ახალი ამბებირეკლამა

„m2 ჯგუფი“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს

20 ოქტომბერი, 2020 • 1457
„m2 ჯგუფი“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს

„m2 ჯგუფი“ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, მშენებლობა სამი წლის ვადაში დასრულდება და, თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახი, კუთვნილ ბინებს მიიღებს.

პროექტი თბილისის მერიასთან 23 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული დოკუმენტი, მხარეების კომპეტენციის ფარგლებში, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ოლიმპიური ვარსკვლავი

„m2 ჯგუფი“ მსგავს პროექტს მეორედ ახორციელებს. რამდენიმე თვის წინ აქტიური სამშენებლო პროცესი დაიწყო სამშენებლო კომპანია „სვეტის“ წლების განმავლობაში შეჩერებულ სამ ობიექტზე.

„აქ უნდა ყოფილიყო საცხოვრებელი სახლი, რომლის მშენებლობა 13 წლის წინ უნდა დასრულებულიყო. პროექტს ახორციელებდა „ოლიმპიური ვარსკვლავი“, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო მშენებლობის დასრულება და ფართების მესაკუთრეთა დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა. როგორც კი მოვედით მერიაში და დავიწყეთ ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება, ერთ-ერთ პრიორიტეტად გაცხადდა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულება და ისეთი კომპანიების მოძიება, რომლებიც ამ სამუშაოების განხორციელებას შეძლებდნენ. რამდენიმე თვის წინ, ამ ადგილზე გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი m2-თან და დღეს უკვე, ყველანაირი სამშენებლო ნებართვა არის გაცემული იმისთვის, რომ კომპანია შეუდგეს სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას. სამი წლის განმავლობაში ეს კონკრეტული ობიექტი იქნება დასრულებული და ყველა ოჯახი დაკმაყოფილებული“. განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის სრულად ფინანსდება „m2 ჯგუფის“ მიერ, ხოლო ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას „m2 ჯგუფის“ სამშენებლო კომპანია BK Construction-ი განახორციელებს.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დასრულებულია საპროექტო სამუშაოები და უკვე ავიღეთ სამშენებლო ნებართვა.

„ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობის დასრულება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია. კარგად ვაცნობიერებთ საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე აღებულ ვალდებულებას. ნდობის გამოცხადებისთვის კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თბილისის მერიასა და საინიციატივო ჯგუფს.

ეს ჩვენთვის მეორე დაუსრულებელი მშენებლობის გადმობარგების პროცესია, მინდა გითხრათ, რომ „სვეტის“ სამივე ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი და ზუსტად იგივე შამათებით შევუდგებით „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობას. გპირდებით, რომ არ დავიშურებთ ჩვენს, ცოდნასა და გამოცდილებას იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტები დათქმულ ვადებში ჩაგაბაროთ, რათა მალე შეძლოთ ნანატრი ბინების მიღება“, – განაცხადა „m2 ჯგუფის“ თანადირექტორმა შოთა ბერეკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი