საზოგადოება

სწორად მიგაჩნიათ ორჯონიკიძის იარლიყის მიკერება? — ჩხიკვაძე ბოჭორიშვილს

30 მაისი, 2022 • 2285
სწორად მიგაჩნიათ ორჯონიკიძის იარლიყის მიკერება? — ჩხიკვაძე ბოჭორიშვილს

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე კიდევ ერთხელ განმარტავს მის მოსაზრებას საქართველოსთვის ევროკავშირის პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ჩხიკვაძის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება არის პროგრამა მაქსიმუმი, რომელსაც ყველა, მისი ჩათვლით, მხარს უჭერს, თუმცა არსებობს უფრო რეალისტური სცენარი, რომელზე საუბარი საჭიროა, მათ შორის, მოლოდინების სამართავადაც.

„ამ წუთას ევროკავშირის შიგნით არ არის კონსენსუსი არათუ საქართველოს, არამედ უკრაინის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეც კი. აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ კიდევ არის გაცილებით ცუდი სცენარები — მაგალითად, ევროპული პერსპექტივა — საჭიროა, განვიხილოთ პოტენციურ კანდიდატობასთან დაკავშირებული შედარებით რეალისტური სცენარი. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე მხარს არ ვუჭერთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ეს ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი არსებობს, არის და მისი აქტივიზაცია მოხდება იმ წუთასვე, როგორც კი საქართველო მოახდენს იმ პირობების და კრიტერიუმების შესრულებას, რა პირობებიც იქნება ჩადებული მასში“, — განაცხადა ჩხიკვაძემ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის („სამოქალაქო იდეა“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ და „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“) ორგანიზებულ კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“.

კონფერენციაში მონაწილეობდა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილიც, რომელსაც ჩხიკვაძემ მიმართა კითხვით, იზიარებს თუ არა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ბრალდებებს ღია საზოგადოების ფონდის მიმართ.

„თავდასხმები ეხებოდა ღია საზოგადოების ფონდსაც, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული ევროინტეგრაციის საკითხებში. ბოლო 3-4 წლის მანძილზე ჩვენი თაოსნობით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, შეფასდა შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების ნაწილი; ჩვენი ფონდი იყო ერთ-ერთი აქტიური, როდესაც ხელისუფლება ორჭოფობდა, გაეკეთებინა თუ არა განაცხადი; პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვიყავით, ვინც პეტიცია მოამზადა. განაცხადის გაკეთების შემდეგ ჩვენმა ორგანიზაციამ ხელისუფლებას ევროინტეგრაციის ათი ნაბიჯი შესთავაზა; მზად ვიყავით, კითხვარის შევსების პროცესში დავხმარებოდით. ამ ყველაფრის ფონზე, სამწუხაროდ, მოხდა ის, რომ სამი დღის წინ ბატონმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა ასეთი განცხადება:

„სოროსის ფონდის თბილისის ოფისი არსებული ხელმძღვანელობის პირობებში პირდაპირ გადაქცეულია ომის პარტიის დანამატად. ამის მორიგი დადასტურება იყო ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა მისი ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან. ეს არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ქმედება”.

სერგო ორჯონიკიძე არის პიროვნება, ვინც რუსეთის არმიას შემოუძღვა საქართველოში და ასე ვარ მე დადანაშაულებული ბატონი ირაკლი მხრიდან. ქალბატონო მაკა, მინდა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა, — ჩვენი ურთიერთობა გუშინ და გუშინწინ არ არ დაწყებულა, — თქვენ პოლიტსაბჭოს წევრი ხართ და მე მაინტერესებს, ეს არის „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ჩემი და ჩემი ორგანიზაციის მიმართ თუ ეს არის ინდივიდ ირაკლი კობახიძის დამოკიდებულება. თქვენ, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ასეთი იარლიყების მიკერება“, — მიმართა ვანო ჩხიკვაძემ ბოჭორიშვილს.

დეპუტატმა ვანო ჩხიკვაძის შეკითხვას არ უპასუხა და ზოგადად ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ერთიანობის მნიშვნელობაზე.

„ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ერთიანები ვიყოთ პოზიციაში, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატობას.. მე ვფიქრობ, იმსახურებს და ჩემი ყველა გზავნილი, მოქმედება არის ამისკენ მიმართული. ეს არის გზავნილი, რომელიც საქართველოდან უნდა მიდიოდეს და ამაში სამოქალაქო საზოგადოებასაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება წინაპირობებს, დამერწმუნეთ, ევროკავშირს არ გაუჭირდება წინაპირობების წამოყენება, როცა დასჭირდება. არავის აქვს ილუზია, რომ ერთ და ორ წელიწადში გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი. ჩვენ რას ვითხოვთ? ევროკავშირში გაწევრიანების გეგმას თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რაღაც გეგმას? მე მინდა, რომ ჩვენ მივიღოთ ევროკავშირში გაწევრიანების გეგმა, რომელიც მოჰყვება კანდიდატის სტატუსს და არა — ჩამონათვალი, რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ კანდიდატი ქვეყანა გავხდეთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ყველაფერი აქვთ გაკეთებული, რომ ისინი გახდნენ კანდიდატები“, — აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უახლოეს პერიოდში ელიან ევროკომისიის შეფასებას ამ ქვეყნების გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით. ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას საბჭო იღებს და ადგენს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების თარიღს.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა ვანო ჩხიკვაძემ, ბიოლის ფონდის რეგიონულ დირექტორ სონია შიფერსთან ერთად, გამოაქვეყნა სტატია, სადაც ოპტიმალურ ვარიანტად არის წარმოდგენილი, საქართველოს პოტენციური კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სოროსის ფონდის თბილისის ოფისი „ომის პარტიის“ ერთ-ერთ დანამატადაა გადაქცეული და ჩხიკვაძის მოსაზრება ამის დადასტურებაა.

„ეს არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ქმედება. როდესაც ასეთ რამეს აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთ კრიტიკულ დროს, ეს არის ზუსტად იმის გაგრძელება, რაზეც ვსაუბრობთ — ისინი აწარმოებენ აგიტაციას იმის წინააღმდეგ, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. არ ვიცი, ვანო ჩხიკვაძე თუ ვინც არის, მისი ქმედებაც არის ამ ომის პარტიის და რადიკალური ოპოზიციის გაგრძელება. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება პროპაგანდისტულია და მისი მიზანია, ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის გზაზე დაშვებული შეცდომები ღია საზოგადოების ფონდს გადააბრალოს.

 

სოროსის ფონდის თბილისის ოფისი “ომის პარტიის” დანამატადაა გადაქცეული – კობახიძე

კობახიძის მიზანია, ევროინტეგრაციის გზაზე დაშვებული შეცდომები, ფონდს გადააბრალოს — ხუციშვილი

5 პასუხი, რომელიც ბრიუსელიდან შეიძლება მივიღოთ კანდიდატის სტატუსზე

მასალების გადაბეჭდვის წესი