საზოგადოება

რატომ არ ჩანს “ოცნების” ევროპელი პარტნიორი პარტია

8 ივნისი, 2022 • 1978
რატომ არ ჩანს “ოცნების” ევროპელი პარტნიორი პარტია

“ქართული ოცნება” ხშირად აკრიტიკებს ევროპის სახალხო პარტიას (EPP), რომელიც ენმ-ის მოკავშირე პოლიტიკური ჯგუფია და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ინტენსიურად ეხმაურება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთივე პოლიტიკური პარტნიორი ევროპაში მმართველ გუნდსაც ჰყავს, რომელიც არ გამოირჩევა მსგავსი აქტიურობით საქართველოსთან დაკავშირებით.

საქართველოს მხრიდან ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ „ქართული ოცნების“ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს ევროპაში – სოციალ-დემოკრატების პროგრესულ ალიანსს (S&D), ამ დრომდე მხარდაჭერა არ დაუფიქსირებია. თუმცა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს ქართული ოპოზიციური პარტიების პარტნიორებმა. ამ ფონზე კი ოპოზიციის წარმომადგენლები „ქართული ოცნებისგან“ მათი მუშაობის შედეგებს ითხოვენ და მმართველ პარტიას კითხვით მიმართავენ, თუ რას აკეთებენ და ვისთან მუშაობენ.

რატომ არ ჩანს ამ დრომდე მმართველი პარტიის პარტნიორების მხარდაჭერა?

რა ხდება?

გასულ კვირას ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) კონგრესზე, რომელიც აერთიანებს ევროპაში ლიბერალურ პარტიებს, მხარი დაუჭირეს  საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებას. ALDE-ს პოლიტიკურ ოჯახში საქართველოდან 5 ოპოზიციური პარტია ერთიანდება:

  • რესპუბლიკური პარტია,
  • თავისუფალი დემოკრატები,
  • „ლელო“,
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“,
  • „გირჩი-მეტი თავისუფლება“

ევროპის კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის – „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) წარმომადგენელმა დევიდ მაკალისტერმა, რომელიც ამავე დროს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ EPP მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამას წინ უძღოდა EPP-ის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნიკა გვარამიას პატიმრობისა და მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობასთან დაკავშირებით. EPP ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს და საქართველოში მისი პარტნიორი პარტიები არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) დამკვირვებელი წევრია, რომელიც ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების პროგრესულ ალიანსშია (S&D) წარმოდგენილი. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებამ“ PES-ში გაწევრიანების შემდეგ ხელმძღვანელი რამდენიმეჯერ შეიცვალა, მისი პარტნიორის ვებ-გვერდზე პარტიის ლიდერად დღემდე, 2018 წელს გადამდგარი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია მითითებული, „ქართული ოცნება“ კი – ისევ კოალიციადაა მოხსენიებული, რაც დიდი ხანია ფაქტობრივი შეცდომაა.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2022/06/Untitled-design-2022-06-07T214739.909.png

როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფთან, და არამხოლოდ მათთან, აქტიურად მუშაობენ იმაზეც, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს განაცხადს მხარდაჭერა ჰქონდეს.

როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო იობაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს როგორც საპარლამენტო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, რომ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობები მაღალ ნიშნულზე იყოს.

„თავს არ ზოგავს არცერთი ადამიანი, ვისაც ეს ეხება, რომ მივიღოთ მაქსიმუმი“, – ამბობს ნინო იობაშვილი და აღნიშნავს, რომ პარტნიორებზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ.

ნინო იობაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

„აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ზოგადად ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებ ინსტიტუტებთან. რაც შეეხება [S&D-ის] რეზოლუციას, რომელიც აქამდე არ გავრცელებულა, ამას გააჩნია ობიექტური მიზეზი, იმიტომ, რომ პარტიის ყრილობა არ ყოფილა. როდესაც იქნება სოციალ-დემოკრატების ყრილობა, ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები.

რასაკვირველია, ინტენსიურად ვმუშაობთ, ჩვენი კომიტეტის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე ინტენსიურ კომუნიკაციაში არიან პარტნიორებთან, ადგილი აქვს ვიზიტებსაც, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა ჩვენს პარტნიორ პარტიასთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორი პარტიისგან აუცილებლად იქნება მხარდაჭერა“, – განაცხადა ნინო იობაშვილმა ნეტგაზეთთან.

თუმცა წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ ერთ-ერთი ბოლო განცხადება, რასაც „ქართული ოცნების“ პარტნიორი S&D-ს წარმომადგენელი და ამავე დროს საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი შეუერთდა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებული კრიტიკულ ტექსტს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ეს ფაქტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.

რატომ არ აქტიურობენ „ოცნების“ პარტნიორები?

რა არის მიზეზი იმისა, რომ განსხვავებით ოპოზიციური პარტიების პარტნიორებისაგან, საქართველოსთან დაკავშირებით აქტიურობას არ იჩენენ „ქართული ოცნების“ პარტნიორები? – ლუვენის უნივერსიტეტის ევროპის პოლიტიკური პარტიების პროგრამის თანახელმძღვანელი თეონა ლავრელაშვილი ნეტგაზეთთან ამის სამ მიზეზს გამოყოფს.

პოლიტიკური პარტიების მკვლევრის თქმით, პირველი უკავშირდება უშუალოდ ისტორიულ ფაქტორებს, რადგან სოციალ-დემოკრატები ევროინტეგრაციისა და გაფართოების მიმართ ენთუზიასტები არ არიან, განსხვავებით „ევროპის სახალხო პარტიისაგან“, რომელიც თვლის, რომ გაფართოების გზაზე მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს და სამეზობლოს ქვეყნებს დაეხმაროს.

მეორე მიზეზად თეონა ლავრელაშვილი ასახელებს S&D-ის ორგანიზაციულ მოწყობას. მისი თქმით, სოციალ-დემოკრატებისთვის ჰორიზონტალური მმართველობაა დამახასიათებელი და ისინი თავს უფრო განიხილავენ პარტიების ერთობად და არა მოთამაშედ. მაშინ, როცა იგივე EPP-ს უფრო მეტად ცენტრალიზებული მმართველობა აქვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ევროპარლამენტში მის პოლიტიკურ ჯგუფს უფრო მეტი მობილიზაცია და კონსოლიდაცია შეუძლია.

„დავუშვათ, როდესაც ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, რომ კონკრეტულ საკითხზე უნდა იყოს ერთობა, ევროპარლამენტში EPP-ს ჯგუფი ამას ძალიან კონსოლიდირებულად მიჰყვება. თუკი დააკვირდებით, ევროპარლამენტში დეპუტატები როგორ უჭერენ მხარს ამა თუ იმ საკითხს, ნახავთ, რომ უფრო მეტი კონსოლიდაცია არის „ევროპის სახალხო პარტიაში“, ვიდრე სოციალ-დემოკრატებში“, – ამბობს თეონა ლავრელაშვილი.

თუმცა უფრო მნიშვნელოვან ფაქტორად ის გამოყოფს ლობირებასა და ადვოკატირებას და ამბობს, რომ ამ მიმართულებით „ქართული ოცნება“ “ცოტა მოიკოჭლებს“.

მისი თქმით, სოციალ-დემოკრატების ისტორიული პრინციპების გათვალისწინებითაც კი, საქართველოში მათი აქტივობების დონე თითქმის შეუმჩნეველია და ეს ერთგვარი „პარადოქსია“.

თეონა ლავრელაშვილი, ევროპის პოლიტიკური პარტიების მონიტორინგის პროგრამის თანახელმძღვანელი, ლუვენის უნივერსიტეტი, ბელგია

„უნდა მოხდეს ლობიზმის და ადვოკატირების გააქტიურება. ალბათ, 70% არის ადვოკატირებაზე დამოკიდებული და 30%- უშუალოდ მათზე, რომ S&D-ის უფრო მეტი ინტერესი ჰქონდეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე“, – ამბობს თეონა ლავრელაშვილი და პარტნიორების ყურადღების მიქცევის მაგალითად მოჰყავს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ აქტიურობა.

„ფორმალური და არაფორმალური მეთოდებით პირდაპირ სთხოვენ, რომ ამა თუ იმ მოვლენაზე EPP-მ გააკეთოს კომენტარი. სამწუხაროდ, ეს ლობირება არ შეიმჩნევა „ქართული ოცნების“ მხრიდან[…] აუცილებელია იმ ხალხთან მუშაობა, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკას წყვეტენ. ეს იციან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ და როცა ჩამოდიან, ცდილობენ, რომ ამ ადამიანებს შეხვდნენ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ ჩემი დაკვირვებით, ყოველთვის მოიკოჭლებდა მათი დიპლომატიური მხარე“, – ამბობს თეონა ლავრელაშვილი.

ამის ერთ-ერთ მიზეზად ის იმასაც ასახელებს, რომ „ოცნებისა“ და მისი პარტნიორების ურთიერთობის ისტორია უფრო ახალია, ვიდრე ენმ-ისა და მისი პარტნიორების, რომელთაც უკვე პირადი ურთიერთობებიც ჩამოუყალიბდათ.

„შეიძლება უფრო მეტად კვალიფიციური კადრების მოძიება იმისთვის, რომ ევროკავშირის დონეზე მეტი ლობირება იყოს და პარტიათაშორისი კონსენსუსის მიღწევა შეძლონ. მე არ მინდა მეგონოს, რომ მეორე მიზეზი შეიძლება წინასწარ გათვლილი სტრატეგია იყოს. ერთი და ორი ადამიანი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანს. აქ უნდა გვქონდეს სტრატეგია, თუ როგორ განვითარდეს დიპლომატია, ეს არ არის სწორხაზოვანი აქტივობა. აქ სხვადასხვა აქტორების მობილიზაცია უნდა იყოს, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო და სხვა. მნიშვნელოვანია პარტიული დიპლომატიაც, რაც საქართველოში თანდათან პოპულარული ხდება. უნდა მოხდეს მეტი რესურსის ჩადება და ერთიანი სტრატეგიის შემუშავება, რომ საქართველოს მეტი შანსები ჰქონდეს“, – ამბობს თეონა ლავრელაშვილი.

მისი თქმით, მხოლოდ პროტოკოლური შეხვედრები საკმარისი არაა და ქართულ დიპლომატიას რომ უფრო ეაქტიურა, შესაძლებელი იყო, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტს რეზოლუცია ევროპულ საბჭოზე საქართველოს განაცხადის განხილვამდეც მიეღო.

„ამიტომ უნდა მოხდეს კომუნიკაციის გაუმჯობესება როგორც S&D-სთან, ასევე ევროკავშირის წამყვან აქტორებთან. გასაგებია, რომ ჯოზეფ ბორელს და რობერტა მეცოლას ხვდებიან, მაგრამ ეს არის სამთავრობო შეხვედრები. ეს ჩვეულებრივად ხდება, როცა საელჩო უგზავნის ოფიციალურ თხოვნას, რომ ჩვენი პრეზიდენტი ან პრემიერი მოდის და სთხოვს შეხვედრას. ეს პროტოკოლით გაწერილია და, რა თქმა უნდა, უნდა შეხვდნენ. მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, – ამბობს თეონა ლავრელაშვილი.

„ოცნების ჩავარდნა საერთაშორისო ურთიერთობებში”

იმას, რომ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ურთიერთობებში საკმაოდ მოიკოჭლებს, ამბობს კორნელი კაკაჩიაც – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი და პოლიტიკის მეცნიერი.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობები ვერ განავითარა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფორმალურად ევროპელ სოციალისტებთან ასოცირებული არიან, მათგან ისეთივე უპირობო მხარდაჭერის მიღება ვერ მოახერხეს, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები მათი პარტნიორებისგან იღებენ.

„არ ვიცი, ეს რისი ბრალია, მათ არ იმუშავეს თუ სხვა პრობლემაა, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ როდესაც უჭირს ხოლმე „ქართულ ოცნებას“, მისი მხარდამჭერი არც ამერიკის კონგრესშია, არც ევროპარლამენტში, თითქმის არავინ არ მოიძებნება, მათ შორის იგივე სოციალ-დემოკრატების ფრაქციაშიც, რომელიც ერთ-ერთი ძლიერია [ევროპარლამენტში]… EPP-ზე ნაკლები არაფრით არის.

იმის ნაცვლად, რომ მათ უფრო მეტად ემუშავათ ამ მიმართულებით, საკუთარი გავლენები ჰქონოდათ იქ და როცა საჭიროა, ეს გამოეყენებინათ, ასეთი შედეგი არ ჩანს. ეს ნიშნავს, რომ მათ უბრალო სამუშაო ურთიერთობები აქვთ, რაც არ არის საკმარისი“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

როგორც კორნელი კაკაჩია აღნიშნავს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ისიც, რომ სინამდვილეში, „ქართული ოცნება“ თავის პარტნიორებთან იდეოლოგიურად ახლოს არ არის და ევროპელ სოც-დეკებთან შეერთების გადაწყვეტილება ენმ-ის და EPP-ის ალიანსის საპირწონედ მიიღეს.

„არ ვიცი, მათ თვითონ არ სჯერათ, რომ სოციალისტები არიან და ამის გამო აკეთებენ მაგას. ესენი შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე ნაციონალ-კონსერვატორები არიან, სოციალიზმთან ვერ იგივდება ეს პარტია, მაგრამ მაშინ [“ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ] გააკეთეს თვითონ ეს არჩევანი და, ეტყობა, ამის შემდეგ იქ ინვესტიციები არ ჩადებულა, ან უბრალოდ იდეოლოგიურად არ მოიაზრებენ თავს და მაშინ ეს იყო გარკვეული სტრატეგიული ნაბიჯი.

ალბათ, ფიქრობდნენ, რომ რადგან EPP მხარს უჭერდა იმ პერიოდში „ნაციონალურ მოძრაობას“, ესენი დააბალანსებდნენ. აშკარად ეტყობა, რომ აქედან არაფერი გამოსულა და შედეგებსაც ვხედავთ“, – აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.

კორნელი კაკაჩია ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თუმცა, მისი თქმით, როცა პარტია ქვეყნის შიგნით სერიოზულ შეცდომებს უშვებს, დიდი მნიშვნელობა იდეოლოგიურ სიახლოვესაც არ აქვს, რადგან თეთრზე შავის თქმას ევროპარლამენტში ვერავინ, მათ შორის ვერც პარტნიორი პოლიტიკური ძალა მოახერხებს. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, შედეგები თვითონ „ქართულ ოცნებას“ უნდა ჰქონდეს, რომლის მიხედვითაც მას მხარდაჭერის მოთხოვნა შეეძლება, მაგრამ ბოლო პერიოდში მმართველ გუნდს იმდენად დიდი რეპუტაციული ზიანი აქვს, რომ მოკლე პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღება ნაკლებად მოსალოდნელია.

კორნელი კაკაჩიას თქმით, „ქართული ოცნების“ ჩავარდნები საერთაშორისო პარტიულ ურთიერთობებში არა მხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანასაც აზიანებს, ისინი ცდილობენ, ისე ეკონტაქტონ სხვადასხვა აქტორს, როგორც საქართველოს ხელისუფლება, რაც ხანდახან მომგებიანი არ არის.

„იმიტომ, რომ შენ როგორც ხელისუფლებას კი არა, ცალკე უნდა გქონდეს კონტაქტები და პარტიის დონეზე უნდა იყოს. ხვალ რომ „ოცნებამ“ არჩევნები წააგოს, მას ხომ უნდა ჰქონდეს ეს საერთაშორისო კონტაქტები და ახალი ხელისუფლება რომ მოვა, მის დასაცავადაც ხომ უნდა გააკეთოს ვიღაცამ მხარდამჭერი განცხადებები. მე ამის ნიშნებს ვერ ვხედავ. მგონია, უბრალოდ, მათ სჯერათ, რომ საერთაშორისო კონტაქტები მინიმალურ დონეზე, ფორმალურად [უნდა ჰქონდეთ], თორემ დიდად მათ ეს არაფერში სჭირდებათ“, – აღნიშნავს კორნელი კაკაჩია.

ამ მხრივ კორნელი კაკაჩიაც  პარალელს ავლებს ენმ-სა და მისი პარტნიორების ურთიერთობებთან და ამბობს, რომ ისინი საერთაშორისო კონტაქტების მნიშვნელობას მიხვდნენ და მეგობრებთან მუშაობით წლების განმავლობაში შეინარჩუნეს კონტაქტები და პერსონალური ნაცნობობა.

კორნელი კაკაჩიას თქმით, იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ურთიერთობებს „ცოტა ზერელედ უყურებს“, შედეგებიც შესაბამისია. მას უჭირს გაიხსენოს ამერიკასა და ევროპაში ისეთი პერსონები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მხარს უპირობოდ დაუჭერდნენ.

„ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს ჰყავთ საკუთარი მეგობრები, რომლებიც მათ შესძინეს თავიანთი მმართველობის დროს საქართველოს. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ეს ხომ არ არის ახალი პარტია, მე ვერ ვიხსენებ სენატორს, კონგრესმენს ან ვინმეს, რომელიც მათ შემატეს საქართველოს მეგობართა რიცხვს და რომლებიც მათ მხარს დაუჭერდნენ. ასეთი ადამიანი არ მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით თანხა არის დახარჯული ლობისტებში. ესეც მიუთითებს, რომ მათი ძლიერი მხარე არ არის საგარეო ურთიერთობები როგორც პარტიის, ასევე, ზოგადად ხელისუფლების“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

ამავე თემაზე

ევროპარლამენტმა მოლდოვისა და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციები უკვე მიიღო, საქართველოზე – არა. რატომ?

მასალების გადაბეჭდვის წესი