საზოგადოება

ალტ-ინფო: პრეზიდენტის ბრიფინგზე არ შეგვიშვეს

12 აპრილი, 2022 • 1198
ალტ-ინფო: პრეზიდენტის ბრიფინგზე არ შეგვიშვეს

პრორუსული ტელევიზიის, “ალტ-ინფოს” ჟურნალისტები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ დაუშვეს გუშინ, 11 აპრილს ჩანიშნულ ბრიფინგზე. ამის შესახებ ინფორმაციას თავად “ალტ-ინფო” ავრცელებს.

პრორუსული ტელევიზიის მიერ მომზადებულ გუშინდელ სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტი ადმინისტრაციაში შესვლას ცდილობს, თუმცა ბრიფინგზე დასწრების უფლებას არ აძლევენ.

“ყველა ჟურნალისტი შეუშვეს აბსოლუტურად, ჩვენ გარდა… როგორც კი ჩაინიშნა პრეზიდენტის ბრიფინგი, მაშინვე გადმოაგზავნა ჩვენმა პროდიუსერმა, მაგრამ შეუშვეს ყველა და უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მე კამერით არ მიშვებენ. სიაში არ ვარ, ასე ამბობენ, მაგრამ სამ პრესსამსახურის თანამშრომელს ელაპარაკა ჩემი პროდიუსერი და ახლა რომ ვეკითხები, გარბიან. ვის შეიძლება რომ მივმართო”, – ეუბნება ალტ-ინფოს ჟურნალისტი ადმინისტრაციის თანამშრომლებს.

“ნეტგაზეთი” აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაც ცდილობს, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.


„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა.აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა დანაშაულის ორგანიზატორები შსს-ს ამ დრომდე არ გამოუვლენია.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ არ დაუშვეს ბრიფინგზე „ალტ-ინფო“

მასალების გადაბეჭდვის წესი