საზოგადოება

დმიტრი მურატოვი: რისკიანი ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის

8 აპრილი, 2022 • 1845
დმიტრი მურატოვი: რისკიანი ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის

მას შემდეგ, რაც მატარებელში თავს დაესხნენ, “ნოვაია გაზეტას” მთავარი რედაქტორი და ნობელის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი რუსეთის ქალაქ სამარის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. გამოცემის თანახმად, მურატოვმა თვალებზე მიიღო დამწვრობა, თუმცა რქოვანა არ დაზიანებულა.

„მურატოვ, აი, შენ, ჩვენი ბიჭებისთვის“ — როგორც პუტინის კრიტიკოსი ჟურნალისტი ჰყვება, თავდამსხმელმა, რომელმაც მატარებელში მყოფს აცეტონიანი ზეთის საღებავი შეასხა, სწორედ ეს სიტყვები მიაძახა.

დმიტრი მურატოვის კარიერა რამდენიმე ათწლეულს ითვლის. დროთა განმავლობაში, მის მიერ დაფუძნებულმა “ნოვაია გაზეტამ” სახელი გაითქვა, როგორც უშიშარმა და გამბედავმა გამოცემამ, რომელმაც რისკებისა და მსხვერპლის ფასად შეინარჩუნა დამოუკიდებლობა რუსეთის შევიწროებულ, დიდი წნეხის ქვეშ მყოფ მედიასივრცეში.

პირველი ნაბიჯები

რუსეთის მედია მნიშვნელოვნად შეიცვალა 1980-იან წლებში, საბჭოთა კავშირის იმჟამინდელი ლიდერის, მიხეილ გორბაჩოვის ხელმძღვანელობით დაყწებული ე.წ. პერესტროიკის შემდეგ.

პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების რიგი სფეროების ლიბერალიზაციის ფონზე, პრესის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის, შესაძლებლობები გაიზარდა.

სწორედ იმ პერიოდში, 1987 წელს, დამწყები ჟურნალისტი დმიტრი მურატოვი მოსკოვში გადავიდა და ახალგაზრდული გაზეთის, “კომსომოლსკაია პრავდას” გუნდს შეუერთდა.

1993 წელს გაზეთის მომავალთან დაკავშირებით მომხდარი უთანხმოების შემდეგ, მურატოვმა გუნდის ნაწილთან ერთად დატოვა “კომსომოლსკაია პრავდა” და კოლეგებთან ერთად ახალი გამოცემის დასაფუძნებლად დაიწყო მუშაობა. ასე დაიბადა “ნოვაია გაზეტა”.

“ნოვაია გაზეტას” 1993 წლის 6 ოქტომბრის ნომერი. ფოტოები გადაღებულია მოსკოვში, ამავე პერიოდში რუსეთში მომხდარი კონსტიტუციური კრიზისის თანმდევი შეტაკებების შემდეგ. 

ცნობილია, რომ გორბაჩოვმა, რომელსაც 1990 წელს ნობელის პრემია გადასცეს მშვიდობის დარგში, მიღებული თანხის ნაწილი ახლად დაფუძნებულ გაზეთს შესწირა პირველი კომპიუტერების შესაძენად და ხელფასების გასაცემად.

1993 წლისთვის მურატოვი უკვე მთავარი რედაქტორია, “ნოვაია გაზეტა” კი ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდება “რუსული ლიბერალური კლასის მთავარ ხმად”.

დიდი ხნის შემდეგ, 2021 წელს, როცა რუსეთის დამოუკიდებელი პრესა სულ რამდენიმე მედიასაშუალების, მათ შორის, “ნოვაია გაზეტას” ამარა დარჩება, აწ უკვე ნობელის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი იტყვის, რომ აღნიშნული პრიზი ეკუთვნით მათ, “ვინც დაიღუპა სიტყვის თავისუფლების დაცვისას”.

ჟურნალისტიკა სიცოცხლის რისკის ფასად

გასულ ათწლეულებში “ნოვაია გაზეტას” გუნდმა მოამზადა არაერთი ჟურნალისტური გამოძიება კორუფციის ფაქტების, ადამიანის უფლებების დარღვევების, ჩეჩნეთის ომების დროს ჩადენილი დანაშაულებისა და სხვა საკითხების შესახებ.

გაზეთის გუნდს საქმიანობა დიდი წნეხის ფასად უწევდა. გასულ წლებში მოკლეს 6 ადამიანი, რომლებიც “ნოვაია გაზეტასთვის” მუშაობდნენ. მათ შორისაა ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც 2006 წლის 7 ოქტომბერს მოსკოვში მოკლული იპოვეს.

პოლიტკოვსკაია აქტიურად აშუქებდა ჩეჩნეთის ომს, იკვლევდა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს და არ ერიდებოდა პუტინის ხელისუფლების კრიტიკას. მის გარდა, სხვადასხვა დროს მოკლეს ჟურნალისტები და აქტივისტები, რომელთაც გაზეთთან ამა თუ იმ ფორმით ჰქონდათ შეხება. მათ შორის არიან იგორ დომნიკოვი, სტას მარკელოვი, ანასტასია ბაბუროვა და ნატაშა ესტემიროვა.

გამოცემის რედაქტორი იური შჩეკოჩიხინი 2003 წელს გარდაიცვალა დაავადებით, რომელიც, გავრცელებული ეჭვის მიხედვით, რადიოაქტიური მოწამვლის შედეგი იყო. შჩეკოჩიხინი იძიებდა რუსეთის უშიშროების სამსახურების შესაძლო მონაწილეობას 1999 წელს მოსკოვსა და სხვა ქალაქებში განხორციელებული აფეთქებების სერიაში.

“ეს გაზეთი საშიშია ადამიანების სიცოცხლისთვის”, — უთხრა დმიტრი მურატოვმა სააგენტო France 24-ს 2021 წელს და იქვე დაამატა:

“ჩვენ არსად მივდივართ. ჩვენ ვიცხოვრებთ და ვიმუშავებთ რუსეთში”.

“ნოვაია გაზეტას” ოფისის კედლებზე, გამოცემის მრავალ ნომერთან ერთად, კიდია გაზეთის იმ ჟურნალისტების პორტრეტებიც, რომელთაც თავიანთი საქმიანობა სიცოცხლის ფასად დაუჯდათ.

გასულ წლებში გაზეთის რედაქციაც ამოუღიათ მიზანში: 2018 წელს “ნოვაია გაზეტას” ოფისში ცხვრის თავი და სამგლოვიარო გვირგვინი გაგზავნეს წერილთან ერთად, რომლის ადრესატიც “ვაგნერის” კერძო მილიციაზე მომზადებული მასალის ავტორი იყო, 2021 წელს კი გაზეთმა განაცხადა, მის ოფისთან ქიმიური ნივთიერება დატოვეს.

ქალი ყვავილებს ტოვებს მოკლული ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას პორტრეტთან. მოსკოვი რუსეთი. 07.10.2009 ფოტო: AP/Pavel Golovin

ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების გაძლიერებასთან და ფუნდამენტური თავისუფლებების მკვეთრ შეზღუდვასთან ერთად, ბევრს გაუქრა იმედები, რომლებიც პერესტროიკის პერიოდში თუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა უკეთეს, თავისუფალ რუსეთზე.

მიუხედავად ყოველივე ამისა, ნობელის კომიტეტის სიტყვებით, დმიტრი მურატოვმა “უარი თქვა გაზეთის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მიტოვებაზე” და “მუდამ იცავდა ჟურნალისტების უფლებას – დაეწერათ იმის შესახებ, რაც მათ უნდოდათ ისე, როგორც ეს მათ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს შეესაბამებოდა”.

The Conversation UK-ის რედაქტორის, ჯო ადეტუნჯის სიტყვებით, წლების განმავლობაში მურატოვს გაუჩნდა ასობით მტერი, რომლებიც მოხარულნი იქნებიან მისი მოშორებით, თუმცა, მეორე მხრივ, “ნოვაია გაზეტას” რედაქტორმა შეიძინა “ათასობით მეგობარი რუსეთის საზოგადოების ყველა სექტორში, მათ შორის, წამყვანი პოლიტიკოსები, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები და სუპერმდიდარი ადამიანები”.

“ძალაუფლების განმახორციელებლებთან დამყარებული [ეს] ურთიერთობები [მურატოვს] რუსული პოლიტიკის მღვრიე წყლებში ნავიგაციაში ეხმარება, რეპუტაციის დიდი დანაკარგების გარეშე”, — წერს ადეტუნჯი.

ის იქვე დასძენს, რომ მურატოვის ეს კავშირები აღიზიანებს როგორც რუსული ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს, ისე დასავლელ დამკვირვებელთა ნაწილს, თუმცა, The Conversation UK-ის რედაქტორის სიტყვებით, “მურატოვი თავის გავლენასა და კავშირებს იყენებს არა საკუთარი თავის გასამდიდრებლად, არამედ რუსეთის შიგნით საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბოლო თავშესაფრის შესანარჩუნებლად”.

“ტრაგედიასთან ერთად, გვრცხვენია”

2022 წლის 24 თებერვალს “ნოვაია გაზეტას” რედაქციაში ჟურნალისტები ადრიანად შეიკრიბნენ. პროგნოზები, რომლებიც დასავლეთის პოლიტიკური წრეებიდან კვირების მანძილზე ისმოდა, რეალობად იქცა: რუსეთი უკრაინას თავს დაესხა.

დმიტრი მურატოვმა იმთავითვე მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება და თქვა, რომ “ნოვაია გაზეტას” მომდევნო ნომერი ორ ენაზე გამოიცემოდა: რუსულად და უკრაინულად.

“…უბედურება დაგვატყდა თავს. ჩვენმა ქვეყანამ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით დაიწყო ომი უკრაინასთან და არავინაა, ვისაც ომის შეჩერება შეუძლია. ამიტომაც, ტრაგედიასთან ერთად, გვრცხვენია.

მთავარსარდალი ძვირადღირებული ავტომობილის გასაღებივით ატრიალებს ბირთვულ ღილაკს. ანუ შემდეგ ნაბიჯი ბირთვული დეტონატორია? სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას პუტინის სიტყვები შურისძიების იარაღზე?!

მაგრამ “ნოვაია გაზეტას” ეს ნომერი ორ ენაზე გამოვა იმიტომ, რომ უკრაინას ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ მტრად და უკრაინულ ენას მტრულ ენად”, — დასძინა იმ დღეს მურატოვმა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნობელის პრემიის ოქროს მედალს, რომელიც შარშან მიიღო, მურატოვი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად აუქციონზე ყიდდა.

“რუსეთი ბომბავს უკრაინას” — “ნოვაია გაზეტას” გარეკანი. 25.02.22

“ნოვაია გაზეტა” ცდილობდა, თავი გადაერჩინა უმძიმეს რეალობაში, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ რუსეთში დადგა: მიიღეს კანონი, რომელიც “რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის” რუსეთის მოქალაქეებს 15 წლამდე პატიმრობით ემუქრება.

გაძლიერებული წნეხის ფონზე მუშაობა შეაჩერა არაერთმა წამყვანმა ოპოზიციურმა მედიასაშუალებამ, მრავალმა ჟურნალისტმა კი, რომელიც წლების მანძილზე დაუფარავად აკრიტიკებდა კრემლს, იძულებული გახდა, დაეტოვებინა რუსეთი.

“ნოვაია გაზეტამ” ომის დაწყებიდან 1 თვეზე ოდნავ მეტხანს შეძლო მუშაობის გაგრძელება. 28 მარტს რედაქტორებმა განაცხადეს, რომ უკვე მეორე გაფრთხილება მიიღეს რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოსგან, რაც გაზეთის ლიცენზიის გაუქმების საფრთხეს აჩენდა.

ამ ფონზე, გამოცემამ დროებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიის დასრულებამდე შეაჩერა მუშაობა.

“არ მრცხვენია ჩვენი საქმის”

უცნობია, როდის და რა ფორმით დაბრუნდება “ნოვაია გაზეტა”. გამოცემის ჟურნალისტების იმ ნაწილმა, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან, დააფუძნა ახალი პლატფორმა “Novaya Gazeta. Europe”, რომელიც რამდენიმე ენაზე იმუშავებს.

7 მარტს, სანამ გაზეთი მუშაობას შეაჩერებდა, დმიტრი მურატოვმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ კატერინა გარდეევას, რა დროსაც ვრცლად ისაუბრა რუსეთში ომის შემდგომ შექმნილ ვითარებაზე, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკასა და მის სენტიმენტებზე “დიდ სამამულო ომთან” მიმართებით.

მისი თქმით, 24 თებერვლამდეც ნათელი იყო, რომ პუტინი ომზე წავიდოდა.

“თავის ლექსიკონში ის გამუდმებით იყენებდა ტერმინებს “ნაცისტები”, “ფაშისტები”, “დიდი სამამულო ომი”, “ჩვენი წინაპრების საგმირო საქმეები”… ნათელი იყო, რომ პუტინისთვის დიდი სამამულო ომი ჯერ არ დასრულებულა.

ჰიპოთეზა მაქვს, რომ ვლადიმერ პუტინს სურს, თავისი, საკუთარი გამარჯვება ჰქონდეს მეორე მსოფლიო ომში. ეს გამარჯვება მოიცავს იმ შედეგების დაცვას, რომელთაც თავად მიიჩნევს ლეგიტიმურად. ამ ომშია ახლა. ის მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა…” ,— აღნიშნავს ის.

დმიტრი მურატოვი

გარდეევას კითხვას — “გრცხვენიათ, რომ არ გამოგვივიდა?” — მურატოვმა ასე უპასუხა:

“…ნამდვილად არ მრცხვენია იმ საქმისა, რომელსაც 30 წელია ვაკეთებ. ვგრძნობ ტკივილს იმათ გამო, ვინც დავკარგეთ. ანა, იურა, იგორი, სტასი, ნასტია, ნატაშა… იმის გამო, რომ ამ ომმა დაასუსტა და მოკლა ნუგზარ მიქელაძე[“ნოვაია გაზეტას” ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც 2015 წელს სიმსივნით გარდაიცვალა]… ესაა ის, რის გამოც მრცხვენია და თავს ვიდანაშაულებ. მე ნამდვილად არ მრცხვენია ჩვენი საქმის გამო”.

მურატოვის სიტყვებით, “მთელმა ამ სიტუაციამ კარგად გამოაჩინა კეთილი და ბოროტი”.

“ვინ დაუჭირა რუსეთს მხარი გაეროს გენერალურ ასამბლეაში? ორმა-სამმა დიქტატურამ. სახელმწიფოთა უმრავლესობამ, სადაც ცხოვრება ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩრდილოეთ კორეაში, ჩვენ წინააღმდეგ მისცა ხმა.

ესეც დიდი ინდიკატორია. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ ზავზე შეთანხმებას. მხოლოდ ეს მინდა. ჩემი სურვილი პატარაა, თუმცა, რთულად აღსასრულებელი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი