საზოგადოება

ჯონი დეპმა მოიგო ცილისწამების საქმე ამბერ ჰარდის წინააღმდეგ

1 ივნისი, 2022 • 3086
ჯონი დეპმა მოიგო ცილისწამების საქმე ამბერ ჰარდის წინააღმდეგ

ჯონი დეპმა მოიგო ცილისწამების საქმე ყოფილი ცოლის, ამბერ ჰარდის წინააღმდეგ. ნაფიცმა მსაჯულებმა ასევე დაადგინეს, რომ ჰარდის ანალოგიური ბრალდება დეპის წინააღმდეგ არ იყო ბოლომდე დასაბუთებული, თუმცა სარჩელის ერთ-ერთი პუნქტი დაუკმაყოფილდა.

სასამართლოში ორი სარჩელი განიხილებოდა. პირველი სარჩელი ჯონი დეპის მიერ იყო შეტანილი ამბერ ჰარდის წინააღმდეგ: ის ყოფილ ცოლს ცილისწამებაში ადანაშაულებდა. სასამართლომ დეპის სარჩელის ყველა პუნქტი დააკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილებით, ჯამში, დეპმა $15 მილიონი უნდა მიიღოს.

მეორე სარჩელი ამბერ ჰარდს ეკუთვნოდა. ამ შემთხვევაში, პირიქით, ჰარდი ედავებოდა დეპს ცილისწამებას. სასამართლომ ამბერ ჰარდის სარჩელის პირველი ორი პუნქტი არ დააკმაყოფილა, თუმცა დაადგინა, რომ ჰარდს ცილი დასწამა დეპის ადვოკატმა. ამისთვის ჰარდმა $2 მილიონი უნდა მიიღოს.

ჯონი დეპი ყოფილ ცოლს ცილისწამების ბრალდებით ედავებოდა 2018 წელს Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატიის გამო.

სტატიაში ამბერ ჰარდი ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე საუბრობს და მიუხედავად იმისა, რომ ჯონი დეპის სახელი ტექსტში არსადაა ნახსენები, მონაყოლით ნათლად იკვეთება, რომ ჰარდი გამოცემასთან საუბრობს დეპთან ერთწლიან ქორწინებაზე.

თავად ჯონი დეპი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ცოლისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი თავად იყო.

დეპმა ჰარდს ხსენებული სტატის გამოქვეყნებიდან 3 თვეში უჩივლა და კომპენსაციის სახით 50 მილიონ აშშ დოლარი მოითხოვა. საპასუხოდ, სასამართლოში სარჩელი ამბერ ჰარდმაც შეიტანა. ის 100 მილიონ აშშ დოლარის კომპენსაცისა ითხოვდა.

ვრცლად ამ საქმეზე:

ჯონი დეპმა და ამბერ ჰარდმა ჩვენებები დაასრულეს – რა თქვეს მხარეებმა?

მასალების გადაბეჭდვის წესი