საზოგადოება

კობთან გზის მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა, 10 ადამიანი მოიწამლა

14 ივნისი, 2022 • 1592
კობთან გზის მშენებლობაზე, სადაც მუშა დაიღუპა, 10 ადამიანი მოიწამლა

13 ივნისს, გზის სამშენებლო სამუშაოების დროს, სოფელ კობთან ერთი ადამიანი დაიღუპა.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, სათადარიგო გვირაბის მშენებლობაზე, გვირაბში აფეთქების დროს, – რასაც აღნიშნული პირის გარდაცვალება მოჰყვა, – სავარაუდოდ, მხუთავი აირით, CO-თი მოიწამლა კიდევ 10 დასაქმებული.

„ნეტგაზეთს“ ეს ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ 10 ადამიანი მართლაც იყო მოწამლული, თუმცა ახლა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სახლებში იმყოფებიან.

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ეს მუხლი გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. მუხლი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შრომის ინსპექციას ინციდენტზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, – პირველადი მოკვლევით, დაფიქსირდა თუ არა უსაფრთხოების წესების დარღვევა. უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


ქვეშეთი-კობის გზა მცირე ნაწილი იქნება მაგისტრალისა, რომელიც საქართველოს ალტერნატიული გზით დაუკავშირებს რუსეთის ფედერაციას.

ამ სატრანზიტო ხაზს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანს უწოდებენ. კობი-ქვეშეთის მონაკვეთის მშენებლობის ჯამური ღირებულება დაახლოებით $560 მლნ-ია.

გზის სამშენებლო სამუშაოები ორ ლოტად მიმდინარეობს. ლოტი 1 გვირაბის მონაკვეთზე მუშაობს აწარმოებს კომპანია China Railway Tunnel Group-ი [ჩინეთის რკინიგზის გვირაბის ჯგუფი], ლოტი 2 გზის მონაკვეთზე კი – ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, იმ უბანზე, სადაც ინციდენტი მოხდა, სამუშაოებს აწარმოებს China Railway Tunnel Group.

ორივე კომპანია ჩინური სახელმწიფო კომპანიების შვილობილია.

მასალა მშენებელი კომპანიის დაზუსტების მიზნით განახლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი