საზოგადოება

დაბომბეს ოდესის აეროპორტი — უახლესი ცნობები უკრაინიდან

1 მაისი, 2022 • 1568
დაბომბეს ოდესის აეროპორტი — უახლესი ცნობები უკრაინიდან

გასული ღამის განმავლობაში რუსულმა არმიამ ოდესის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი დაბომბა. როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, აღნიშნული ბილიკის შემდგომი გამოყენება შეუძლებელი იქნება შეკეთების გარეშე. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

საომარი მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში, ამ დრომდე კვლავ ალყაშია მარიუპოლში მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორია, სადაც თავს, სავარაუდოდ, ათასზე მეტი ადამიანი აფარებს.

უკრაინული მხარის ცნობით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დროებით გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებისთანავე ტერიტორიიდან 20-მდე ადამიანი გაიყვანეს, ძირითადად, ქალები და ბავშვები. ალყაში ამ დრომდე რჩება ასობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები.

ოკუპაციის გამო, უკრაინის ხელისუფლებამ შეაჩერა ხერსონის, სკადოვსკის, მარიუპოლისა და ბერდიანსკის პორტების მუშაობა. აღნიშნულ პორტებში მუშაობა ოკუპაციის დასრულებისთანავე განახლდება.

დღეს კიევში ჩავიდა აშშ-ის კონგრესის დელეგაცია, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ხელმძღვანელობს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 200-ზე მეტი ბავშვი. 10 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი დაეტოვებინა, მათგან 5.5. მილიონმა ქვეყანა დატოვა, ძირითადად, ევროპის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი