ახალი ამბები

ჯონი დეპმა და ამბერ ჰარდმა ჩვენებები დაასრულეს – რა თქვეს მხარეებმა?

20 მაისი, 2022 •
ჯონი დეპმა და ამბერ ჰარდმა ჩვენებები დაასრულეს – რა თქვეს მხარეებმა?

ვირჯინიის სასამართლოში ჰოლივუდის ვარსკვლავების, ჯონი დეპის და ამბერ ჰარდის ჯვარედინი დაკითხვა დასრულდა. ამ დროისთვის გახმაურებული საქმის მონაწილე ორივე მხარის ჩვენებებს ნაფიცმა მსაჯულებმა უკვე მოუსმინეს.

ჯონი დეპი ყოფილ ცოლს, 2018 წელს Washington Post-ში გამოქვეყნებული სტატიის გამო ცილისწამების ბრალდებით ედავება. ოპ-ედში ამბერ ჰარდი ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე საუბრობს და მიუხედავად იმისა, რომ ჯონი დეპის სახელი ტექსტში არსადაა ნახსენები, მონაყოლით ნათლად იკვეთება, რომ ჰარდი გამოცემასთან დეპთან ერთწლიან ქორწინებაზე საუბრობს. თავად ჯონი დეპი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ცოლისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი თავად იყო.

პრეისტორია და კონტექსტი

წყვილმა ერთმანეთი 2009 წელს გაიცნო, როცა ორივე მათგანი ფილმზე, The Rum Diary მუშაობდა. ამბერ ჰარდის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ურთიერთობა 2012 წელს დაიწყეს. ამავე წელს, დეპმა ვანესა პარადისთან 14-წლიანი ურთიერთობა დაასრულა. 2014 წელს დეპი და ჰარდი დაინიშნნენ, ერთი წლის შემდეგ კი ავსტრალიაში იქორწინეს.

ამბერ ჰარდი და ჯონი დეპი ვენეციის კინოფესტივალზე – 2015 წელი.

2016 წელს ამბერ ჰარდმა განქორწინებაზე განაცხადი შეიტანა და ყოფილი ქმრისთვის დროებითი შემაკავებელი ორდერის გამოწერა მოითხოვა. ქალი აცხადებდა, რომ დეპმა მას მობილური ტელეფონი ესროლა და აღნიშნა, რომ მთელი ურთიერთობის განმავლობაში მსახიობი მას სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ჯონი დეპის მხარე კი აცხადებდა, რომ ჰარდს ფინანსური გამორჩენა ამოძრავებდა და მის მიერ მონათხრობი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

იმავე წლის აგვისტოში, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს. განცხადებაში დეპი და ჰარდი აღნიშნავდნენ, რომ მათ მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ურთიერთობის განმავლობაში „ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ და ემოციურ ზიანს“ (ანუ, დეპის ქმედებები ძალადობრივი არ ყოფილა) და მეორე მხრივ „არცერთ მხარეს გაუჟღერებია ცრუ ბრალდებები ფინანსური გამორჩენის მიზნით“ (ანუ, ჰარდი არ ცრუობდა განქორწინების შემდეგ უკეთესი ფინანსური შეთანხმების მისაღწევად).

როგორც The Vox წერს, გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული განცხადების შემდეგ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ამბერ ჰარდმა დეპისგან 7 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. მალევე ჰარდმა განაცხადა, რომ მთელ თანხას ქველმოქმედებაში დახარჯავდა. ამბერ ჰარდის ეს განცხადება Vox-ის შეფასებით, თითქოს აგზავნიდა სიგნალს, რომ ქალი დეპის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე ვერ მოიტყუებოდა, რადგან განქორწინების შედეგად მიღებულ შემოსავალს თავად არ იღებდა, შესაბამისად ტყუილისთვის რა მოტივაცია უნდა ჰქონოდა? მიუხედავად აღნიშნულისა, ამჟამად სასამართლო დავის ამ ნაწილსაც განიხილავს. დეპის მხარე აცხადებს, რომ ჰარდს თანხა სრულად ქველმოქმედებაში არ დაუხარჯავს, როგორც თავად აცხადებდა.

ამბერ ჰარდი და ჯონი დეპი ვირჯინიის სასამართლოში ფოტო: EPA/2022

2016 წელს ამბერ ჰარდმა განაცხადა, რომ დეპის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების შემდეგ, გადაღებებისა და მოდის სარეკლამო კამპანიებიდან მოხსნეს მაშინ, როცა 2016 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ჯონი დეპს ჰარი პოტერის სპინოფში „ჯადოსნური ცხოველები და სად შეიძლება მათი პოვნა“, ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა შეესრულებინა.

ეს ის პერიოდია, როცა დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას რამდენიმე თვე აშორებს, ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის ოქტომბერში კი ჰარვი ვაინშტაინის საქმემ ახალ შესაძლებლობები შესძინა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას. ამ პერიოდში ამბერ ჰარდი ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციის ACLU-ს ელჩი გახდა, 2018 წლის დეკემბერში კი დაწერა ოპ-ედი, რომელიც სასამართლო დავის საფუძველი გახდა. აღნიშნულის შემდეგ ცნობილმა კინოკომპანიებმა დეპთან თანამშრომლობა შეწყვიტეს.

სტატიის გამოქვეყნებიდან სამ თვეში კი დეპმა ყოფილ ცოლს ცილისწამებისთვის უჩივლა და კომპენსაციის სახით 50 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს. საპასუხოდ, სასამართლოში სარჩელი ამბერ ჰარდმაც შეიტანა და 100 მილიონი აშშ დოლარის კომპენსაცია მოითხოვა. ამჟამად ვირჯინიის სასამართლო ჯონი დეპის სარჩელს განიხილავს.

ორმხრივი ძალადობის საქმე თუ ბრალის გადატანა

სასამართლოზე ჰარდმა ისაუბრა, თუ როგორ შეიცვალა მათი ურთიერთობა დროთა განმავლობაში. ქალი აცხადებს, რომ ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯონი დეპმა ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება განაახლა. მისი თქმით, ზემოქმედების ქვეშ დეპი ეჭვიანი ხდებოდა და მას ღალატში ადანაშაულებდა.

ამბერ ჰარდის განცხადებით, ყოფილ ქმართან პირველი ძალადობრივი ინციდენტი ჯონი დეპის ცნობილ ტატუს „Wino Forever“ გამო მოხდა. როგორც ჯონი დეპი აცხადებს, ტატუ მისი ყოფილი შეყვარებულის, ვაინონა რაიდერის პატივსაცემად გაიკეთა მაშინ, როცა ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ. ჰარდის თქმით, ყოფილ ქმარს ჰკითხა რას ნიშნავდა მის მკლავზე ეს წარწერა, რამაც მისი თქმით, დეპი გააღიზიანა და ქალს სახეში გაულაწუნა. ჰარდი აცხადებს, რომ არ იცოდა ამაზე რა რეაქცია უნდა ჰქონოდა, რამდენადაც ეს მის ცხოვრებაში პირველად მოხდა და გაეცინა. ქალი აცხადებს, რომ იფიქრა დეპიც ხუმრობით უპასუხებდა, თუმცა ქმარმა კიდევ ერთხელ დაარტყა. რაც შეეხება ჯონი დეპის ვერსიას, მისი თქმით, ჰარდი ტატუს გამო ეჭვიანობდა რის გამოც, წარწერა ლაზერით წაიშალა.

სასამართლოზე ჰარდმა წარადგინა ფოტომასალა, რომელიც მისი თქმით, იმ ჩალურჯებებს ასახავს, რომელიც დეპის მხრიდან ცემის შედეგად დარჩა. ჰარდის თქმით, თანაცხოვრების პერიოდში ხშირად უწევდა ჩანთით კორექტორის ტარება ჩალურჯებების დასაფარად.

კიდევ ერთი ეპიზოდი, რომლითაც ჰარდი ყოფილ ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს, ავსტრალიაში 2015 წლის მარტში მოხდა. წყვილი ავსტრალიაში თაფლობის თვის გასატარებლად წავიდა და მცირე სკანდალშიც გაეხვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამბერ ჰარდი არ დაემორჩილა ავსტრალიის რეგულაციებს და წესების დაცვის გარეშე, ქვეყანაში საკუთარი ორი ძაღლი დეკლარირების გარეშე შეიყვანა. მას შემდეგ კი რაც აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა, წყვილს ბოდიშის მოხდა და ვიდეო განცხადების გავრცელებაც მოუხდა.

ამბერ ჰარდის მიერ სასამართლოზე წარდგენილი ფოტოები, სადაც მისი თქმით, ჯონი დეპის მხრიდან მასზე ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებებია ასახული.

სამდღიან მოგზაურობას ორივე მხარე განსხვავებულად იხსენებს. სწორედ ამ მოგზაურობისას დაიზიანა დეპმა თითი. მისი თქმით, ცოლმა არყის ბოთლი ესროლა და დაზიანება ასე მიიღო, ამბერ ჰარდი კი აცხადებს, რომ კაცმა ხელი თავად დაიზიანა, როდესაც კედელზე დამაგრებულ პლასტმასის ტელეფონს მუშტი დაარტყა. სასამართლოზე დეპმა მისი და ამბერ ჰარდის საუბრის რამდენიმე ჩანაწერი წარადგინა. ერთ-ერთი ავსტრალიაში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. ჩანაწერში დეპი ჰარდს ეუბნება, რომ თითი დაკარგა, რომ მას სახეში გაზიანი სასმლის ქილებს ესროდნენ, რაზეც ჰარდი პასუხობს:

„უთხარი ხალხს, რომ თანასწორი ბრძოლა იყო და ნახე რას იფიქრებენ ნაფიცი მსაჯულები და მოსამართლე. უთხარი მათ ჯონი, რომ მე, ჯონი დეპი, კაცი, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ვარ და ვნახოთ რამდენი ადამიანი დაგიჯერებს ან დაიჭერს შენს მხარეს“ – ამბობს ამბერ ჰარდი ჩანაწერში. სასამართლო განხილვისას ჩანაწერის დასრულების შემდეგ ჯონი დეპს საკუთარმა ადვოკატმა ჰკითხა რა უპასუხა ამაზე ყოფილ ცოლს, რაზეც ჯონი დეპმა განაცხადა – „ვუპასუხე, რომ ასეც მოვიქცეოდი“.

თავად ამბერ ჰარდი ქმრისთვის ბოთლის სროლას უარყოფს და აცხადებს, რომ სამდღიანი მოგზაურობის განმავლობაში თავად იყო ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ყოფილი ქმრის მხრიდან. ამბერ ჰარდი აცხადებს, ავსტრალიაში ნაქირავებ ბინაში ჯონი დეპმა ის ბოთლის გამოყენებით გააუპატიურა. სხვა ბრალდებების მსგავსად ჯონი დეპი აღნიშნულსაც უარყოფს. როდესაც ჯვარედინ დაკითხვაზე დეპის ადვოკატმა ჰარდს ჰკითხა რატომ არ არსებობდა სამედიცინო ჩანაწერები ან რაიმე დოკუმენტაცია, რომელიც გაუპატიურების ფაქტს დაადასტურებდა, ჰარდმა განაცხადა, რომ დახმარებისთვის არ მიუმართავს.

ჯონი დეპი და ამბერ ჰარდი სასამართლოში.

ერთადერთი შემთხვევა, როცა ამბერ ჰარდი ჯონი დეპისთვის დარტყმას ადასტურებს, მისი დის თანდასწრებით მოხდა. ქალი ამბობს, რომ კონფლიქტი მასა და დეპს შორის დაიწყო, როცა ქმარი ღალატში დაადანაშაულა. ჩხუბის შემდეგ ჰარდი აცხადებს რომ მეზობელ პენტჰაუსში გავიდა, სადაც მისი და უიტნი იმყოფებოდა, სადაც ჯონი დეპმა მის დას დაარტყა. ჰარდის თქმით, რომელიც აცხადებს რომ დასთან ერთად ბავშვობაში მამისგან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ხშირად გამხდარა, ჯონი დეპს დის დასაცავად დაარტყა და აგრესია საკუთარ თავზე გადმოიტანა. ჰარდის მონაყოლს სასამართლოში მისი დაც ადასტურებს:

კიბის დასაწყისში ვიდექი, როდესაც ჯონიმ ამოირბინა და ზურგში ჩამარტყა. გავიგონე ამბერმა დაუყვირა, ჩემს დას ნუ ურტყამო. ამბერმა ჯონის დაარტყა. სწორედ ამ დროს ჯონის დაცვის წევრმა, ტრევის მაკგივერნმა კიბეზე ამოირბინა და ისინი გააშველა. მაგრამ სანამ ამას გააკეთებდა, ჯონიმ მოასწრო და ამბერს ერთი ხელით თმაში სწვდა, მეორით კი სახეში ურტყამდა“ – განაცხადა ამბერ ჰარდის დამ.

ამ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენება მაკგივერნმაც მისცა. დაცვის თანამშრომელი, რომელიც ამ დრომდე დეპთან მუშაობს, აცხადებს, რომ თავდაპირველად საუბარი მშვიდი იყო, თუმცა ხამაღალ კონფლიქტში გადაიზარდა. მისი თქმით, ინციდენტის დროს ამბერ ჰარდმა დეპს ენერგეტიკული სასმელი „რედ ბულის“ ქილა ესროლა, რის შემდეგაც დაპირისპირება სიტყვიერად გრძელდებოდა:

„თვალი მოვკარი ამბერის მუშტს, რომელიც მისტერ დეპს მოხვდა. ჯონი დეპს სახეზე ისეთივე გამომეტყველება ჰქონდა, როგორიც მე – შოკის. არ დავუშვებდი, რომ ბატონი დეპისთვის კიდევ დაერტყათ ამიტომ ქვევით ჩამოვიყვანე და ვუთხარი, რომ მივდიოდით. ასე მისი უსაფრთხოებისთვის მოვიქეცი“ – აცხადებს ჯონი დეპის დაცვის წევრი.

ვირჯინიის სასამართლოში ამბერ ჰარდმა ძალადობის კიდევ რამდენიმე შემთხვევაზე ისაუბრა. ქალის თქმით, ერთ-ერთი თვითმფრინავში მოხდა, როცა ქმარმა იმის გამო, რომ მის საუბარს არ უსმენდა, ჯერ თავი ილუმინატორზე იძულებით მიადებინა, შემდეგ კი ზურგში წიხლი ჩაარტყა და იატაკზე დააგდო. ჰარდი აცხადებს, რომ ინციდენტს ჯონი დეპის მეგობარიც შეესწრო, რომელიც მათ სიახლოვეს იჯდა, თუმცა მომხდარზე თვითმფრინავში ხმა არავის ამოუღია. გარდა ამისა, ჰარდი ყოფილ ქმარს მის 30-ე დაბადებისდღეზე ძალადობაშიც ადანაშაულებს. მისი თქმით, დეპმა მას სასმლის ბოთლი ესროლა, რომელიც ქალს ასცდა, შემდეგ კი მუშტებით სცემა. ჯონი დეპი ორივე ინციდენტს უარყოფს.

ამბერ ჰარდი სასამართლოში.

ჰარდის მსგავსად, ძალადობის არაერთ ინციდენტზე ყვება ჯონი დეპიც, რომელიც ცოლს მასზე ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ერთ-ერთი ეპიზოდი მისი პენტჰაუსის სააბაზანოში მოხდა. ჯონი დეპის თქმით, შხაპს იღებდა როცა ჰარდმა კარზე აგრესიულად კაკუნი დაიწყო. მისი თქმით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოფილი ცოლის მოთხოვნაზე კარი გაეღო, არ რეაგირებდა, რადგან კონფრონტაციაში შესვლა არ სურდა, თუმცა კაკუნი რომ არ შეწყდა კარი შეაღო. ჯონი დეპის თქმით, კარი პატარაზე გააღო, რათა იმ შემთხვევაში თუ ჰარდი ოთახში შეჭრას შეეცდებოდა, კარი დაეკავებინა:

„ასეც მოხდა. ის კარს აწვებოდა, მე კი მეორე მხრიდან ვაწვებოდი. რაღაც მომენტში გავიგონე ამბერმა დაიყვირა, რომ ფეხი იტკინა. ვიფიქრე კარში მოჰყვა და დაზიანება მიიღო. კარს ხელი გავუშვი და მის მუხლებთან დავიჩოქე, რომ მენახა რა დაიზიანა, რა დროსაც მან კარი თავში მომარტყა. ავდექი და ვთქვი – ეს რა ჯანდაბა იყო. შემდეგ კი ყბაში დამარტყა, შოკში ვიყავი“ – აცხადებს ჯონი დეპი.

ჯონი დეპი აცხადებს, რომ ცოლთან კონფლიქტისას მისი სტრატეგია როგორც წესი, განრიდება იყო. მსახიობი ამბობს, რომ ხშირად სააბაზანოში იკეტებოდა, როგორც ბავშვობაში, დედის მხრიდან ძალადობის თავიდან ასარიდებლად იქცეოდა.

დეპის მხარემ სასამართლოს ასევე წარუდგინა აუდიოჩანაწერი, რომელიც წყვილს შორის კიდევ ერთი დაპირისპირების განხილვას ასახავს. ჩანაწერში ამბერ ჰარდი დეპს მიმართავს და ეუბნება, რომ მისთვის მუშტი არ დაურტყამს, ბავშვივით იქცეოდა და ყოფილ ქმარს მხოლოდ გაულაწუნა. ჩანაწერში დეპი ამბობს „ვერ შევეგუები, რომ ჩვენს შორის კიდევ ჰქონდეს ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებას“, რაზეც ჰარდი პასუხობს – „ვერ დაგპირდები, რომ ამას აღარ გავაკეთებ, ზოგჯერ ისე ვბრაზდები, კონტროლს ვკარგავ“.

ფოტოები, რომელიც ჯონი დეპის თქმით, ჰარდისგან ძალადობის შედეგად მიღებულ დაზიანებებს ასახავს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ამბერ ჰარდი ქმარზე ყველა სახის ძალადობას უარყოფს და მხოლოდ ერთ შემთხვევაზე, მისი დის თანდასწრებით მომხდარ ინციდენტზე ადასტურებს, რომ დეპს დაარტყა. თუმცა, ყველაზე გახმაურებული ეპიზოდი იმ დროს მოხდა, როცა ამბერ ჰარდი „კოაჩელას“ ფესტივალზე გაემგზავრა, დეპმა კი რამდენიმე დღის საკუთარ პენტჰაუსში გატარება გადაწყვიტა. ჯონი დეპი სასამართლოში ყვება, რომ დილას, დაცვის თანამშრომელმა დაურეკა და უთხრა, რომ პენტჰაუსში მისი და ჰარდის საძინებელში საწოლში ჯონი დეპის მხარეს ფეკალიები იპოვეს. დეპი დარწმუნებულია, რომ რომ ეს მისი ყოფილი ცოლის ნახელავი იყო, ჰარდი კი აცხადებს, რომ საწოლში, სავარაუდოდ მათი ძაღლების განავალი იყო. თავის მხრივ, დეპი აცხადებს, რომ ფეკალიები ადამიანის იყო.

როგორც The Vox წერს, პროცესზე დეპის მხარე წყვილის წარსულზე ამახვილებს ყურადღებას. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დეპის დაცვის მხარე აპელირებს, რომ ამბერ ჰარდს წარსულშიც ჰქონდა ძალადობის გამოცდილება, როცა დეპის მიმართ ბრალდებები მხოლოდ ქონების დაზიანებაზე ფიქსირდება. დეპის ადვოკატები აცხადებენ, რომ 2009 წელს აეროპორტში ყოფნისას ჰარდმა მის იმდროინდელ შეყვარებულზე ტასია ვან რიზე იძალადა, რის გამოც ქალი პოლიციამ დააპატიმრა, თუმცა მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ჰარდს ძალადობაში ასევე ადანაშაულებს მისი ყოფილი ასისტენტი, რომელიც აცხადებს, რომ ქალმა სახეში გაულაწუნა, როცა მასთან ხელფასის მომატების თხოვნით მივიდა.

ჯონი დეპის მხარე სასამართლოში ასევე აცხადებს, რომ ამბერს განქორწინებისგან მიღებული შემოსავალი ქველმოქმედებაში არ დაუხარჯავს. მათი თქმით, რაც მოგვიანებით ჯვარედინი დაკითხვისას ჰარდმაც დაადასტურა, ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციას 7 მილიონი აშშ დოლარიდან მხოლოდ 1.3 მილიონი ჩაურიცხა, კიდევ ერთი შემოწირულობა კი რომელიც 500 000 აშშ დოლარს შეადგენდა, ჰარდის თხოვნით მისმა იმჟამინდელმა პარტნიორმა, ილონ მასკმა განახორციელა. საპასუხოდ ამბერ ჰარდი ამბობს, რომ სურდა მთელი თანხის ქველმოქმედებაში დახარჯვა, თუმცა ჯონი დეპის სარჩელმა ამაში ხელი შეუშალა.

გარდა ამისა, როგორც The Bloomberg წერს, სარჩელის ვირჯინიის სასამართლოში შეტანა ჯონი დეპის ადვოკატების მხრიდან სტრატეგიული ნაბიჯი იყო. აღნიშნული გადაწყვეტილება ერთი შეხედვით უცნაურია, რამდენადაც დავის მონაწილე მხარეები კალიფორნიის შტატში ცხოვრობენ. დეპი აცხადებს, რომ ვირჯინიაში იმის გამო იჩივლა, რომ Washington Post, სადაც სადაო ოპ-ედი გამოქვეყნდა, სწორედ ვირჯინიის შტატში იბეჭდება, თუმცა საქმეს ამ შტატში წარმოებაში მიღების უფრო მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე კალიფორნიაში.

იურისტები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტებით ხასიათდება, ცილისწამების საქმის მოგება უკიდურესად რთულია. თუმცა, იურისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ჯონი დეპის მიზანი არც იყოს საქმის ცალსახად მოგება და ის და მისი გუნდი სასამართლო პროცესებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა, პიარკამპანიისთვის იყენებდეს საზოგადოებაში დეპის რეპუტაციის აღდგენის და ჰარდის დისკრედიტირების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი