ახალი ამბები

ცოტა მოუმზადებელია ეს ინიციატივა – კობახიძე 16 ივნისის აქციაზე

15 ივნისი, 2022 • 815
ცოტა მოუმზადებელია ეს ინიციატივა – კობახიძე 16 ივნისის აქციაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ დაანონსებული 16 ივნისის აქციის იდეა მოუმზადებელია.

მისი თქმით, შეუერთდება თუ არა მმართველი გუნდი ამ აქციას, ამას მას შემდეგ გადაწყვეტენ, რაც ყველა ნიუანსს გათვლიან და გაიაზრებენ.

„სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია ეს ინიციატივა. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ზოგადად, აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ბევრ ნიუანსთან. ეს აქცია რომ ჩავარდეს, იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე. ცოტა ხალხი რომ მივიდეს, ცუდად რომ იყოს ორგანიზებული ა.შ. არასწორი სურათი რომ შეიქმნას აქციაზე, ეს იქნება ძალიან ცუდი.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავთვალოთ, გავიაზროთ და მის შემდეგ მივიღებთ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას. მე, რა თქმა უნდა, გამიჭირდება ერთპიროვნულად ამაზე პასუხის გაცემა და არამარტო ერთპიროვნულობაზეა საუბარი, ანალიზი სჭირდება ყველაფერს. როცა აქცია იგეგმება ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, ის უნდა იყოს კარგად გააზრებული და ჩვენი გადაწყვეტილებაც, ბუნებრივია, იქნება სათანადოდ გააზრებული. ამიტომ დღეს ამაზე გაგვიჭირდება პასუხის გაცემა“, – განაცხადა „პალიტრანიუსთან“ კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „სირცხვილიას“ მოუწოდა, გადადოს 20 ივნისს დაგეგმილი აქცია – „შინ ევროპისკენ“, სანაცვლოდ კი 16 ივნისს აქციის გამართვა დააანონსა.

მისი თქმით, 20 ივნისს დაგეგმილი აქცია ბევრ საფრთხეს უკავშირდება.

16 ივნისის აქციაზე კი მიიწვია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები და ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათ შორის, მმართველი გუნდის.

პრეზიდენტის პასუხად „სირცხვილიამ“ განაცხადა, რომ აქციას არ გადადებს, თუმცა მის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე მიიღებს და სთავაზობენ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე, პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.

ზურაბიშვილი 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს მისი გადადებისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი