საზოგადოება

ცხოვრება 38-სართულიანი კორპუსის ჩრდილქვეშ

13 ივნისი, 2022 • 1824
ცხოვრება 38-სართულიანი კორპუსის ჩრდილქვეშ

თბილისში, საბურთალოს ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ ნაწილში, შარტავას ქუჩაზე, მაია მარაქველიძე ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ათწლეულების წინ აშენებულ მის 4-სართულიან კორპუსს ფანჯრებთან ახლოს ახლა 38-სართულიან „მულტიფუნქციურ კომპლექსს“ უშენებენ.

ჯერ კიდევ სრულად არაშენებულმა კომპლექსმა უკვე სრულად ჩარაზა მაიას სახლის ფანჯრები. ძალისხმევაა საჭირო, მათგან ცა რომ დაინახო.

„თეთრი კვადრატი — ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც თავდაპირველად უნდა დაეკმაყოფილებინა 2009 წლის მშენებლობისგან, „ოლიმპიური ვარსკვლავისგან“ დაზარალებულები. იქ უნდა ყოფილიყო როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ფართები. თუმცა, წლების განმავლობაში, მერიის ნებართვით, კომპლექსის ტერიტორიამ ტროტუარის ნაწილიც კი დაიკავა და ერთ-ერთი შენობა 4-დან 38 სართულამდეც გაიზარდა.

ტერიტორია, რომელიც წინა მხრიდან საავტომობილო გზასა და გვერდიდან სამეზობლოს ესაზღვრება, რამდენიმე ბლოკისგან შედგება. ამ სივრცის ცენტრში — უკვე აშენებული კორპუსისა და იქვე მდგომი ძველი, 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლების პირისპირ — 38-სართულიან შენობას აშენებენ.

მეზობლების მიერ სპეციალურად მოწვეული ექსპერტიზის თანახმად, თუ მშენებლობა ასეთი სახით დასრულდება, სამეზობლოს ნაწილს სრულიად დაეჩრდილება მზე.

ფოტო: პროექტის რენდერი

კომპანია და მერია ირწმუნებიან, რომ ოფიციალურად მოთხოვნილი ყველა დოკუმენტაცია წესრიგშია. თუმცა, რაკი კომპანიამ ასევე უნდა დააკმაყოფილოს 14 წლის წინანდელი მშენებლობის, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ 400-მდე დაზარალებული, შეღავათის სახით მას ისედაც არ მოეთხოვება რეგულაციების მნიშვნელოვანი ნაწილი.

ბზარები, 38-სართულიანი შენობა ფანჯრის წინ და გაურკვეველი მომავალი

ინტერვიუსთვის მაია მისაღებ ოთახში გვიძღვება. პირველი, რაც შემომსვლელს თვალში ხვდება, ოთახის ფანჯარაა — ხედს სრულად ფარავს სამშენებლო ბადე. მაია აღნიშნავს, რომ ეს ბადეც მისი არაერთი მოთხოვნისა და ბრძოლის შემდეგ ჩამოკიდეს.

ოთახში შუქი ამ ფანჯრიდან, ფაქტობრივად, არ შემოდის. სამაგიეროდ, თვითონ მშენებლობის პროცესი ჩანს განსაკუთრებულად კარგად, რადგან ფანჯრიდან მშენებლობამდე მხოლოდ რამდენიმე მეტრია.

მაია მარაქველიძის ფანჯარა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

სინათლის არარსებობა მხოლოდ ერთი პრობლემაა იმ უამრავიდან, რასაც 38-სართულიანი, ჯერ არაშენებული შენობა იწვევს. მაგალითად, ის, რომ ათწლეულების წინ აშენებულ საცხოვრებელს 4-ბალიან სკალაზე უკვე აქვს ავარიულობის მე-2 დონე.

იქ, სადაც დღეს 38-სართულიანი შენობა შენდება, თავდაპირველი პროექტის თანახმად, 4-სართულიანი სავაჭრო ცენტრი უნდა აშენებულიყო. აქ მცხოვრებლებს კარგად ახსოვთ 34 სართულის მომატების ქრონოლოგია:

„მშენებლობა აქ დაიწყო 2006 წელს და ეს იყო სულ სხვა პროექტი. მაშინდელი დაგეგმარებით ეს უნდა ყოფილიყო 2 საცხოვრებელი კორპუსი, საიდანაც ერთი იქნებოდა საოფისე მაღლივი შენობა და მეორე — ოთხსართულიანი სავაჭრო ცენტრი ეზოში. პროექტს ჰქონდა მცირე მოცულობა და ჩვენი კორპუსიდან საკმაოდ იყო დაშორებული.

ეს მშენებლობა 2008-ში გაჩერდა, თუმცა დასრულების სურვილი სულ იყო და იწყებოდა ინვესტორის ძიება. ინვესტორების ძიებისას მშენებლობა მიმდინარეობდა მუდმივად კორექტირების პროცესში, ანუ ხდებოდა სართულიანობის მომატება. თავდაპირველად საცხოვრებელი კორპუსები 10 და 12-სართულიანი უნდა ყოფილიყო, 2009-ში მოუმატეს და გახდა 14 და 16-სართულიანი.

საქმე ის არის, რომ მოასწრეს საცხოვრებელი კორპუსების, ასევე, საოფისე ფართის რამდენიმე სართულის აშენება,- ეს 2008 წლის მონაცემებით, – და ასევე, გააკეთეს ქვაბული ამ სავაჭრო ცენტრისთვის.

ვინაიდან თავად ფინანსები არ ჰქონდათ, მოიძიეს ინვესტორი, რისთვისაც გაზარდეს სართულიანობა. 2014-ში, ჩვენ არც გაგვიგია ისე, ოთხსართულიანი სავაჭრო ცენტრი უკვე გაუხდიათ ცხრასართულიანი.

შემდეგ, 2016-ში, კვლავ მოუმატეს კოეფიციენტი და ეს 9-სართულიანი გახდა უკვე 30-სართულიანი. არც ამის შესახებ არ გვქონია ინფორმაცია, რადგან მთელი მშენებლობის განმავლობაში არცერთი საინფორმაციო დაფა არ იყო გამოკრული. შარშან ზედამხედველობა გამოვიძახეთ და დაწყებული მშენებლობის ფონზე ის მაინც ვაიძულეთ, ეჩვენებინათ, რა პროექტს აშენებდნენ.

2016 წელს ეს შენობა გახდა 30-სართულიანი. და ამის შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით. უბრალოდ, ჩვენ შევამჩნიეთ, რომ საძირკველი გააკეთეს ერთხელ, დაანგრიეს და ხელახლა მოაწყეს საძირკველი ქვაბულში – როგორც ჩანს, კონსტრუქციების სიმტკიცისთვის. ჩვენი პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინეთ, რომ ამ მშენებლობის დასამთავრებლად მერიის ხელშეწყობით დაუმთავრებელი შენობების დასრულების პროგრამა რომ დაიწყო — m2-თან გააფორმეს ხელშეკრულება. m2-ის ჩართულობის შემდეგ მოხდა პროექტის კიდევ ერთი პროექტირება. m2-მა იმ პერიოდში კიდევ ერთხელ დააფუძნა ახალი კომპანია „ნიუ დეველოპმენტი“ და უკვე 2020 წელს „ნიუ დეველოპმენტზე“ გაიცა მშენებლობის ნებართვა 38-სართულიან შენობაზე“.

შარტავას ქუჩაზე მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და გეგმის თანახმად, 3 წელს უნდა გასტანოს. ამ დღეს მომავალი კორპუსის პრეზენტაციას, კახა კალაძესთან ერთად, ესწრებოდა m2-ის მაშინდელი თანადირექტორი შოთა ბერეკაშვილი.

ამ სახელსა და გვარს სამეზობლოში ხშირად ახსენებენ. როგორც თავად მაია მარაქველიძე აცხადებს, მათთვის „ისედაც ცნობილი ამბავია, რომ შოთა ბერეკაშვილი და კახა კალაძე მეგობრობენ“.

შოთა ბერეკაშვილი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონეა, ამჟამად სააქციო საზოგადოება „ნიუ დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი და „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალი დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორია. მანამდე, 2019 წლამდე, ის იყო „ბკ ქონსთრაქშენის“ დირექტორი.

როგორც ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, „ბიქეი“ ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“ , სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ს“ და დეველოპერულ კომპანია „თეთრ კვადრატს“.

მისი მეუღლე მაკა კვიციანია, ცოლისდა კი -„ქართული ოცნების“ დეპუტატი ხათუნა (ბაია) კვიციანი.

მაია გვაჩვენებს იმ წერილთა ნაწილს, რომელიც სამეზობლომ მერიას (და არამხოლოდ) მისწერა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„პრობლემა ის იყო, რომ „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ ჰყავს ბევრი დაზარალებული, ხალხი, ვინც უნდა შესახლებულიყო, და ასევე ბიზნესის ნაწილი, რომელიც სავაჭრო კომპლექსს ელოდება. მე არ ვიცი, როგორი გარიგება და გაანგარიშება მოხდა მათ შორის, მაგრამ იმავე პერიოდში, 2019 წელს, კომპანია ფუძნდება და, თუ არ ვცდები, ამას ცოტათი უსწრებს მთავრობის ახალი დადგენილება.

ამ დადგენილებით, განაშენიანების რეგულირებების დებულებებს ემატება ახალი მუხლი – 35-ე, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ხელშემწყობი ღონისძიებები განხორციელდეს. მაგალითად, რაღაც კოეფიციენტების ცვლილება დასაშვებად იქნას ცნობილი. ოღონდ ახლა რაშია საქმე – ეს 35-ე მუხლი, თავისი არსით და შინაარსით, ემსახურება დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებას, მაგრამ ამისი მიზანი, როგორც მუხლის მიზანში წერია, ემსახურება ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას – და არა, პირიქით“, — გვიხსნის მაია.

საბოლოოდ, საკრებულოს დადგენილებითა და მერიის გადაწყვეტილებით, კომპანიას მოეხსნა შემდეგი ვალდებულებები:

  • კ-2 კოეფიციენტი გაიზარდა 12.4-მდე, მაშინ, როცა 2014 წელს კ-2 კოეფიციენტი შეადგენდა 6.8-ს;
  • მშენებლობა სრულად განთავისუფლდა კ-3 კოეფიციენტისგან – გამწვანების მოთხოვნებისგან;
  • მშენებლობა გათავისუფლდა მიჯნის ზონების დაცვის და სიმაღლის საკანონმდებლო შეზღუდვებისგან;
  • მშენებლობა სრულად განთავისუფლდა სატრანსპორტო რეგულაციისა და ზოგადი გამწვანების საკანონმდებლო მოთხოვნებისგან;
  • მშენებლობა სრულად განთავისუფლდა კანონმდებლობით დადგენილი ინსოლაციის (მომიჯნავე შენობების განათება/დაჩრდილვის) მოთხოვნებისგან;
  • დაშვებულ იქნა ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ცვლილება, ლესვა-ღებვის პროცენტულობის გაზრდილი მაჩვენებლით.

მაია გვიყვება, რომ მთელი ეს პერიოდი არცერთი პასუხისმგებელი უწყებიდან არ ჰქონიათ ინფორმაცია — არც ნებართვის გაცემაზე, არც დადგენილების ცვლილებაზე.

სამეზობლომ თავისი ხარჯებით მოიწვია ექსპერტი, რომელმაც მშენებლობის შედეგად ინსოლაციის – ანუ მზისა და ჩრდილის გადანაწილება იკვლია. ამ ექსპერტიზით ჩანს, რომ თუ მშენებლობა დასრულდა, კორპუსებს სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდებათ მზის სინათლე.

უშუალოდ მაია მარაქველიძის ბინას კი ხილული ცის მხოლოდ 5% დარჩება.

ბზარი მაია მარაქველიძის სახლში. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ ნეტგაზეთი

„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ასე არ მოიქცეოდნენ, რომ არ იყოს რაღაც პირადი კავშირები. გვგონია, რომ ეს არის რაღაც სამშენებლო ლობი, რომლის პირად ინტერესებსაც ემსახურება ქალაქისთვის საზიანო ასეთი ცვლილებები იმიტომ, რომ შარტავა ისედაც არის ძალიან გადატვირთული ქუჩა. ფაქტობრივად, ტროტუარი მას ეკუთვნის, ისეთი მცირე ნაწილი არის დატოვებული.

ჩვენ ვდავობთ იმას, რომ ამ მშენებლობით ირღვევა ჩვენი უფლებები. ჯერ იმიტომ, რომ ბნელდება და ასევე, მდგრადობაზეც იმოქმედა.

მშენებლობა რომ დაიწყეს, ნებართვა არ ჰქონდათ, შესაბამისად, არ ჰქონდათ ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც შეისწავლიდა ჩვენი კორპუსების მდგრადობას. ჩვენ წინ მდებარე 4-სართულიანი კორპუსი ჩვენზე მწვავე მდგომარეობაშია, რადგან ჩვენ გვაქვს მე-2 ხარისხი ავარიულობა, მათ კი – მე-3. გადახსნილია ის შენობა“, – ამბობს მაია.

კორპუსი შარტავაზე, რომელსაც კედელი გადახსნილი აქვს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

მაია მარაქველიძე იხსენებს, რომ კომპანიამ, რომელიც 2008 წლიდან ატარებდა ტერიტორიის ექსპერტიზას, წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეცვალა დასკვნა — ადრეულ წლებში ამბობდა, რომ კორპუსის ფერდი უნდა ამოშენდეს და მანქანები აქ არ უნდა გაჰყავდეთ. შემდეგ, 2020-ში წერს, რომ არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს, ხიმინჯებს გააკეთებენ. მისივე თქმით, ბურღვის სამუშაოებმა მის ბინაში ახალი ბზარები გააჩინა.

მაია მარაქველიძე ბინის აივნიდან გვაჩვენებს მშენებლობას. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„ჩვენ ჩავედით მშენებლობაზე, ვიკითხეთ, რომ ბურღავთ, რა ნებართვა გაქვთ, აღმოჩნდა, რომ არაფერი არ აქვთ. ექსპერტიზა არ არსებობდა. ჩვენ მერიაში მივედით 16 თებერვალს და მოვითხოვეთ ჩვენი შენობის შემოწმება. მაშინ დავადგინეთ, რომ თურმე მეორე ხარისხის ავარიულობა გვაქვს.“

ეზო, რომელსაც „თეთრი კვადრატი“ გადმოჰყურებს. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

სამეზობლოს ინტერესებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს. ჯერ კიდევ 2021 წელს ორგანიზაცია წერდა:

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად აცნობიერებს დაუმთავრებელი პროექტებით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობას, თუმცა, იმისთვის, რომ დაზარალებული მოსახლეობის დაკმაყოფილებას ქალაქში ზიანის და საფრთხის შემცველი მშენებლობის ახალი ტალღა არ მოჰყვეს, მნიშვნელოვანია, რომ შეჩერებული მშენებლობების განახლება კანონის დაცვით და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით განხორციელდეს“.

„საქმე სასამართლოში შევიდა, თვეების წინ. მაშინ საძირკველზე იდგნენ და სარჩელის უზრუნველყოფად მოვითხოვეთ მშენებლობის დაუყოვნებლივი შეჩერება, მაგრამ ეს არ დაგვიკმაყოფილეს და ამასობაში, საქმე ინიშნება მაშინ, როდესაც 5 თუ მეტი სართული უკვე აშენებულია, რაც პრობლემაა, რადგან შეიძლება ამან დამატებითი არგუმენტი გაუჩინოს კომპანიის მხარეს.

პირველი სხდომა მოსამზადებელი იყო, ახლა ვნახოთ, რა იქნება“, – ამბობს ნეტგაზეთთან სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თათული ჭუბაბრია და ამატებს, რომ მოსახლეობის მიმართ ზიანი უკვე დასტურდება ავარიულობისა და ინსოლაციის დასკვნებით.

მერიისა და კომპანიის პასუხი

როგორც კომპანია, ასევე მერია ირწმუნება, რომ კომპანიამ ყველა ის დოკუმენტი წარადგინა, რომელიც კანონით გათვალისწინებული იყო. შესაბამისად, ყველაფერი რიგზეა.

ნეტგაზეთმა მერიას მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მიმართა, მათ შორის უწყებას ვკითხეთ ინსოლაციისა და გარემოზე ზემოქმედების კვლევის შესახებ. მერიისგან გვაინტერესებდა, რატომ გასცა მან ნებართვა მშენებლობაზე, რომელმაც მთელი სამეზობლო უნდა დაჩრდილოს. ასევე, ვიკითხეთ კახა კალაძისა და შოთა ბერეკაშვილის ახლო ურთიერთობისა და სასამართლო დავის შესახებ.

უწყების ვრცელ პასუხში ნათქვამია, რომ 2020 წლის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე, უწყებამ მიიღო „ნიუ დეველოპმენტის“ საპროექტო წინადადება.

„მერია და კომისია დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის რეკომენდაციებისა და მხარდამჭერი ღონისძიებების გაცემისას ხელმძღვანელობს „ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით და ამ დადგენილების 35-ე მუხლის 5-ე პუნქტით განსაზღვრული მხარდამჭერი ღონისძიებების ჩამონათვალით. ეს ჩამონათვალი ითვალისწინებს მშენებლობის დასრულების მიზნით კორექტირებული პროექტის შეთანხმების შესაძლებლობას სიმაღლის განმსაზღვრელი რეგულაციების, მიჯნის ზონის გათვალისწინების გარეშე. რაც შეეხება ინსოლაციის კვლევას, მოქმედი კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს ასეთ ცნებას. ხოლო აღნიშნული კვლევის შემადგენელი კომპონენტები რეგულირდება სიმაღლის და მიჯნის ზონის განმსაზღვრელი ნორმებით“.

როგორც მერია ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ პასუხში წერს, მშენებლობის გაგრძელების და დასრულების, წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, 2019 წლამდე არაერთხელ განხორციელდა პროექტის კორექტირება. მათ შორის, სართულიანობის გაზრდა და მიწის ნაკვეთის ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტება. თუმცა მშენებლობის ფინანსური და სამართლებრივი პრობლემები ვერ გადაწყდა და 400- მდე ოჯახი დაზარალდა. სწორედ ამიტომ, მას შემდეგ, რაც კომისიამ დაიწყო მუშაობა (2019 წლის ივნისი), „მერიის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა აღნიშნული მშენებლობის პრობლემის გადაწყვეტა“.

მერიისვე ცნობით, მშენებლობის დასრულებისთვის მხარდამჭერი ღონისძიებების გაცემის შემდეგ მშენებლობის ნებართვის აღებისთვის „ნიუ დეველოპმენტმა“  წარადგინა ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია.

მერია ასევე გვამცნობს, რომ მომიჯნავე შენობებზე რაიმე სახის ზეგავლენის გამორიცხვის მიზნით, ,,ნიუ დეველოპმენტმა“ მოაწყო 80 სმ დიამეტრის ხიმინჯების ნარანდი კედელი, რომელიც უზრუნველყოფს მომიჯნავე შენობების უსაფრთხოებას.(ამ კონსტრუქციული გადაწყვეტის საიმედოობაზე წარმოდგენილია შპს კონექსის დასკვნა 2021 წლის მარტში) .

„ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქვაბულის ფერდის გამაგრების პროექტში მიღებული კონსტრუქციული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მომიჯნავე შენობებისა და მათ შორის არსებული გზის უსაფრთხოებას, როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე მისი დამთავრების შემდეგაც“, — აცხადებს მერია.

რაც შეეხება შოთა ბერეკაშვილის კავშირებს, ამაზე თავად კახა კალაძე ტელეკომპანია „მთავარის“ კითხვაზე პასუხად აცხადებს:

„ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ბატონ შოთასაც ვიცნობ“, — დასძენს ის.

ერთმანეთთან ახლო ნაცნობობა აქვთ ასევე კახა კალაძის მეუღლეს, დიზაინერ ანუკა არეშიძესა და შოთა ბერეკაშვილის მეუღლეს — ასევე დიზაინერ მაკა კვიციანს.

შარტავას ქუჩა ამჟამად. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუებსა თუ განცხადებებშიი კომპანია ირწმუნება, რომ ექსპერტებმა ყველა კვლევა ჩაატარეს კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამ ცნობის გადასამოწმებლად ნეტგაზეთმა არაერთი კითხვით მიმართა კომპანიას, მათ შორის ვკითხეთ, რატომ არ ჩათვალეს საჭიროდ ინსოლაციის კვლევის ჩატარება. ასევე დავინტერესდით შოთა ბერეკაშვილისა და კახა კალაძის ურთიერთობით.

10-მდე კითხვას, რომელიც მშენებლობას, კვლევებსა და მოსახლეობის ინფორმირებულობას ეხებოდა, კომპანიამ უპასუხა მოკლე განცხადებით, რომელშიც ჩვენს არცერთ კითხვას, ფაქტობრივად, ნათელი არ მოჰფინა.

სანაცვლოდ, კომპანიამ გაიმეორა, რომ 14-წლიანი ლოდინის შემდეგ დააკმაყოფილებს „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულებს და ასევე დასძინა, რომ დიდი გამოცდილება აქვს დაუმთავრებელი მშენებლობის რეაბილიტაციის თვალსაზრისით.

„მაგალითად, „სვეტის“ შეჩერებული პროექტების რეაბილიტაცია, „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებისთვის პრობლემის გადაჭრის საკითხების შემუშავება.

როდესაც ამხანაგობა „ოლიმპიურმა ვარსკვლავმა“ და დაზარალებულების საინიციატივო ჯგუფმა მიმართა „თეთრ კვადრატს“ მათი პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, კომპანიამ წარადგინა პრობლემის მოგვარების მისი ხედვა, რომელიც მისაღები აღმოჩნდა დაზარალებულებისთვის, რის შედეგადაც კომპანიამ, კანონით მოთხოვნილი ყველა წესის და ნორმის საფუძველზე, მიიღო მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის პროცესი ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს“, — აცხადებს კომპანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი