პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობა”, რომელიც ოფიციალურად 3 თვის წინ დაფუძნდა, ამბობს, რომ საქართველოს მასშტაბით უკვე 60-ზე მეტი ოფისი აქვს და სამომავლოდ კიდევ გაიზრდება აღნიშნული რიცხვი.
მეორე მხრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულობათა ჯამური ოდენობა 37 000 ლარზე ნაკლებია.
არის თუ არა შესაძლებელი ასეთი მცირე თანხით ამ რაოდენობის ოფისების დაქირავება და შენახვა?
ადამიანებს, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ერთი მხრივ, თანხის სიმცირის, მეორე მხრივ კი — ოფისების სიმრავლის ფაქტი არაერთ კითხვას უჩენს. ისინი ფიქრობენ, რომ სუბიექტის საქმიანობით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს. თავად პარტიის თანახმად, შემოწირულობათა ნაწილი ჯერაც გაუსაჯაროებელია.
როგორ გავიდა “ალტ-ინფოს” პარტია რეგიონებში
“კონსერვატიული მოძრაობა” დააფუძნა ულტრამემარჯვენე “ალტ-ინფომ”. ეს უკანასკნელი ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც 2021 წლის 5 ივლისს ლგბტ თემის საწინააღმდეგო, ძალადობრივი აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა ათეულობით ჟურნალისტზე იძალადეს.
პარტიის განცხადებით, მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“: იანვარში გაიმართა რუსეთის დუმის დეპუტატებისა და “კონსერვატიული მოძრაობის” ერთობლივი კონფერენცია “ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან” დაკავშირებით, 14 მარტს კი “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ პარტია სრული შემადგენლობით გეგმავს რუსეთში ვიზიტს.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში პრორუსული პარტიის მიმართ უკმაყოფილება მეტად ხილული გახდა. მისი ოფისების გახსნა მოქალაქეებმა არაერთ ქალაქში სხვადასხვა ფორმით გააპროტესტეს, ზოგიერთ შემთხვევაში კი “კონსერვატიულ მოძრაობას”საოფისე ფართი დაატოვებინეს. ასე მოხდა მესტიაში, ხულოსა და შუახევში.
“კონსერვატიული მოძრაობის” ზუგდიდის ოფისის გახსნა. შეკრებილებს სიტყვით მიმართავს პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე. ფოტო: Facebook/კონსერვატიული მოძრაობა – ოფიციალური გვერდი
სანამ მოქალაქეთა ჯგუფებისგან წინააღმდეგობას გადააწყდებოდნენ, პარტიის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოფისებს უხმაუროდ და სწრაფად ხსნიდნენ.
“კონსერვატიული მოძრაობის” ფეისბუკ გვერდმა ჯერ კიდევ 27 დეკემბერს აცნობა საზოგადოებას ზუგდიდის რეგიონული ოფისის გახსნაზე, 15 იანვარს კი თქვა, რომ ოფისები დასავლეთ საქართველოს უკვე 6 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა. ამას მოჰყვა ცნობები ოფისების გახსნაზე ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ 17 მარტს გვითხრა, რომ “ალტ-ინფოს” პარტიას საქართველოს 62 რაიონში უკვე გახსნილი აქვს ოფისი. მისივე ინფორმაციით, ამას დაემატება კიდევ 2 ოფისი რეგიონებში, შემდეგ კი — “10-15 ოფისი” თბილისში.
სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ “კონსერვატიული მოძრაობის” მარნეულის ოფისის ფანჯრები უკრაინისა და ევროკავშირის დროშების ფერებში შეღება. ფოტო: Facebook/Samira Bairamova
“კონსერვატიულ მოძრაობას” ჯერ არცერთ არჩევნებში მიუღია მონაწილეობა, შესაბამისად, ის არ მიიჩნევა კვალიფიციურ სუბიექტად და სახელმწიფო დაფინანსებასაც არ იღებს.
საიდან მოიძია ახლად დაფუძნებულმა პარტიამ თანხა ათეულობით ოფისის გასახსნელად და მათ აღსაჭურვად?
კანონის თანახმად, ყოველგვარი შემოწირულობის შესახებ, რომელსაც პოლიტიკური პარტია იღებს წევრებისგან თუ არაწევრებისგან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა აცნობოს.
აუდიტის ვებგვერდზე “ალტ-ინფოს” პარტიას სულ 42 შემოწირულობა უფიქსირდება. პირველი შემოწირულობები 16 თებერვლით თარიღდება, ბოლო კი — 2 მარტით.
“კონსერვატიული მოძრაობის” ოფისები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ფოტო: Facebook/კონსერვატიული მოძრაობა – ოფიციალური გვერდი
შემოწირულობათა ჯამური ოდენობა 36 725 ლარია. სხვა თანხები, რომლებიც შეიძლებოდა, პარტიას ოფისების გახსნასა და სხვა აქტივობებში დაეხარჯა, აუდიტის ვებგვერდზე ამ დროისთვის არ იძებნება.
ყველაზე მეტი, 2 500 ლარი პარტიას ბორჯომის ოფისის თავმჯდომარემ, შორენა კობიძემ შესწირა. 1 900 ლარი გაიღო ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარემ, გია გულუამ, რუსთავის ოფისის თავმჯდომარემ, მერაბ გიგანმა კი “კონსერვატიულ მოძრაობას” 1 800 ლარი შესწირა.
შემწირველთა შორის პარტიის სხვა რეგიონული ოფისების თავმჯდომარეებიც მოიძებნებიან.
პარტიული ოფისი — ძვირი სიამოვნება
თუ “კონსერვატიული მოძრაობის” უკვე აღსრულებული თუ ჯერაც აღუსრულებელი გეგმებით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ “ალტ-ინფოს” პარტია აპირებს, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და დედაქალაქის ყველა რაიონი მოიცვას.
რამდენად შესაძლებელია ამ მიზნის მიღწევა საშუალო ან დაბალშემოსავლიანი პარტიისთვის? “ნეტგაზეთის” რესპონდენტები, რომელთაც პოლიტიკურ პარტიებში საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვთ, აღნიშნულის შესაძლებლობას გამორიცხავენ.
“სახელმწიფო დაფინანსების მქონე პარტიებსაც კი, ანუ კვალიფიციურ სუბიექტებს, არასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის ოფისების შექმნა და წლიდან წლამდე მათი შენახვა სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯების გათვალისწინებით… როგორც წესი, უჭირთ.
ამ ათწლეულების განმავლობაში იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდნენ სახელისუფლებო პარტიები, რომლებსაც, როგორც წესი, უჩნდებათ ხოლმე უხვად შემომწირველები.
სწორედ ამიტომაცაა, დღესაც რომ გადახედოთ, გახსნილი, მოქმედი რაიონული ოფისები, პრინციპში, არავის არ აქვს, მცირე თუ დიდ შემოსავლიან [პარტიებს]” — აცხადებს მამუკა კაციტაძე, რომელიც 20 წელზე მეტია, საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და კარგად იცნობს პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და თანმდევ ლოჯისტურ სპეციფიკებს.
მისი სიტყვებით, არასაარჩევნო პერიოდში სახელისუფლებო პარტიებიც კი ხურავდნენ ოფისებს.
მამუკა კაციტაძე
“შეიძლება, შეენარჩუნებინათ რეგიონულ ცენტრში და ა.შ.”, — აღნიშნავს კაციტაძე და დასძენს, რომ როცა პარტია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თბილისის ყველა რაიონს ფარავს “არცთუ მოკრძალებული ზომის” ოფისებით, “არცთუ მოკრძალებულ ადგილებზე”, რთული მისახვედრი არ არის, რომ “მათ საკმაოდ უხვად აქვთ დაფინანსება, სახელმწიფო დაფინანსების მქონე პარტიებზე გაცილებით დიდი, და ეს ყველაფერი არ ხდება სერიოზული პატრონის, სერიოზული დონორის, დამფინანსებლის გარეშე”.
მამუკა კაციტაძე აღნიშნავს იმასაც, რომ პარტიებს თავიანთი დონორების შეწუხება, ძირითადად, “საარჩევნო პერიოდისთვის აქვთ განზრახული”, მორიგ არჩევნებამდე 2 წლით ადრე კი ოფისების ამ მასშტაბით გახსნა “პარტიების 90%-სთვის” ხელმიუწვდომელია:
“ოფისი რისთვის სჭირდება პარტიას? იმისთვის, რომ სტრუქტურები შექმნას, ხალხი მოიზიდოს, აგიტაცია აწარმოოს… თითო რაიონში თითო ბილბორდი რომ გააკეთონ — უბრალოდ ბილბორდი, რომ აჩვენონ, ვინ არიან — ეგეც კი არ გამოვა მაგ ფასად [36 725 ლარად]. აღარაფერს ვამბობ ოფისზე”.
მამუკა კაციტაძის ხედვებს იზიარებს თვითმმართველობის ექსპერტი ირაკლი მელაშვილიც. ის პოლიტიკაში 90-იანი წლების დასაწყისიდან იყო ჩართული.
ის გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ საშუალო თუ დაბალშემოსავლიანმა პარტიამ ოფისებით მთელი საქართველოს დაფარვა მოახერხოს.
ირაკლი მელაშვილი. ფოტო: რადიო თავისუფლება
“თბილისში სხვა ფასია, რეგიონებში სხვა ფასია, მაგრამ 1 ოფისის შენახვა თავისი მიმოსვლის თანხით, სამოძრაო თანხებით, იქ 1 კაცის ყოფნით მაინც… მინიმუმ 1 000 ლარამდე ჯდებოდა. ეს 10 წლის წინ და ახლა თანხები მომატებულია, ბუნებრივია.
ოფისი იმისთვის ხომ არ უნდა გახსნა, რომ ბანერი გამოაკრა? გინდა იმისთვის, რომ ამ ხალხმა იმოძრაოს, ხალხს შეხვდეს, საქმიანობა აწარმოოს… დღეს მინიმუმ 1 500-2 000 ლარი იქნება ფუნქციონირებადი ოფისი თავისი ატრიბუტიკით. ერთჯერადი ხარჯი კიდევ ცალკეა.
…[თვეში] 150-200 000 ლარი მაინც გჭირდება, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებადი ოფისები გქონდეს”, — აღნიშნავს მელაშვილი.
მელაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს ხელშეკრულებებით, რომელთა საფუძველზეც “ალტ-ინფოს” პარტიამ საოფისე ფართები იქირავა. მეორე მხრივ, მას ეჭვი შეაქვს პარტიის თანხების წარმომავლობაში.
“სინამდვილეში, ეს იქნება თანხები, რომლებიც მოდის ერთი ან ორი ჯიბიდან, შემდეგ გადაფორმდება, როგორც შემოწირულობები რამდენიმე ათეული ან ასეული კაცისგან და ისე აისახება დეკლარაციებში… ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ლეგალური მსხვილი შემომწირველები ჰყავდეს ამ პარტიას”, — დასძენს ის, ეჭვს კი ასე განმარტავს:
“…ის 1-2 კაცი შეიძლება, საერთოდ არ იყოს საქართველოს მოქალაქე. ანუ ეს იყოს რუსული ფული…”
“დამატებითი შემოწირულობებიც აიტვირთება”
“კონსერვატიული მოძრაობის” შემოწირულობებისა და გახსნილი ოფისების რაოდენობაზე გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, კონსტანტინე მორგოშიას დაუკავშირდა.
“რამდენიმე დღეში კიდევ დამატებითი შემოწირულობებიც აიტვირთება, რომელიც გადავაგზავნეთ”, — განგვიცხადა მან.
მორგოშიას ვუთხარით, რომ აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე ამჟამად ატვირთულ შემოწირულობათა ჯამური ოდენობა 37 000 ლარამდეა და ვკითხეთ, რამდენია ის თანხა, რომლის შესახებ მონაცემებიც ჯერ არ ატვირთულა. მან გვიპასუხა:
“გაცილებით მეტი, ვიდრე შენ იძახი”. აღნიშნულის შემდგომ საუბარი ასე წარიმართა:
– ამ შემოწირულობების შემოდინება იქამდე იყო დაწყებული, სანამ ოფისების გახსნა დაიწყებოდა?
ცხადია, კი. მაგას ხომ ტვირთავ რაღაც დაგვიანებით, ცოტ-ცოტათი და მერე ივსება.
– მიახლოებით რაოდენობას ვერ ვიტყვით?
თანხა არ ვიცი. ეგ ბუღალტრებმა იციან. შეიძლება, 1 კვირაც არ დასჭირდეს, ატვირთული იქნება.
– თქვენი ყველა ოფისი სრული დატვირთვით ფუნქციონირებს? რამდენი ადამიანია დასაქმებული ამ ეტაპზე?
ენთუზიაზმზე არიან, 4-4, 5-5 ადამიანი მუშაობს, კი. როგორც გვჭირდება, იქიდან გამომდინარე.
კონსტანტინე მორგოშია. ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი
– ხელფასს არავინ იღებს?
ხელფასს არა.
– საინტერესოა ასევე, ამ პარტიის ძირითადი დაფინანსების წყაროები საიდან მოდის?
– მთელი მსოფლიოდან.
– ძირითადი დამფინანსებლები შეგვიძლია გამოვყოთ?
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ევროპიდან… ემიგრანტების ნათესავებიც სწირავენ ძალიან ბევრ თანხებს და რა ვიცი…
– როგორც ასეთი, ერთი ან რამდენიმე გამოკვეთილად მსხვილი დამფინანსებელი არ ჰყავს პარტიას?
ეგეთი საერთოდ არ გვყავს.
– არც თქვენ, მათ შორის?
მე რასაც ვაკეთებდი აქამდე, ვაკეთებდი და ახლა უკვე გასცდა ჩემს ფორმატს.
– ანუ, რომ ვთქვათ, თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი ძირითადი დამფინანსებელი, ასე არ არის, ამ ეტაპზე?
ნუ, ძირითადი ვიყავი და ვარ, მაგრამ უკვე მარტო მე არ ვარ.
მორგოშიას ასევე ვკითხეთ, ამჟამად რას საქმიანობს და რომელ ბიზნესებშია ჩართული.
“სხვადასხვაში. ეს უკვე როგორი თემაა, იცით? დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი ბიზნესები თუ ვინმეს აინტერესებს, რას ვსაქმიანობ, შეუძლიათ, მოიძიონ. ხან რას ვსაქმიანობ, ხან რას. ხან სოფლის მეურნეობას, ხან ტურიზმს და ხან მშენებლობას. გააჩნია, რა პროექტი იქნება, რომელი უფრო საინტერესო იქნება ჩემთვის და შესაძლებლობა რისი მექნება”.
ახლა რაც არის ასახული და რაც კიდევ აისახება, მხოლოდ ეს თანხები ხმარდება ოფისებს? — ვკითხეთ მორგოშიას, რაზეც გვიპასუხა:
“დიახ, ეს თანხები ხმარდება. დანარჩენი, თუ იქ ვიღაც მოვა, წყალს მოიტანს და საჭმელს… თავის საქმეა”.
კონსტანტინე მორგოშია სიტყვით გამოდის „კონსერვატორული მოძრაობის“ დამფუძნებელ ყრილობაზე. ფოტო: Facebook/კონსერვატიული მოძრაობა – ოფიციალური გვერდი
მან გვითხრა ისიც, რომ “ბევრი ადამიანი ყოფილა, რომ საბაზრო ფასთან შედარებით, გაცილებით იაფად მოუციათ [ფართი]”. მისი თქმით, ასეთი ოფისების რაოდენობა “ალბათ იქნება 15-20”.
“შესაძლოა, საქმე გვქონდეს ფინანსების დამალვასთან”
ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები”(ISFED), სხვა პარტიების მსგავსად, “კონსერვატიული მოძრაობის” აქტივობებსაც აკვირდება. სხვა საკითხებთან ერთად, ის პარტიული ოფისების მიმართულებასაც სწავლობს.
ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნინო დოლიძის თქმით, საკითხის შესწავლაში ISFED-ის რეგიონული ოფისების წარმომადგენლები არიან ჩართულნი და შეკრებილ ინფორმაციას ორგანიზაცია საზოგადოებას მალე მიაწვდის.
“კონსერვატიული მოძრაობის” საქმიანობის ამ ნაწილზე დოლიძეს არაერთი კითხვა აქვს. ერთი მხრივ, ის ფიქრობს, რომ აუდიტის სამსახურის ბაზაში ასახული შემოწირულობებით შეუძლებელი იქნებოდა 60-ზე მეტი ოფისის გახსნა, მეორე მხრივ კი, ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა, პარტია სრულად არ აწვდიდეს აუდიტს თავისი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას.
ნინო დოლიძე
“თუ ეს ოფისები რეალურად გახსნილია… ავიღოთ 1 ოფისის ხარჯი: ხულოში, სადაც “ალტ-ინფოს” [ოფისი] არ გაახსნევინეს, ადამიანმა, ვისგანაც ჰქონდათ [ფართი] ნაქირავები, თქვა, რომ [ქირის საფასური] 1 500 ლარი იყო.
დაახლოებით იგივე თანხებია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. საშუალოდ რომ ავიღოთ, 1 000-დან 1 500 ლარამდე, სულ მცირე… ამას ვამბობ მუნიციპალიტეტის დონეზე. თუ დიდ ქალაქებზეა საუბარი — ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. — თქვენ იცით, რომ აქ გაცილებით მეტია. აქ შეიძლება 1 000$-ზეც იყოს საუბარი, ოფისის ქირა.
შესაბამისად, ეს რომ გადავამრავლოთ 60 ოფისზე, თქვენ ნახავთ, რამხელა ხარჯებზეა საუბარი, მაშინ როდესაც მათ შემოწირულობას რომ შეხედოთ, არის გაცილებით დაბალი”, — აღნიშნავს ის.
იმ ფონზე, როცა პარტიას სახელმწიფო დაფინანსებაც არ აქვს, ნინო დოლიძისთვის “ცალსახაა, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს ფინანსების დამალვასთან და არაგამჭვირვალე ხარჯებთან, რომელიც საიდან მოდის, ჩვენ არ ვიცით”.
პლაკატები ფართზე, რომელიც “ალტ-ინფოსთვის” უნდა მიექირავებინათ. ფოტო მოგვაწოდა ნინო ურუშაძემ.
რაში შეიძლება დასჭირდეს პოლიტიკურ პარტიას ფინანსების დამალვა? კითხვის საპასუხოდ დოლიძე “კონსერვატიული პარტიის” პოლიტიკურ ორიენტაციაზე მიანიშნებს და დასძენს:
“…შესაძლოა, დამალვის მექანიზმი იმიტომ იყოს, რომ ეს არ იყოს საქართველოდან ჩარიცხული თანხა ან ქართული ფული და რადგანაც ჩვენ გვგონია, რომ ეს ადამიანები ღიად დაკავშირებულნი არიან და პრორუსულ ნარატივებს ავრცელებენ, შესაძლოა, ეს იყოს უცხო ქვეყნიდან”.
დოლიძე ფიქრობს, რომ საკითხით სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს. მისი თქმით, “სამართლიანმა არჩევნებმა” რამდენიმე დღის წინ წერილობით მიმართა უწყებას და ელოდება პასუხს, თუ რა ღონისძიებებია გატარებული “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული ხარჯების გადასამოწმებლად.
“მონიტორინგი უკვე მიმდინარეობს”
ბუნდოვანია, რა რაოდენობის შემოწირულობების შესახებ გაუგზავნა ინფორმაცია “კონსერვატიულმა მოძრაობამ” აუდიტის სამსახურს და შეცვლის თუ არა ეს თანხა სურათს.
კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური პარტია ვალდებულია, შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შესაბამისი თანხის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს. როგორც აუდიტის სამსახურში გვითხრეს, პარტიების მიერ გადაგზავნილ მონაცემს უწყება მიღებისთანავე ტვირთავს პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ბაზაში, რომელიც საჯაროა.
რაც შეეხება “კონსერვატიული მოძრაობის” ფინანსების მონიტორინგს, უწყების მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს:
“…კონსერვატიული მოძრაობის მონიტორინგი უკვე მიმდინარეობს. სამსახურის მანდატიდან გამომდინარე, როგორც სხვა პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში ხდება, ახლაც განხორციელდება შემოსავლებისა და ხარჯების შესწავლა, შესაბამისი მასალები უკვე გამოთხოვილია”.