საზოგადოება

რას წარმოადგენს Bushmaster, რომელსაც ავსტრალია უკრაინას უგზავნის

1 აპრილი, 2022 • 18249
რას წარმოადგენს Bushmaster, რომელსაც ავსტრალია უკრაინას უგზავნის

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის საპასუხოდ, ადგილობრივი წარმოების საბრძოლო მანქანებს, „Bushmaster“-ებს გაუგზავნის.

„ჩვენ არა მხოლოდ ვლოცულობთ, არამედ ვაგზავნით იარაღსაც, ამუნიციასაც, ჰუმანიტარულ დახმარებასა და ჯავშანჟილეტებსაც.

ჩვენ ვაპირებთ გავაგზავნოთ ჩვენი ჯავშან-მანქანები, მათ შორის Bushmaster-ები, რომელთაც გავაგზავნით ჩვენივე C-17-ებით (თვითმფრინავებით)“, – განაცხადა მორისონმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ზუსტად როდის და რამდენ ერთეულ საბრძოლო მანქანას გააგზავნის.

რას წარმოადგენს Bushmaster

ავსტრალიის არმიის ვებ-გვერდის თანახმად, 4-ბორბლიანი ჯავშან-მანქანა ავსტრალიაშია აგებული და შეუძლია სწრაფად გადაიყვანოს ეკიპაჟის 10-მდე წევრი დავალების შესასრულებლად.

ის გამოიყენება ნებისმიერ გარემო-პირობებში და აფეთქებისადმი მედეგია.

მანქანის კაბინა იმგვარადაა მოწყობილი, რომ მისი გამოყენება სხვადასხვა მიზნებისთვისაა შესაძლებელი, მათ შორის – სადესანტო, საევაკუაციო, სამედიცინო, თავდასხმითი თუ თავდაცვითი ოპერაციების განსახორციელებლად.

Bushmaster-ის საბრძოლო მანქანა

ამჟამად ავსტრალიურ მხარეს Bushmaster-ის 7 მოდიფიკაცია აქვს შექმნილი, თუმცა ახალი მოდელების შექმნაზე მუშაობა გრძელდება.

მანქანას სამ დღემდე შეუძლიადამოუკიდებლად, მომარაგების გარეშე მოქმედება.

ძირითადი მახასიათებლები:

  • წონა – 12.5 ტონა
  • სიგრძე – 7.18 მეტრი
  • სიგანე – 2.48 მეტრი
  • სიმაღლე – 2.65 მეტი
  • ეკიპაჟის წევრთა რაოდენობა: 1-დან 9-მდე, თუმცა, ეკიპაჟის წევრთა მაქსიმალური რაოდენობის მიუხედავად, კაბინაში კვლავ რჩება სივრცე.
  • ძრავა: Caterpillar 3126E (დიზელი)
  • საოპერაციო დიაპაზონი – 800 კილომეტრი
  • მაქსიმალური სიჩქარე – 100 კილომეტრი საათში
  • 5.56 და 7.62- მილიმეტრიანი იარაღისთვის განკუთვნილი ჭრილები

ჯავშან-მანქანაზე შესაძლებელია 12.7-დან 40 მილიმეტრამდე კალიბრის იარაღისა და სხვადასხვა მოქმედების საცეცხლე სისტემის დამონტაჟება. 

ჯავშანი

Bushmaster იყენებს ჯავშანტექნიკის V- ფორმის კორპუსს, რათა თავი დაიცვას ნაღმებისა და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან. კორპუსის ფსკერი დახრილია იმგვარად, რომ მანქანაზე აფეთქების ზემოქმედება მინიმალური იყოს და აფეთქების ტალღა გაიფანტოს.

მანქანის ჯავშანი შექმნილია იმგვარად, რომ მისი ეკიპაჟი დაცული იყოს ნებისმიერი მცირეკალიბრიანი იარაღის თავდასხმისგან.

Bushmaster-ის მედივაკი 

 

ჯავშან-მანქანის ფანჯრებსაც გააჩნია მსგავსი ბალისტკური დაცვა.

Bushmaster-ის საწვავისა და ჰიდრავლიკის ავზები დამონტაჟებულია ეკიპაჟის სამყოფელი სივრცის მიღმა, რათა, შესაძლო ხანძრის ან თავდასხმის შემთხვევაში, ეკიპაჟი დაცული იყოს.

მანქანას ასევე აქვს დაცული საწვავის ავზი, რომელიც განსაკუთრებულ სიტუაციებში გამოიყენება.

ჯავშან-მანქანა შედის ისეთი ქვეყნების შეიარაღებაში, როგორებიცაა ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ფიჯი, ნიდერლანდები, ინდონეზია და იამაიკა.


უკრაინაში ომი 37-ე დღეა გრძელდება.

ამ დროის განმავლობაში, რუსეთმა ვერ მიაღწია ომის დაწყებისას დასახულ მიზანს, შეეცვალა უკრაინაში ხელისუფლება და ქვეყნის საგარეო კურსი.

უკრაინული მხარის თანახმად, რუსეთს მძიმე დანაკარგები აქვს და უკრაინული არმია რიგ მიმართულებაზე კონტრშეტევაზეც გადავიდა.

მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებებიც, თუმცა, დასავლეთის ქვეყნების ნაწილის განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკებებს საკუთარი არმიის გადაწყობისთვის იყენებს და რეალურად არ სურს კონფლიქტის დიპლომატიური გზით დასრულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი