ახალი ამბები

ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩო-პროექტები მოამზადა

12 მარტი, 2024 • 1813
ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩო-პროექტები მოამზადა

ევროკომისიამ (EC) უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო-პროექტები მოამზადა.

მოლაპარაკებების ჩარჩოები ადგენს თითოეულ კანდიდატ ქვეყანასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების სახელმძღვანელო პრინციპებს. ევროკომისიის მიერ მომზადებული ჩარჩოს პროექტი დაყოფილია სამ ნაწილად:

  • გაწევრიანების მოლაპარაკებების მარეგულირებელი პრინციპები
  • მოლაპარაკებების შინაარსი
  • მოლაპარაკების პროცედურა

ევროკომისიის ცნობით, მოლაპარაკებების ჩარჩოს პროექტი ეფუძნება გასული გაფართოების გამოცდილებას და მიმდინარე გაწევრიანების პროცესს, ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობას და გაფართოების განახლებულ მეთოდოლოგიას.

ახლა საბჭომ უნდა დაიწყოს ევროკომისიის მიერ შეთავაზებული ტექსტების შიდა განხილვები და დამტკიცოს მოლაპარაკებების ჩარჩოები. ამის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს როტაციული თავმჯდომარე ქვეყანა წარადგენს შეთანხმებულ საერთო პოზიციას პირველ მთავრობათაშორის კონფერენციაზე თითოეულ ქვეყანასთან, რითაც გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყება. მოლაპარაკებების ჩარჩოები სწორედ ამ ეტაპზე გასაჯაროვდება.

უკრაინისა და მოლდოვის შესახებ რეკომენდაციების შესრულებაზე ევროკომისია ზეპირ შუალედურ მოხსენებას წარუდგენს საბჭოს.

ევროკავშირის ლიდერების სამიტი 21-22 მარტს გაიმართება. კიევი იმედოვნებს, რომ ამ სამიტზე მოხდება მოლაპარაკების ჩარჩოს დამტკიცება, თუმცა, მედიის ცნობით, პროცესი შესაძლოა, რამდენიმე თვით გაჭიანურდეს და შეთანხმება  შედგეს ევროპარლამენტის ივნისში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ.

ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას 2023 წლის დეკემბრის სამიტზე დაუჭირა მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი