ახალი ამბები

კრემლისადმი კრიტიკული გაზეთის რედაქტორს, დმიტრი მურატოვს თავს დაესხნენ

7 აპრილი, 2022 • 3287
კრემლისადმი კრიტიკული გაზეთის რედაქტორს, დმიტრი მურატოვს თავს დაესხნენ

რუსული დამოუკიდებელი, კრემლისადმი კრიტიკული გაზეთის, “ნოვაია გაზეტას” ინფორმაციით, გამოცემის რედაქტორს, ნობელის პრემიის ლაურეატ დმიტრი მურატოვს მატარებელში უცნობი პირი თავს დაესხა.

7 აპრილს გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, მურატოვი ამბობს:

“[მატარებლის] კუპეში აცეტონიანი ზეთის საღებავი შემომასხეს. საშინლად მეწვის თვალები. მოსკოვი-სამარის მატარებელი. მთელ ვაგონში ზეთის სუნია. გამგზავრება უკვე 30 წუთით გადაიდო. შევეცდები, მოვიბანო. მან იყვირა: „მურატოვ, აი, შენ, ჩვენი ბიჭებისთვის“.

“ნოვაია გაზეტამ” ცოტა ხნის წინ შეაჩერა მუშაობა რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოსგან მეორე გაფრთხილების შემდეგ. გამოცემამ აღნიშნა, რომ დროებით წყვეტენ საქმიანობას უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიის დასრულებამდე.

მანამდე, 1993 წელს დაფუძნებული “ნოვაია გაზეტა” ერთ-ერთი ბოლო დამოუკიდებელი გამოცემა იყო რუსეთში, რომელიც, რთული პირობების მიუხედავად, მუშაობის გაგრძელებას ახერხებდა.

დმიტრი მურატოვმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღესვე მწვავედ გააკრიტიკა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება.

“…უბედურება დაგვატყდა თავს. ჩვენმა ქვეყანამ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით დაიწყო ომი უკრაინასთან და არავინაა, ვისაც ომის შეჩერება შეუძლია. ამიტომაც, ტრაგედიასთან ერთად, გვრცხვენია.

მთავარსარდალი ძვირადღირებული ავტომობილის გასაღებივით ატრიალებს ბირთვულ ღილაკს. ანუ შემდეგი ნაბიჯი ბირთვული დეტონატორია? სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას პუტინის სიტყვები შურისძიების იარაღზე?!” — ამბობდა ის.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნობელის პრემიის ოქროს მედალს, რომელიც შარშან მიიღო, მურატოვი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად აუქციონზე ყიდდა.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებამ უფრო მეტად გააძლიერა დევნა როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ.

მარტში მიიღეს კანონი, რომელიც “რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის”  რუსეთის მოქალაქეებს 15 წლამდე პატიმრობით ემუქრება.

ომის დაწყების შემდეგ არაერთმა კრიტიკულმა მედიასაშუალებამ — მათ შორის, “დოჟდმა” და “ეხო მასკვიმ” — მუშაობა შეაჩერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი