საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქვეშეთი-კობის გზაზე 1.5- კმ-იანი ახალი გვირაბი გაიჭრა.
მათივე ცნობით, ქვეშეთი-კობის 23- კმ-იანი გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება.
გზების დეპარტამენტის განცხადებით, პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც შენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს.
„ამ დროისათვის, პროექტის მეორე მონაკვეთზე 4 გვირაბიდან უკვე გაიჭრა ყველაზე გრძელი – 1.5 კმ სიგრძის გვირაბი. გაჭრილია მე-3 გვირაბიც, დანარჩენებზე კი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები გრძელდება ხუთივე ხიდზეც, სადაც ბურჯებისა და ხიმინჯების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის პირველ მონაკვეთზე 9 კმ. სიგრძისა და 15 მ. დიამეტრის გვირაბის 8 კმ-ზე მეტი უკვე გაჭრილია. გვირაბის ბურღვის სამუშაოები პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული
გვირაბგამყვანი დანადგარით (TBM – Tunnel Boring Machine) წარმოებს, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ამ ეტაპზე სამუშაოების დაახლოებით
90% შესრულებულია. ახალი, 9 კმ-იანი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური იქნება“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გუდაურამდე მისასვლელი 5- კმ-იანი გზისა და ტურისტული ცენტრის მშენებლობაც. მათივე ცნობით, ახალი გზის დასრულების შემდეგ, კობის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ზამთარში აღარ შეიზღუდება, ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაეოსთან:
„და ექნებათ შეუფერხებელი წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე. ახალ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება. უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად, ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათამდე სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. თბილისი გუდაურამდე გადაადგილების დრო 2 საათის ნაცვლად, 1 საათი და 30 წუთი გახდება. თბილისი-სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას კი, 2 საათი და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ქვეშეთი-კობის გზის პროექტი აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებთან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.