საზოგადოება

“პოლიტიკური მოსაზრებების გამო ჩამანაცვლეს” – ერასმუს პლუსის ყოფილი ხელმძღვანელი

26 აპრილი, 2022 • 5928
“პოლიტიკური მოსაზრებების გამო ჩამანაცვლეს” – ერასმუს პლუსის ყოფილი ხელმძღვანელი

“ერასმუს+”-ის საქართველოს ეროვნული ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლიკა ღლონტი აცხადებს, რომ  თანამდებობაზე მისი ჩანაცვლება უკავშირდება პოლიტიკურ შეხედულებებს და სოციალურ ქსელებში მის აქტიურობას.

ლიკა ღლონტის თქმით, განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა გასული წლის შემოდგომაზე პირდაპირ უთხრა, რომ მისი ფეისბუკ სტატუსები “შეუმჩნეველი არ დარჩა მინისტრს”, რადგან კრიტიკულად არის განწყობილი მთავრობის მიმართ.

რა არის ერასმუს+

ერასმუს+ ევროკავშირის საგრანტო პროგრამაა, რომლის პირველადი ამოცანა უმაღლესი განათლების სფეროში საქართველოს და ევროპის სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

“ერასმუს+”-ის ეროვნული ოფისები ევროკავშირის გარეთ, პარტნიორ ქვეყნებში ფუნქციონირებს. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოშია.

ამ ოფისების პასუხისმგებლობაში შედის:

  • ინფორმაციის მიწოდება უშუალოდ პროგრამისა და იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება;
  • პოტენციური აპლიკანტებისთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება;
  • Erasmus+ პროექტების მონიტორინგი;
  • დიალოგების, სწავლისა და ღონისძიებების მხარდაჭერის პოლიტიკა;
  • კონტაქტების შენარჩუნება ექსპერტებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან;
  • პროგრამის პოლიტიკის განვითარების მონიტორინგი.

ლიკა ღლონტის განმარტებით, ადგილობრივი ოფისის ამოცანა უნივერსიტეტებისთვის არსებული პროგრამების ახსნა და კონსულტირება იყო. მათ შორის, საპროექტო განცხადებების მომზადებაში მხარდაჭერა, ევროპისა და სხვა ქვეყნებიდან პარტნიორების მოძიება.

როგორ იცვლება პროექტის ხელმძღვანელი

ლიკა ღლონტი ერასმუს+-ის საქართველოს ეროვნულ ოფისს ხელმძღვანელობდა 13 წლის განმავლობაში, 2009-2021 წლებში.

მისი განმარტებით, პროგრამის ფარგლებში არსებობს ფორმალური პროცედურა, როდესაც ერასმუსის სათავო ოფისი საქართველოს განათლების სამინისტროს უკავშირდება და უწყებისგან ითხოვს დადასტურებას, რომ მოქმედი ხელმძღვანელი მათთვის მისაღებია. ეს პროცესი ყოველ 3 წელიწადში ერთხელ ხდება.

იმ შემთხვევაში, თუ განათლების სამინისტრო მოქმედი ხელმძღვანელის შეცვლას მოითხოვს, იწყება კონკურსი ახალი ხელმძღვანელის შესარჩევად.

პროგრამის ხელმძღვანელს არჩევს განათლების სამინისტროს, ევროკავშირის და ერასმუსის სათავო ოფისის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია.

ღლონტის თქმით, სამინისტრომ ერასმუს+-ის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელობის არსებული შემადგენლობით გაგრძელებაზე უარი გასულ წელს განაცხადა. დეკემბერში კი გამოცხადდა ახალი კონკურსი.

განათლების სამინისტროს საიტზე 7 დეკემბერს განთავსებული ვაკანსიის ძირითად მოთხოვნებს შორის იყო: “პროექტების მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საერთაშორისო პროექტების ფარგლებში”, და “ადგილობრივი გარემოს კარგი ცოდნა მინიმუმ ერთ-ერთ შემდეგ სფეროში: უმაღლესი განათლება, პროფესიული განათლება და მომზადება, სპორტის და ახალგაზრდობის სექტორები”.

რა პრობლემას ხედავს პროექტის ყოფილი ხელმძღვანელი

25-26 იანვარს ჩატარებული გასაუბრებისა და წერითი გამოცდის გავლის შემდეგ, 7 აპრილს ლიკა ღლონტმა “ერასმუს+”-ის წარმომადგენლობისგან მიიღო წერილი, სადაც ეწერა, რომ შესარჩევმა კომისიამ არჩევანი სხვა კანდიდატზე შეაჩერა, რომელიც “უკეთ ეხმაურება ვაკანსიის განცხადებაში მოხსენებულ კრიტერიუმებს და მოთხოვნილ პროფილს”.

ღლონტის თქმით, მას აქვს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ კანდიდატის შერჩევის დროს კომისიის წევრებს შორის იყო “გარკვეული ვაჭრობა” დასანიშნი ხელმძღვანელის ვინაობასთან დაკავშირებით.

მისი განცხადებით, ქართული მხარე, რომელსაც განათლების სამინისტრო წარმოადგენდა, მის კანდიდატურასთან დაკავშირებით იყო “კატეგორიული” და “არავითარ შემთხვევაში არ უნდოდა” მისი არჩევა, რის გამოც შესარჩევმა კომისიამ საბოლოო არჩევანი “ნეიტრალურ კანდიდატზე” შეაჩერა:

“ევროკავშირის დელეგაციამ სამინისტროსთან კარგი სამუშაო ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით მეც არ გამიყვანა და გავიდა მესამე კანდიდატი, ვისაც არავინ ვიცნობთ, რომელიც ალბათ ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ მე არ ვიცნობ, რადგან მას განათლების და ერასმუსის სფეროში არ უმუშავია ჯერ არცერთი დღე. ერასმუსის მთელი გამოცდილება დამოკიდებულია კარგ სამუშაო კონტაქტებზე, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ.

ახალი კოორდინატორს, რომელიც არ იცნობს საქართველოს შიგნით მთავარ მოთამაშეებს და არ აქვს უკვე კარგად ჩამოყალიბებული და მომუშავე კონტაქტები ევროპელ პარტნიორებთან, დასჭირდება ერთი-ორი წელი მაინც იმისთვის, რომ ეს კონტაქტები აამუშაოს. როგორ შეცვლის ეს დადებითობისკენ არსებულ ვითარებას, მე არ მესმის”, – აცხადებს ღლონტი.

რატომ უკავშირებს ღლონტი მის შეცვლას პოლიტიკურ შეხედულებებს

პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, გასულ წელს ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე განათლების მინისტრის მოადგილემ არაოფიციალური საუბრისას უთხრა, რომ განათლების მინისტრს მისი ფეისბუკ-სტატუსები “შეუმჩნეველი არ დარჩა”:

“რატომ არ უნდოდა სამინისტროს ჩემი კანდიდატურის გაყვანა, ამაზე უკვე შარშან შემოდგომაზე იყო ჩემთვის ცნობილი, როდესაც მინისტრის მოადგილე [ნუნუ მიცკევიჩი] მელაპარაკა იმაზე, რომ ფეისბუკში ჩემი სტატუსები შეუმჩნეველი არ დარჩა მინისტრს, რადგან მე, ზოგადად, კრიტიკულად ვარ განწყობილი ამ მთავრობის მიმართ.

მე როგორც მითხრეს, იქ არის სპეციალური სამსახური, პრესსამსახურის უფროსი, ვინც აკეთებს “სქრინშოტებს” საჯარო გამოსვლების, ინტერვიუების, [FB] სტატუსების და ეს ყველაფერი იდება მინისტრის მაგიდაზე და ხდება ამის გარჩევა ან ამის შესაბამისად ლოიალური და ნაკლებად ლოიალური პირების იდენტიფიცირება”, – ამბობს ღლონტი.

მიუხედავად ამისა, შესარჩევი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ლიკა ღლონტმა არ გაასაჩივრა. მისი თქმით, არ სურს სათავო ოფისის წარმომადგენლების “უხერხულ მდგომარეობაში” ჩაყენება, რადგან ცნობები იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა შერჩევის პროცესში, მან არაოფიციალურად, პირადი კონტაქტების გამოყენებით შეაგროვა:

“მე შემეძლო ეს ყველაფერი გამესაჩივრებინა, მაგრამ ბრიუსელსაც ველაპარაკე და მივხვდი, რომ ახლა უხერხულ მდგომარეობაში უნდა ჩავაყენო სათავო ოფისიც და დელეგაციაც, რომლებიც ორთვენახევარი ჭიდაობდნენ სამინისტროსთან, მართლა იჭიდავეს, და ნამდვილად არ მიღირდა, თან ძალიან დიდი ხანია უკვე ვმუშაობ ამ სფეროში…

უბრალოდ, კითხვა შეიძლება დაისვას ასე – ცვლილება უნდა იყოს უკეთესობისკენ, ხომ? ერასმუსის ოფისი იყო ძალიან კარგად აწყობილი, რომელსაც ჰქონდა საუკეთესო შედეგები და ის, რომ საქართველოს ერასმუსში საუკეთესო შედეგები ჰქონდა, ეს აღიარებულია ყველას მიერ, მათ შორის იმავე სამინისტროს მიერ, რომელსაც თითი არ გაუნძრევია არც ერთხელ.

უამრავი მინისტრი შეიცვალა და ერთხელაც არაფერი გაუკეთებიათ ერასმუსისთვის”, – ამბობს ის.

რაც შეეხება, ერასმუს+-ის საქართველოს ოფისის წარმატებას, 2015-2020 წლებში ერასმუს+-ის საერთაშორისო საკრედიტო მობილობის მხრივ რეგიონში მეორე ადგილს იკავებდა. აღნიშნული მობილობა მოიცავს პროექტის ფარგლებში ქვეყნებიდან მიღებულ წინადადებების, არჩეული პროექტების, ევროპაში წასული სტუდენტებისა და პერსონალის, ასევე კონკრეტულ ქვეყანაში ჩასული სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობას.

საქართველოს, ამ მხრივ, 2015-2020 წლებში რეგიონში მხოლოდ უკრაინა უსწრებდა.

პროგრამის წარმატების შესახებ საუბრობდა “ქართული ოცნებაც”. 2020 წლის საარჩევნო პროგრამაში “ერასმუს+”-ის საქართველოს ოფისის შესახებ ეწერა:

“საქართველო Erasmus+ პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მონაწილე ქვეყანაა, პარტნიორი ქვეყნების პირველ ათეულშია სხვადასხვა ქვეპროგრამაში მიღებული დაფინანსებისა და გამოყოფილი სასტიპენდიო ადგილების მიხედვით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში”.

განათლების სამინისტროს პასუხი

განათლების სამინისტრო უარყოფს “ერასმუს+”-ის პროგრამის ეროვნულ კოორდინატორის და საკოორდინაციო ოფისის ცვლილებაზე საკუთარ პასუხისმგებლობას.

სამინისტრო განმარტავს, რომ პროგრამის ეროვნულ კოორდინატორსა და საკოორდინაციო ოფისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, ევროკავშირის დელეგაციასთან ჰქონდა გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულება.

უწყების განმარტებით, ხელშეკრულება ვადიანი იყო და მას ვადა გაუვიდა 2021 წლის 31 დეკემბერს.

“2014-2020 წლების Erasmus+ პროგრამის დასრულებასთან ერთად დასრულდა Erasmus+ ეროვნული კოორდინატორისა და საკოორდინაციო ოფისის ვადაც. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს სამინისტროსთან შეთანხმებით, ეროვნულ კოორდინატორსა და ოფისს ვადა გაუხანგრძლივდა.

ახალი, 2021-2027 წლების Erasmus+ პროგრამის დამტკიცებასთან ერთად, რომელიც 2021 წლის მაისის ბოლოს განხორციელდა, საჭირო გახდა ეროვნული კოორდინატორისა და საკოორდინაციო ოფისის ხელახლა შერჩევა”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებულ განცხადებაში.

უწყების განმარტებით, 2014-2020 წლებში “ერასმუს+”-ის ეროვნული კოორდინატორი და საკოორდინაციო ოფისის ფუნქცია-მოვალეობები მხოლოდ უმაღლესი განათლების კომპონენტით შემოიფარგლებოდა.

სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, “ერასმუს+”-ის პროგრამაში საქართველოს სტატუსის ამაღლებაზე დაიწყო მუშაობა, კერძოდ, ასოცირებულ ქვეყნად გახდომის თაობაზე, რის შემდეგაც საქართველოს წარმომადგენლებისთვის ყველა სხვა კომპონენტი გაიხსნებოდა.

“2022 წლის მაისიდან იგეგმება საქართველოს Erasmus+ პროგრამაში ასოცირებულ ქვეყნად ტრანზიციის მიზნით ე.წ. Feasibility Study-ის განხორციელება, რომლითაც მოხდება საქართველოს სისტემის ანალიზი Erasmus+ პროგრამის მოთხოვნებთან მიმართებაში და მიღებული შედეგებზე დაყრდნობით, დროში გაწერილი კონკრეტული გეგმის შემუშავება.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით და საკოორდინაციო ფუნქციათა არეალის გაფართოებით, Erasmus+ პროგრამის ამოქმედების შემდეგ, 2021 წლის ზაფხულში გადაწყდა ღია კონკურსის წესით ახალი ეროვნული კოორდინატორისა და საკოორდინაციო ოფისის შერჩევა, რომლის ფუნქცია იქნება არა მხოლოდ უმაღლესი განათლების კომპონენტი, არამედ ყველა სხვა დანარჩენი, მათ შორის საქართველოს Erasmus+ პროგრამის ასოცირებულ ქვეყნად მომზადების ხელშეწყობა და კოორდინაცია”, – განმარტავს სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, ევროკავშირმა აღნიშნული კონკურსი განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან დამოუკიდებლად გამოაცხადა 2021 წლის დეკემბერში, შერჩევის პროცესი კი 2022 წლის აპრილში დასრულდა და გამოვლინდა ახალი კოორდინატორი, რომელიც ახალ საკოორდინაციო ოფისთან ერთად ახალი, უფრო გაფართოებული ფუნქციებით შეუდგება მუშაობას უახლოეს მომავალში.

“ნეტგაზეთმა” სამინისტროს მიმართა ლიკა ღლონტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა სოციალურ ქსელებში მისი პოზიციების დაფიქსირების გამო უთხრა, რომ მინისტრს მისი საქციელი “შეუმჩნეველი არ დარჩა”.

სამინისტროში გვითხრეს, რომ მინისტრის მოადგილეს პირადად უნდა მივმართოთ ამ საკითხზე, თუმცა ტელეფონის ნომრის გაცემაზე უარი თქვეს. “ნეტგაზეთმა” ნუნუ მიცკევიჩს სოციალურ ქსელში მისწერა. მისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

დამატებითი დეტალების გასარკვევად “ნეტგაზეთმა” საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასაც მიმართა, თუმცა ამ დროისთვის მათგან პასუხი არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი