ახალი ამბებისაზოგადოება

“ქართული ოცნება” ზურაბიშვილის დაანონსებულ აქციას ემიჯნება

15 ივნისი, 2022 • 2047
“ქართული ოცნება” ზურაბიშვილის დაანონსებულ აქციას ემიჯნება

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ დაანონსებული აქცია მოუმზადებელი იქნება, რის გამოც “ქართული ოცნება” მას ემიჯნება. მისი თქმით, 16 ივნისის აქციის საჭიროება არ დგას, რადგან საქართველოს ევროინტეგრაციას მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას იმ მიღწევებზე დაყრდნობით მიიღებს, რაც კონკრეტულ ქვეყანას აქვს. ამის შესახებ კობახიძემ დღეს, 15 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც სალომე ზურაბიშვილი გუშინდელი განცხადებების გამო გააკრიტიკა.

“ამ აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ ომის პარტიასთან, როგორც მას თავადვე უწოდა, რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოში მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს.

გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე. სამართლიანი შეფასების პირობებში კი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს”, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ხვალიდნელი აქცია მოუმზადებელი იქნება, “სერიოზული ხარვეზებით რაოდენობის, ლოჯისტიკის მხრივ”, რის გამოც ისინი ამ აქციას ემიჯნებიან:

“წარმოუდგენელი რაღაცაა შემოთავაზებული. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენ მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რომლის საფძველზეც მივიღეთ შესაბამისი გადაყწვეტილება”, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისის აქცია დააანონსა. მან მანამდე დაგეგმილი აქციის ორგანიზატორ სამოქალაქო ორგანიზაცია “სირცხვილიას” მოუწოდა, რომ 20 ივნისს დაგეგმილი აქცია გადადონ და მის მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ. პრეზიდენტის თქმით, 20 ივნისის აქცია ბევრ საფრთხეს უკავშირდება.

ზურაბიშვილმა 16 ივნისის აქციაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩები და ყველა პოლიტიკური ძალის, მათ შორის, მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი