ წარმოდგენილი პარტიები იქნებიან „როგორც პარტიის წევრები და არა – როგორც ორგანიზატორები“.

პარტია „მოქალაქეები“

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ 16 ივნისის აქციაც მნიშვნელოვანია, რადგან 17 ივნისს ევროკომისიამ მოსაზრება უნდა გამოაქვეყნოს.

„20 ივნისსაც მივიდეთ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ყველამ ერთად, ყველა პარტიამ (პრორუსების და მამაძაღლების გარდა), საკუთარ ჭუჭრუტანებს რომ ვაჯობოთ, ტეხავს? დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა! მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე! ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ, ჩვენს ჰორიზონტალურ- “მე იქ იმასთან არ მივალ”- ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს – ევროპას და ბარბაროს რუსებს დავენახოთ, რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები ვართ! განა, პრეზიდენტის, განა, პარტიების – საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16 ში, ევროპასაც და ჩვენს მტრებსაც დავენახოთ, რომ ბევრნი ვართ!“ – წერს ელისაშვილი.

 

„სტრატეგია აღმაშენებელი“

16 ივნისის აქციას არ უერთდება  „სტრატეგია აღმაშენებელი“. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ნეტგაზეთთან განმარტავს, პარტიას თავად აქვს კამპანია #ერთადევროპისკენ, რომლის ფარგლებშიც ისინი რეგიონებში დადიან. შესაბამისად, 16 ივნისისთვის პარტია თბილისში არ იქნება – „ჩვენი ტურის ფარგლებში 17-მდე არ ჩამოვდივართ“.

„მე მაინც მოვერიდებოდი ისეთ რამეს, რაც პრეზიდენტმა გააკეთა. რადგან დაანონსებულია ერთი აქცია უკვე, ახლა მეორე აქცია და ხალხის გაყოფა.. მე სწორად არ მიმაჩნია. პარტიულად არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ თუ ვინმეს უნდა ჩვენს მხარდამჭერს იქ მისვლა, ნამდვილად არ დავუშლით.

20 ივნისის აქციას, რა თქმა უნდა, ვუერთდებით. ჩვენთვის ევროპაში ინტეგრაცია იმდენად მნიშვნელოვანია, იქ რაღაც პირობები, მაგალითად, მიკროფონის არგაცემა პოლიტიკოსებზე და ა.შ. მეათეხარისხოვანია. ჩვენთვის მთავარია ერთიანობა და ევროპული არჩევანი ვაჩვენოთ“, – აცხადებს მანჯგალაძე.

პარტია „საქართველოსთვის“

პარტია „საქართველოსთვის“ არ შეუერთდება არცერთ აქციას. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა.

„არცერთ აქციას არ ვუერთდებით. ცოტა გაკვირვებული ვარ, ქალბატონმა პრეზიდენტმა რატომ დაასახელა კიდევ ერთი აქცია, როგორც ერთგვარი გამოსავალი. იმის ნაცვლად, რომ ყველანი ორიენტირებული ვიყოთ, თუ როგორ დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები და განსაკუთრებით, სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები, რომ არ დარჩეს და არ აღმოჩნდეს საქართველო იზოლირებული ოკუპანტ რუსეთთან – ამის ნაცვლად მთელი ყურადღება გადმოტანილია აქციებზე“, – ამბობს ის.

პარტია „ხალხისთვის“

პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ რომელიმე აქციაზე წასვლა/არწასვლის საკითხს პარტიის წევრებისა და მხარდაჭერების გამოკითხვის შემდეგ გადაწყვეტენ.

„მეგობრებო, ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელიც საკითხზე, თუ რომელ აქციას უნდა შევუერთდეთ – 16 ან/და 20 ივნისის, აზრს ვეკითხებით საკუთარ წევრებს და მხარდამჭერებს, რადგან ჩვენ რეალურად გვჯერა პირდაპირი დემოკრატიის და არა როგორც მხოლოდ სალაპარაკო მასალად. ამჟამად სოციალურ ქსელში პირდაპირი თუ სატელეფონო გზით მიმდინარებს გამოკითხვა პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს შორის. სწორედ ხალხის პოზიციის მოსმენის შემდეგ პარტია მიიღებს იმ გადაწყვეტილებას და გააკეთებს იმას, რასაც ხალხი დაუკვეთავს”, – აღნიშნავს ანა დოლიძე.

განახლება: პარტია „ხალხისთვის“ ინფორმაციით, მხარდამჭერთა 15%-მა ხმა მისცა 16 ივნისს აქციას, ხოლო 20 ივნისს – 22%-მა. პარტიამ გადაწყვიტა, რომ ორივე აქციაზე მივიდეს.


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 14 ივნისს, პრესკონფერენცია გამართა. ზურაბიშვილმა, რომელმაც 10 ივნისს ბრიუსელიდან დააანონსა, რომ საქართველოში ევროპული მომავლის დასაცავად დაბრუნდებოდა, ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაიცვა, მთავრობა გააკრიტიკა, არავინ შეიწყალა და 20 ივნისს დაგეგმილი პროევროპული აქციის გადადების იდეა გაახმიანა.

ნეტგაზეთი გთავაზობთ იმ თემებს, რის შესახებაც პრეზიდენტმა ბრიფინგზე ისაუბრა.

ივანიშვილი დაიცვა, მთავრობა გააკრიტიკა და არავინ შეიწყალა – რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი