საზოგადოება

აშშ უკრაინას 80 კილომეტრზე მოქმედ საარტილერიო სისტემას მიაწვდის – CNN

1 ივნისი, 2022 • 1021
აშშ უკრაინას 80 კილომეტრზე მოქმედ საარტილერიო სისტემას მიაწვდის – CNN

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა New York Times-ში გამოქვეყნებულ ოპედში განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკრაინას მიაწვდის „უფრო მოწინავე სარაკეტო სისტემებსა და ამუნიციას“.

მისივე განცხადებით, ამერიკის მიზანია იხილოს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული და აყვავებული უკრაინა, რომელსაც შეეძლება დაიცვას საკუთარი თავი მომავალი აგრესიებისგან.

ბაიდენის თანახმად, იარაღი, რომელსაც უკრაინა მიიღებს, მისცემს მას შესაძლებლობას, რომ განახორციელოს უფრო ზუსტი დარტყმები მოწინააღმდეგეზე.

CNN-ის მიხედვით, მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების მე-11 პაკეტის ფარგლებში საარტილერიო სისტემა HIMARS-ს გაუგზავნის.

HIMARS-ის მოქმედების რადიუსი 49 მილი ანუ 80 კილომეტრია.

ამჟამად HIMARS-ის საარტილერიო სისტემას მსოფლიოს 4 ქვეყანა იყენებს, მათ შორის აშშ, რუმინეთი, იორდანია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

80-კილომეტრიანი მოქმედების საარტილერიო სისტემა არის ყველაზე შორს მოქმედი იარაღი, რაც აქამდე უკრაინისთვის გადაუციათ.

უკრაინული მხარის განცხადებით, მათ სჭირდებათ, მათ შორის, შორს მოქმედი საარტილერიო სისტემები, რათა შედარებით დაცული ტერიტორიიდან მიიტანონ შეტევა მოწინააღმდეგის პოზიციებზე.

ამჟამად, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებისას, რუსეთის არმიის სტრატეგია გულისხმობს ტერიტორიის წინასწარ საჰაერო და საარტილერიო უწყვეტ დაბომბვებს, მოგვიანებით კი ამ ტერიტორიაზე ცოცხალი ძალითა და ტექნიკით შესვლას. ამ სტრატეგიის დროს, როგორც წესი, დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი