საზოგადოება

რას ყვებიან რუსი სამხედრო ტყვეები

29 მარტი, 2022 • 2853
რას ყვებიან რუსი სამხედრო ტყვეები

უკრაინაში ომის პარალელურად, 26 თებერვალს ტელეგრამზე შეიქმნა არხი „иши своих“ [მოძებნე შენიანი], რომელსაც ამ ეტაპზე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ამ არხზე ჟურნალისტი ვოლოდიმირ ზოლკინი ტყვედ აყვანილ რუს სამხედროებთან ჩაწერილ ინტერვიუებს ათავსებს. ასევე გაკეთებულია ბაზა გარდაცვლილი სამხედროების ამოსაცნობად, ფოტოებით და დოკუმენტაციით.

ომის პირველ დღეებში ჩაწერილ ინტერვიუებში ჩანს, რომ ტყვეების უმეტესობა წვევამდელია. ისინი ჰყვებიან, რომ მათ არანაირი ინფორმაცია არ ქონიათ, თუ სად მიჰყავდათ. უთხრეს, რომ ეს იყო ე.წ. სამხედრო სწავლება. ომში წვევავმდელების მონაწილეობას ამტკიცებს ტელეგრამ არხში განთავსებული გარდაცვლილი სამხედროების დოკუმენტაციის ფოტოები, სადაც მათი დაბადების წელია მითითებული.

შედარებით ახლად გამოქვეყნებულ ვიდეოებში უკვე ჩანს, რომ ტყვეების ძირითადი ნაწილი კონტრაქტორებითაა დაკომპლექტებული. თუმცა მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე თვეა, რაც ჯარში მსახურობენ და არცთუ ისე დიდი გამოცდილება აქვთ.

მაგალითად, ორი რუსი სამხედრო ტყვე, რომელთა ვიდეოც 27 მარტს გამოქვეყნდა, ჰყვება, რომ სროლის სწავლებაზე სულ ერთი-ორჯერ არის ნამყოფი.

ამჟამად უკრაინელებს გამოქვეყნებული აქვთ რუსი ტყვეების საუბრის ათეულობით ვიდეო. სამხედრო ტყვეების მონაყოლი ერთმანეთს ემთხვევა არაერთ ნაწილში, მაგალითად, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ:

  • რუსეთის არმიას სერიოზული ლოჯისტიკური პრობლემები აქვს, რისი ერთ-ერთი მიზეზიცაა მათი ტყვედ ჩავარდნა;
  • კოლონას ჩამორჩენილ რუს სამხედროებს თავისიანები გზაზე ტოვებდნენ;
  • საკვებისა და სასმელი წყლის არასაკმარისი რაოდენობა;
  • კავშირის სისტემის მოშლა.

როგორ მოხვდნენ უკრაინაში?

ტყვეების უმეტესობა, ამბობს რომ ომში მოტყუებით წაიყვანეს, უთხრეს, სწავლებაზე მივდივართო, ხოლო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ მარშით გავლა მოუწევდათ ქალაქებში, რადგან მათ უკრაინაში სიხარულით ელოდნენ და ბრძოლა არც მოუწევდათ.

 „თავდაპირველად გვითხრეს, რომ სწავლებაა, შემდგომ კი ინფორმაციის გარეშე დაგვტოვეს“,- ჰყვება ..(დაბადების თარიღი 10.09.96).

„27 თებერვალს მივიღეთ ბრძანება, რომ განვლაგდეთ უკრაინის საზღვარზე და გავამაგროთ ის, შემდეგ გადმოგვიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე… როდესაც დაბრუნება გადავწყვიტეთ, გვითხრეს, რომ უკან გზა არ არის და შესაძლოა ჩვენებმა დაგვხვრიტონ  “-, .ს. წვევამდელი. (11.11.2001)

„გამოსვლამდე 2 საათით ადრე გვითხრეს, რომ უკრაინაში მივდივართ“,- ა.. (09.06.1997)

„24 თებერვალს, დილით გადმოვკვეთეთ საზღვარი, რის შემდეგაც მეთაურს ვკითხეთ; როგორ მოხდა ეს? და გვინდოდა უკან დაბრუნება. მან კი გვიპასუხა, რომ თუკი უკან გავბრუნდებოდით, რუსი მესაზღვრეები მოგვკლავდნენ. გვითხრა, რომ უბრალოდ გაგვეგრძელებინა კოლონაში სვლა… კავშირი არ გვქონდა, რაციები არ გვქონდა..“,- ..

რუსი სამხედროები ჰყვებიან, რომ მათ მხოლოდ 3-5 დღის სამყოფი მშრალი საკვები ქონდათ, რადგან უკრაინის ტერიტორიაზე გაჩერებას სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში აპირებდნენ. ტყვეების უმეტესობა ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრამდე ჩამოართვეს ტელეფონები,  ზოგიერთს კი – საბუთებიც. ისინი ამბობენ, რომ ინფორმაციას არ ფლობდნენ მისიის შესახებ და დასმულ კითხვებზე პასუხსაც არავინ სცემდა მეთაურებიდან.

ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ევალებოდა კოლონაში სვლა, ზოგის თქმით, დაზვერვა იყო თავდაპირველი ამოცანა, ნაწილი ჰყვება, რომ საზღვრის გამაგრება იყო მისი მისია, სხვებისთვის კი- დაპყრობილ ქალაქებში წესრიგის დამყარება/შენარჩუნება.

როგორ მოხდა მათი ტყვედ აყვანა?

რუსი სამხედროები ტყვედ ჩავარდნის ძირითად მიზეზად ასახელებენ ლოჯისტიკურ პრობლემებს: ჩამორჩნენ კოლონას, გაუთავდათ საწვავი, გაუფუჭდათ მანქანა და ა.შ. ისინი აღნიშნავენ, რომ მაშინ, როცა კოლონას ჩამორჩნენ, მათი დახმარება თანამებრძოლთაგან არავინ სცადა და დანარჩენი სამხედრო ტექნიკა ჩვეულებრივ აგრძელებდა გზას, ხოლო ისინი ბედის ანაბარა რჩებოდნენ. ამის შემდეგ, როგორც ამბობენ, ინაცვლებდნენ უკრაინის ტყეებში და იქ ცდილობდნენ დამალვას. თუმცა საჭმლისა და წყლის არქონის გამო უწევდათ გამოსვლა და სოფლებში შესვლა, რა დროსაც ადგილობრივები მათ ატყვევებდნენ. ტყვეების უმეტესობა ამბობს, რომ თვითონ ბარდებოდა ადგილობრივებს.

„26 თებერვალს ვიმყოფებოდით ტყეში. ტუალეტში წასულმა წვევამდელმა შემთხვევით ფეხი დაადგა ჩვენს მიერვე წინასწარ დამონტაჟებულ სიგნალიზაციას [სასტვენს], რის შემდეგაც ჩვენმა ტანკისტებმა გაგვიხსნეს ცეცხლი… დაჭრეს ჩემი მეთაური, უფროსი ლეიტენანტი მოკლეს და კიდევ ორი დაჭრეს. ამის შემდეგ გავემზადეთ უკან დასაბრუნებლად, თუმცა გზად აგვიფეთქეს კოლონაში წინ მყოფი BMP-ები [სამხედრო ტექნიკა], რის შემდეგაც ჩვენ დავტოვეთ მანქანა და ტყეში გავიქეცით, სადაც დავიკარგეთ.. შემდეგ მდელოზე გამოვედით, სადაც დავინახეთ სოფელი და სახლები, შევნიშნეთ სკამზე მჯდომი ადამიანი, მივედით მასთან და ვუთხარით, რომ ტყვედ გვინდა ჩავბარდეთ“, – ამბობს ი.მ.

„26 თებერვალს ჩვენი მანქანა გაფუჭდა, კოლონამ გზა უჩვენოდ განაგრძო“, – . ს.

„თავდაპირველად გვითხრეს, რომ საზღვარზე დემონსტრაციულად გადავსულიყავით, პირველი ორი დღე არავის ვესროდით, მერე კი ბრძანება მივიღეთ, რომ გვევლო და გვესროლა… რასაც ვასრულებდით. ვკლავდით სამხედროებს“,- რუსეთის არმიის მაიორი ..

„მივყვებოდით კოლონას, რა დროსაც მოვყევით სროლებში, მე თვალთან მომხვდა ტყვია.. უკრაინელმა ექიმებმა მიმკურნალეს.  ჩვენებმა დაგვტოვეს ბედის ანაბარად.. არც კი ვიცი, რა ბედი ეწიათ სხვებს… როგორც კი სროლა დაიწყო, ვინც წინ იყო [კოლონაში], გზა გააგრძელა, ვინც ბოლოში იყო, გაბრუნდა უკან, ჩვენ კი დავრჩით…”, – ე.ო.

“ბელარუსში ვიყავით სწავლებაზე, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სწავლებას სამხედროებთან ერთად გავდიოდით…

…წარმოდგენა არ მაქვს, აქ რას ვაკეთებთ. ღამე წამოგვიყვანეს და დილით აღმოვაჩინე, რომ უკრაინაში ვარ და ეგრევე მოვყევი ჩასაფრებაში… ჩვენს კოლონაში დაახლოებით 170 ომონელი იყო, წარმოდგენა არ მაქვს, ვინ გადარჩა…’, – პოლიციის კაპიტანი “ომონიდან”.

უმეტესობა ამბობს, რომ სამოქალაქო სამოსში ჩაცმულმა ადამიანებმა ან ადგილობრივებმა აიყვანეს ტყვედ. მაგალითად, ერთ-ერთი რუსი სამხედრო ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც მანქანა გაუფუჭდათ და საკვების გარეშე დარჩნენ, გადაწყვიტეს უკრაინულ სოფელში შესვლა, სადაც შეიარაღებული ადგილობრივი ფერმერები დახვდნენ და შესთავაზეს ტყვედ ჩაბარება, რასაც ისინი არ დათანხმდნენ. რუსი ჯარისკაცის თქმით, ადგილობრივებმა მხოლოდ წყალი დაალევინეს, რის შემდეგაც სოფელი დატოვეს. გზა კვლავ ტყეში გააგრძელეს, რა დროსაც აღმოაჩინეს, რომ მათ უთვალთვალებდნენ და დასვენების დროს უკვე 50 უკრაინელი შეიარაღებული მოხალისე (ტერიტორიული თავდაცვის რაზმი) დაადგა თავზე. ამის შემდეგ ისინი ტყვედ ჩაბარდნენ

პირობები, მაროდიორობა…

ინტერვიუს ჩაწერის წინ ჟურნალისტი ტყვეებს კითხვებს უსვამს საკვებთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ სამჯერადი კვება აქვთ და კარგად ექცევიან. რუს სამხედროებს აქვთ საშუალება დარეკონ ოჯახის წევრებთან, ასევე, მიიღონ სამედიცინო დახმარება. ვიდეოებში დაფიქსირებულია რუსი სამხედროები თაბაშირებში, ჯარისკაცი ამპუტირებული ფეხით და ა.შ. რამდენიმე ჰყვება, რომ ოპერაციაც კი დასჭირდა და უკრაინელი ექიმები დაეხმარნენ.

რუსი სამხედროები ინტერვიუებში საუბრობენ მაროდიორობის ფაქტებზეც. მათი თქმით, იმის გამო, რომ სამხედრო საკვები მხოლოდ 3-5 დღეზე იყო გათვლილი, ბოლო დღეებში საჭმლისა და წყლის გარეშე დარჩნენ, რამაც აიძულა მაღაზიებში შესვლა და ქურდობა. ერთ-ერთი ტყვე იხსენებს, რომ მისი დანაყოფის ტანკისტები ალკოჰოლურ სასმელსაც იპარავდნენ და ძირითადად არაფხიზელ მდგომარეობაში უწევდათ საკუთარი პოზიციების დაცვა.

ტყვეები ასევე საუბრობენ ომში ფეხების გაყინვის პრობლემაზე. ინფორმაცია, რომ რუსი ჯარისკაცები არასათანადო აღჭურვილობის გამო ფრონტზე იყინებოდნენ, მანამდე აშშ-ის დაზვერვამაც გაავრცელა. ერთ-ერთი ტყვე იხსენებს, რომ მივიდა რუსული არმიის სამხედრო ექიმთან და კითხა, შეძლებდა თუ არა შველას, რადგან ტერფები ჰქონდა მოყინული, რაზეც ექიმმა უპასუხა, რომ მხოლოდ ბინტი გააჩნდა.

რუსი სამხედრო ტყვეები დიდ დაბრკოლებად, როგორც ტექნიკით, ასევე ფეხით, ჭაობიან ადგილებში გადაადგილებას ასახელებენ. მათი მტკიცებით, ძალიან ბევრი ტექნიკა სწორედ ჭაობში გაჭედვის გამო დატოვეს გზად.

მასალების გადაბეჭდვის წესი