საზოგადოება

სანდუმ მოლდოვის რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებაზე ისაუბრა

28 აპრილი, 2022 • 3158
სანდუმ მოლდოვის რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებაზე ისაუბრა

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ქვეყნის მეზობელ რუმინეთთან გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ხალხი მოისურვებს.

„ეს შესაძლოა მოხდეს მხოლოდ ხალხის მხარდაჭერით. როცა ხალხი განაცხადებს, რომ მათ ეს სურს, ეს მოხდება“, – განაცხადა მაია სანდუმ მოლდოვურ ტელევიზია Journal TV-ს ეთერში.

მანამდე მოლდოველმა ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღება ვერ პასუხობს ამჟამინდელ გამოწვევებს და საჭირო იყო შეიარაღების გაუმჯობესება.

რამდენიმე დღის წინ მოლდოვაში, დნესტრისპირეთის სახელით ცნობილ რეგიონში, სამი აფეთქება მოხდა.

მოლდოვამ მომხდარი დაგმო და ვითარების ხელოვნურად გამწვავების მცდელობად შეაფასა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოლდოვაში, ისევე როგორც სხვა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში, ეთნიკური კონფლიქტები დაიწყო.

მოლდოვაში, ძირითადად ეთნიკურად რუსი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონში, რომელიც მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

ქვეყანაში დაპირისპირება საბოლოოდ შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, რომელიც სამმხრივი შეთანხმებით დასრულდა, რის შემდეგაც რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალები განთავსდნენ, რომლებიც დოკუმენტის თანახმად, არ წარმოადგენენ კონფლიქტის მხარეს.

რეგიონის მკვლევართა, პოლიტიკოსთა და დიპლომატთა ნაწილის შეფასებით, დნესტრისპირეთში კონფლიქტის გაღრმავება რუსეთის მიერ იყო მხარდაჭერილი, რათა, როგორც სხვა რესპუბლიკებში, მოლდოვაშიც მოეპოვებინა ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლის ბერკეტი.

რუმინეთი და მოლდოვა რუმინულ ენაზე მოსაუბრე ხალხითაა დასახლებული. მათ საერთო რელიგია, კულტურა, ისტორია და ადათ-წესები აქვთ.

თანამედროვე მოლდოვა საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკაა. ამ სახელწოდების ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკა თავდაპირველად უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შეიქმნა და აერთიანებდა თანამედროვე უკრაინისა და დე ფაქტო დნესტრისპირეთის ტერიტორიებს. 1940 წელს, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა რუმინეთის სამეფოსგან მიიღო ბესარაბიისა და ბუკოვინას რეგიონების ნაწილი, მოლდოვის ავტონომიური რესპუბლიკისა და რუმინეთის მიერ წარსულში კონტროლირებადი ტერიტორიების ადგილზე ახალი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა – მოლდოვა შეიქმნა.

ბესარაბიაზე საბჭოთა ხელისუფლების გავრცელება სსრკ-სა და ნაცისტურ გერმანიას შორის დადებული მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ნაწილიც იყო, რომლითაც ორმა სახელმწიფომ ევროპაში გავლენისა და კონტროლის სფეროები გადაინაწილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი