კომენტარი

კობახიძის მიზანია, ევროინტეგრაციის გზაზე დაშვებული შეცდომები, ფონდს გადააბრალოს — ხუციშვილი

27 მაისი, 2022 • 2144
კობახიძის მიზანია, ევროინტეგრაციის გზაზე დაშვებული შეცდომები, ფონდს გადააბრალოს — ხუციშვილი

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრალდებებს პასუხობს.

„ირაკლი კობახიძის განცხადება პროპაგანდისტულია და ვფიქრობ პოლიტიკური მიზანი აქვს, რომ ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის გზაზე დაშვებული შეცდომები ღია საზოგადოების ფონდს გადააბრალოს. დაინტერესებული საზოგადოებისთვის, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის ცნობილია, რომ ღია საზოგადოების ფონდისთვის საქართველოს ევროინტეგრაცია ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“, — აცხადებს ხუციშვილი.

მისი თქმით, უკვე ათწლეულებია ფონდი აქტიურად არის ჩართული ასოცირების ხელშეკრულების, ვიზალიბერალიზაციის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ადვოკატირებაში.

„სწორედ ფონდი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ახლავე და არა 2024 წელს გაეკეთებინა. მოგვიანებით, დახმარებაც კი შესთავაზა კითხვარის შევსებაში, რომ არ შეფერხებულიყო ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე“, — ამბობს ღია საზოგადოების ფონდის გენერალური დირექტორი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სოროსის ფონდის თბილისის ოფისი „ომის პარტიის“ ერთ-ერთ დანამატადაა გადაქცეული და ამის ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელის ვანო ჩხიკვაძის მოსაზრება, რომ საქართველოს ევროკავშირის პოტენციური კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

„ეს არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ქმედება. როდესაც ასეთ რამეს აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ ასეთ კრიტიკულ დროს, ეს არის ზუსტად იმის გაგრძელება, რაზეც ვსაუბროთ — ისინი აწარმოებენ აგიტაციას იმის წინააღმდეგ, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. არ ვიცი, ვანო ჩხიკვაძე თუ ვინც არის, მისი ქმედებაც არის ამ ომის პარტიის და რადიკალური ოპოზიციის გაგრძელება. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვანო ჩხიკვაძე მისი და ბიოლის ფონდის რეგიონული დირექტორის სონია შიფერსის სტატიის ირგვლივ შექმნილ მითქმა-მოთქმას Facebook-ზე გამოეხმაურა.

„ეს არის ე.წ. „ალბანეთის მოდელი“, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს პოტენციუდად ეძლევა კანდიდატის სტატუსი მაგრამ მას თან ახლავს პირობები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ის ხდება კანდიდატი. ამ წუთას ევროკავშირის ქვეყნებში არ არის კონსენსუსი პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე (სხვათა შორის, არც უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში) და ეს გახლავთ მეტ-ნაკლებად რეალისტური სცენარი, რაზეც შეიძლება შედგეს კონსენსუსი. ამაზე უარესი გახლავთ ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაც სამწუხაროდ არ აქვს საქართველოს. სხვა დანარჩენს რაც შეეხება. ვუჭერ თუ არა საქართველოს ევროკავშირში წევრობას მხარს და ა.შ. ნამდვილად არ ვაპირებ კომენტარების გაკეთებას“, — აცხადებს ჩხიკვაძე.

საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყევტილება ივნისის სამიტზე გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი