პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ საზღვარგარეთ ვიზიტების შესახებ პრეზიდენტის ყველა მიმართვა დააკმაყოფილა. ამის შესახებ მან, დღეს, 11 ივნისს, განაცხადა.
მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლო პერიოდში განხორციელებული ვიზიტები ჩამოთვალა და თქვა, რომ სხვა ვიზიტების შესახებ მას პრეზიდენტისგან ოფიციალური თხოვნა არ მიუღია.
ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტმა, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, რომ მას მთავრობამ ვიზიტებზე უარი უთხრა.
„მე მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფო სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ერთი. მეორე – ჩვენი ქვეყანა იმართება კანონით და კონსტიტუციით. მე მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ყველამ და პირველ რიგში უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა დავიცვათ და მაგალითი მივცეთ კანონის ზედმიწევნით შესრულების, კონსტიტუციის და ნორმების დაცვის.
რაც პრეზიდენტის მიერ ნახსნებ ვოიაჟს, მე მინდა განვუმარტო მოქალაქეებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ოფიციალურ მომართვას, რაც ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტისგან, მე ყველაფერზე ხელი მოვაწერე და ყველა მისი თხოვნა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო და საკვირველია, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომემ ბრიუსელიდან გააკეთა. მაშინ კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა პრეზიდენტს ბლოკავს და არსად უშვებს, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში, როგორ აღმოჩნდა მაშინ?
რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ვიზიტს, სრული პასუხისმგებლობით განვმარტავ, რომ დღეის მდგომარეობით არავითარი სხვა მომართვა სხვა ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით არ შემოსულა და მე ვხელმძღვანელობ წესების და კანონების მიხედვით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, კონკსტიტუციით ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას მთავრობა ახორციელბს და ამას ყველამ პატივი უნდა სცეს.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავრობამ უარი განუცხადა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტზე, სადაც მას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით უნდა გაემართა შეხვედრები.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 10 ივნისს, განაცხადა, რომ სახელისუფლებო გუნდი არ აძლევს საშუალებას ეფექტურად დავიცვას ქვეყნის კანდიდატურა.
„მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მთავრობამ არ მომცა საფრანგეთში, უკრაინასა და პოლონეთში ვიზიტის საშუალება – პრეზიდენტი